ეროსი მანჯგალაძე „კაცი, რომელსაც სიცოცხლე ძლიერ უყვარდა“
- ყურადღება, ყურადღება! ლაპარაკობს მოსკოვი! ამხანაგო რადიომსმენელებო, ვიწყებთ პირველ საფეხბურთო რადიორეპორტაჟს ქართულ ენაზე მოსკოვიდან. ბედნიერება მე მხვდა წილად საპატიო და საამაყო მოვალეობის შესრულებისა – სიხარულით ამცნობს თანამემამულეებს ახალგაზრდა ეროსი მანჯგალაძე საბჭოეთის დედაქალაქიდან.
თეატრალური ინსტიტუტის რექტორი, აკაკი ხორავა კი, თბილისში, რადიომიმღებთან ბობოქრობს – თან თბილისის დინამოს ქომაგობს, თან კი მოსკოვში მის დაუკითხავად გაპარულ სტუდენტზე ბრაზობს:
- ჩამობრძანდები შენ აქ და გაიგებ რა ბედნიერებაც გხვდა წილად, ვაჟბატონო! – ეროსის ტონალობაშივე შესძახა ხორავამ.
რას წარმოიდგენდა თამარ ბენდუქიძე, რომ მისი ერიკო `ქართველი ლევიტანი~ გახდებოდა და მთელს ქვეყანაზე მოიხვეჭდა სახელს თავისი განუმეორებელი ხმის წყალობით. ალბათ დედის ინტუიციამ უკარნახა, როდესაც შვილს რადიოკომიტეტში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება ურჩია, თუმცა მანამდე ეროსის კიდევ დიდი გზა უნდა გაევლო...
`უსათუოდ მსახიობი უნდა გავხდე!~ - ფიქრობდა სკოლის სცენაზე მდგარი მეათეკლასელი ეროსი, გრძნობდა კარგად გამოსდიოდა ეს საქმე, მაგრამ იმასაც მშვენივრად ხვდებოდა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს დამოუკიდებლად მაინც ვერ გადაწყვეტდა, ჯერ მშობლებისთვის უნდა ეკითხა რჩევა. არადა, ვიდრე სასკოლო წარმოდგენაში მთავარ როლს მიიღებდა, არც კი დაფიქრებულა ამაზე, ბავშვობაში სრულიად სხვა სფერო იზიდავდა - ჯერ მათემატიკოსობა უნდოდა, შემდეგ კი სამხედრო კარიერაზე დაიწყო ფიქრი. თუმცა მომავალ პროფესიაზე უფრო მეტად, ოფიცრის ფორმა ხიბლავდა, იმ დროს სამხედროები განმასხვავებელ ნიშნებს საყელურებზე ატარებდნენ და ოფიცრებს სხვადასხვა ზომისა და ფერის რომბები ჰქონდათ მიკერებული. ეროსის სწორედ ეს რომბები მოსწონდა და თავადაც სურდა ასეთი ფორმა ჰქონოდა... როდესაც აკაკი მანჯგალაძემ ვაჟი სკოლის სცენაზე იხილა, სასიამოვნოდ გაოცებული და ნასიამოვნები დარჩა, თურმე რა ნიჭიერი ყოფილა მისი მორიდებულ ბიჭი, მთელმა სკოლამ დიდი ოვაციით დააჯილდოვა, სპექტაკლის რეჟისორიც საგანგებოდ მივიდა მასთან და ურჩია – ნიჭიერი ბიჭი გყავთ და მსახიობობას ნუ დაუშლითო.
წარმატებული პრემიერის შემდეგ სახლისკენ მიმავალი ძმები გაცხარებით კამათობდნენ თავიანთ სამომავლო პროფესიებზე. რეზო ეხუმრებოდა კიდეც უმცროს ძმას – იცოდე, შენს სპექტაკლებზე ჩვენი დაპატიჟება და ბილეთების გამოგზავნა არ დაგავიწყდესო... შინ მისულებმა კი დედას დაწვრილებით უამბეს იმდღევანდელი ამბები - თამარი თავად ვერ წავიდოდა შვილის სანახავად, უბედური შემთხვევის გამო, ახალგაზრდა ქალი უკვე რამდენიმე წელი ლოგინს იყო მიჯაჭვული, ამიტომ შვილები დედას განსაკუთრებული ყურადღებით და სითბოთი ეპყრობოდნენ. წლების შემდეგაც კი, უკვე ზრდასრული ეროსი, დღეში ათასჯერ დაურეკავდა დედას, ატყობინებდა სად იყო, უყვებოდა ყველა წვრილმანს. და-ძმასაც სულ ახსენებდა – დედამ თუ იცის სად ხართ, დაურეკეთ და შეატყობინეთო... ხერხემლის ტრამვის გამო, თამარი ხშირად დაჰყავდათ წყალტუბოში სამკურნალოდ, ამიტომ ბიჭებიც ადრეული ასაკიდანვე შეეჩვივნენ დამოუკიდებლობას და ერთმანეთზე ზრუნვას. დედის არყოფნა განსაკუთრებით ძნელი ნაბოლარა ბელასთვის იყო, ატირებული მიირბენდა ეროსისთან და ისიც ამშვიდებდა, ართობდა, როგორც შეეძლო, ძილის წინ ზღაპრებს უყვებოდა და ყვავილებისთვის ლამაზ ქოთნებსაც პირდებოდა... ეროსიმ ჩაძინებულ დას ფრთხილად გადააფარა საბანი და დედის მონატრებას თავადაც რომ როგორმე გამკლავებოდა, შეეცადა ის დრო გაეხსენებინა, როდესაც ერთად და ბედნიერად ცხოვრობდნენ ღანირში, სამტრედიის რაიონის ერთ ულამაზეს სოფელში. მოაგონდა საყვარელი ძროხაც, შინაური ცხოველისთვის ფრიად შეუფერებელი სახელი – ტანგო რომ ერქვა. გაახსენდა სოფლის პატარა სკოლაც, სადაც რეზოსთან ერთად დაწყებით კლასებში დადიოდა, პირველი როლიც იქ ითამაშა – 6 წლისას თურმე კურდღლის როლი მიანდეს. თვითონ კი აღარ ახსოვდა, მაგრამ დედა უამბობდა, თეთრი ტანსაცმელი გეცვა და თავზეც თეთრი ყურები გეკეთა, სასაცილოდ დახტოდი სკოლის სცენაზეო...
მალე მანჯგალაძეების ოჯახს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს – რეზო წითელი არმიის რიგებში გაიწვიეს და სამამულო ომიც დაიწყო. მისგან მხოლოდ ერთი ბარათი მიიღეს, სწორედ იმ დღეს, ომი რომ ოფიციალურად გამოცხადდა. მოკლე ხანში, თავზარდამცემი ამბავი შეიტყვეს – რეზო მანჯგალაძე უგზო-უკვლოდ დაიკარგა... მის შესახებ სხვა ვერაფერი გაიგეს, ვერც მაშინ და ვერც მრავალი წლის შემდეგ. ეროსის არასოდეს უთქვამს ძმაზე – დაიღუპაო, ამის თქმის უფლებას არც სხვას აძლევდა, იმედს ბოლომდე არ კარგავდა... რამდენიმე ხანში, პოლიტიკური მუხლით, აკაკი მანჯგალაძეც დააპატიმრეს... ლოგინს მიჯაჭვული დედის და მცირეწლოვანი დის ერთადერთი ნუგეში ეროსიღა იყო, რომელიც ცდილობდა იმედი ბოლომდე არ გადაეწურა, სჯეროდა, რომ ძმაც დაბრუნდებოდა და უკანონოდ დაჭერილ მამასაც გაათავისუფლებდნენ... ამ გაუთავებელ მოლოდინში დღეები დღეებს მისდევდა, წლები - წლებს...
რადიოკომიტეტის კონკურსში რამდენიმე ათეული ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. სხვადასხვა ტემბრისა და ჟღერადობის ხმას კომისიის წევრები რეპროდუქტორიდან ისმენდნენ, კონკურსანტის სახეს კი ვერ ხედავდნენ. ახალი დიქტორის პოვნის იმედი საბოლოოდ რომ გადაიწურეს, უცებ საოცრად სასიამოვნო, დაბალი და გაუბედავი ხმა მოესმათ, რომელმაც ჯერ საინფორმაციო ტექსტი მშრალად და უხალისოდ ჩაიკითხა, შემდეგ კი `ვეფხისა და მოყმის~ ბალადა სიამოვნებით დააგუგუნა და საერთო აღტაცებაც გამოიწვია. ყველამ ჩათვალა, რომ ამ ძლიერი ხმის პატრონი ზრდასრული, დარბაისლური იერსახის მამაკაცი იქნებოდა და თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც რადიოკომიტეტის თავმჯდომარის, რეჟისორ ლეო ესაკიას კაბინეტში მაღალი და გრძელცხვირა, 17 წლის გამხდარი ყმაწვილი მორცხვად აიტუზა. იმ დღიდან ეროსი მანჯგალაძე საქართველოს რადიოს ერთ-ერთი საუკეთესო დიქტორი და უცვლელი ხმა გახდა. ომის დროს მთელი საქართველო რადიოდან იგებდა ფრონტის ახალ ამბებს, ხალხიც მოუთმენლად ელოდა ეროსის ხავერდოვან ხმას და დახვეწილ მეტყველებას. ქართველები ამაყობდნენ – ჩვენი ეროსი რუსების ლევიტანს არ ჩამოუვარდებაო! ვინც რადიოს ცნობილ დიქტორს სახეზე არ იცნობდა, ხშირად ეგონა, რომ ეს გამხდარი ყმაწვილი `იმ~ ეროსის მხოლოდ და მხოლოდ კარგ პაროდიას აკეთებს, ვერ წარმოედგინათ, თუ ხავერდოვანი ბარიტონის პატრონი ასეთი ახალგაზრდა კაცი იქნებოდა.
რადიოში საქმე თავზესაყრელად ჰქონდა, მაგრამ მსახიობობაზე ოცნება მაინც არ შეუწყვეტია და 1941 წელს საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შეიტანა. გამომცდელები ეჭვის თვალით უყურებდნენ არაჩვეულებრივი ხმის მქონე, მაგრამ საოცრად მორცხვ და შებოჭილ აბიტურიენტს. როგორც ჩანს, სწორედ ამ გადამეტებული მორიდებულობის გამო, თავდაპირველად ეროსი ჩარიცხულთა სიაში ვერ მოხვდა. `დაწუნებულმა~ ახალგაზრდამ ხელი არ ჩაიქნია, მისთვის თეატრი და მსახიობის პროფესია უკვე ცხოვრების მიზნად გადაქცეულიყო და ამ ოცნებას ასე ადვილად ვერავინ დაათმობინებდა, ამიტომ როგორღაც მოახერხა და იანვრამდე თავისუფალ მსმენელად დაუშვეს, იანვრის გამოცდების შემდეგ კი, უკვე სრულუფლებიან სტუდენტად ჩარიცხეს.
რადიოში მუშაობის გამო, ეროსის ლექციების გაცდენა ხშირად უხდებოდა. ერთხელ კი, საქართველოს რადიოკომიტეტმა, თავისი ახალგაზრდა დიქტორი საგანგებოდ მიავლინა მოსკოვში, რათა საფეხბურთო მატჩის რეპორტაჟი პირდაპირ საბჭოეთის დედაქალაქიდან წაეყვანა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მოსკოვიდან ქართულად უნდა გადმოეცათ რადიორეპორტაჟი და საპატიო მისია ახალბედა ეროსი მანჯგალაძეს ანდეს. ეროსი ორ ცეცხლს შუა იწვოდა - ასეთი მიმზიდველი შემოთავაზების ხელიდან გაშვება არ უნდოდა, არადა მის ჯგუფს თეატრალურ ინსტიტუტში სულ მალე სადიპლომო სპექტაკლი უნდა ჩაებარებინა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ეროსიც ასრულებდა. სტუდენტები დღესა და ღამეს ასწორებდნენ, რომ დროულად მოესწროთ ასეთი საპასუხისმგებლო წარმოდგენის მომზადება, ეროსისაც კარგად ესმოდა - ასეთ დროს ამხანაგებისა და საერთო საქმის მიტოვება ღალატის ტოლფასია, მაგრამ იმდენად დიდი იყო მოსკოვის ნახვის და მატჩის ქართულ ენაზე წაყვანის სურვილი, რომ გაზაფხულის იმ ერთ მშვენიერ დღეს, დაჰკრა ფეხი და გუნდთან ერთად მოსკოვში ამოყო თავი. კიდევ კარგი, რომ შეხვედრა თბილისის `დინამოს~ გამარჯვებით დასრულდა და ამიტომ `თავხედი~ ეროსი გადაურჩა ხორავას რისხვას და თეატრალურიდან გარიცხვასაც.
- `ეროსი, თქვენ ჯერ არა გაქვთ ნაპოვნი ის, რაც საჭიროა. უფრო ღრმად, საფუძვლიანად უნდა ეძიოთ. და საერთოდ, თქვენ უნდა გადაეჩვიოთ დიქტორივით კითხვას!~ - უკმაყოფილებას ვერ მალავს რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი რეპეტიციაზე. ეროსი კი ორ ცეცხლს შუა იწვის, რადიოკომიტეტიდან პირდაპირ ინსტიტუტში გარბის, სადაც რეპეტიციები ნაშუადღევს იწყება და გვიან ღამემდე გრძელდება, ხშირად მთელი დღის მანძილზე ჭამასაც კი ვერ ასწრებს და მეორე დილით გამოუძინებელი მიქრის სამსახურისკენ, შემდეგ ლექციებზე და რეპეტიციებზე... არადა საკურსო სპექტაკლში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, რომელიც არა და არ გამოსდის. რეჟისორი და მსახიობი რამდენიმე თვის მანძილზე `ეჭიდავებიან~ მის პერსონაჟს, ტოვსტონოგოვი ათასჯერ უხსნის, თავადაც აჩვენებს ჯერ ახალბედა არტისტს, მაგრამ აგერ უკვე მეოთხე თვეა, რაც რეპეტიციები დაიწყეს და სასურველ შედეგს კი მაინც ვერ აღწევენ.
- `მესმის, რომ ეს ძალზე რთული ეპიზოდია, მაგრამ თქვენ აუცილებლად უნდა იპოვოთ საჭირო ტონი, იგრძნოთ განწყობილება~ - უხსნის იმედგადაწურული რეჟისორი. შემდეგ კი წყვეტს რეპეტიციას, ათავისუფლებს დანარჩენ მონაწილეებს, თავად კი ეროსისთან ერთად ფორტეპიანოს მიუჯდება. ოთახის ერთ კუთხეში შეყუჟული სტუდენტები ხედავენ, რომ რეჟისორი და მსახიობი რაღაცას უხსნიან ერთმანეთს, შემდეგ იღებენ ბგერას კლავიშზე და კვლავ კამათობენ. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. უცებ სახეგაბრწყინებული ტოვსტონოგოვი წამოვარდა და ჯგუფს ახარა:
- `ამხანაგებო! მომილოცავს პირველი სახის დაბადება!~ შემდეგ კი ეროსი ცალკე გაიყვანა და უთხრა - თუ შეძლებ გაიგო, რა მოხდა ახლა შენში, დიდი არტისტი გახდებიო. იმ დღიდან, ამ საიდუმლოს შეცნობა ეროსის ცხოვრების უმთავრეს მიზნად გაიდაიქცა.
გამხდარი, ცხვირა, იუმორით სავსე და ამავდროულად არაჩვეულებრივად მორცხვი, მუდამ მომღიმარი და მიმნდობი – ასეთი იყო სტუდენტი ეროსი მანჯგალაძე. თეატრმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გოგოები ინსტიტუტის დერეფანში აჭარხლებულს რომ შენიშნავდნენ, ერთმანეთს გადაუჩურჩულებდნენ ხოლმე – ნეტა ამისგან რა მსახიობი უნდა გამოვიდეს, ადამიანებთან ლაპარაკისაც კი ცხვენიაო – და სიცილ-კისკისით ჩაუქროლებდენენ ატუზულ ეროსის. განსაკუთრებული სიწითლე კი ეროსის მაშინ გადაჰკრავდა, როდესაც სტუდენტი ელენე (ლენა) ყიფშიძე ჩაუვლიდა გვერდით. თავიდან სატრფოს სიყვარულს ვერ უმხელდა, სამაგიეროდ შევარდებოდა ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში და ბიბლიოთეკის გამგეს, რუსუდან მიქელაძეს ანთებული თვალებით ამცნობდა - `რუსუდან სოლომონოვნა, უღმერთოდ შეყვარებული ვარ!~ დედასაც არ გამოჰპარვია სარკის წინ უჩვეულოდ დიდ ხანს მოტრიალე ვაჟის ბედნიერი გამომეტყველება...
შეყვარებულებმა მალე იქორწინეს, თუმცა სამწუხაროდ მათი ოჯახური ცხოვრება ძალიან ხანმოკლე გამოდგა... თეატრალურ წრეებში ჩუმად იმასაც კი ლაპარაკობდნენ, რომ კონფლიქტი ლენა ყიფშიძისა და გიორგი ტოვსტონოგოვის არა მხოლოდ პროფესიულმა ურთიერთობებმა გამოიწვია. იმაზეც ჭორაობდნენ, რომ ეროსისა და მის პედაგოგს შორის საკმაოდ დაძაბული საუბარიც შედგა, რომელიც ლამის ჩხუბით დამთავრდა... საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ აკაკი ხორავას რჩევითა და ხელშეწყობით, გიორგი ტოვსტონოგოვი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ, (მას საამისოდ სხვა მიზეზებიც ჰქონდა), ეროსი მანჯგალაძე და ლენა ყიფშიძე კი ერთმანეთს გაეყარნენ...
ინსტიტუტში შესრულებული როლებით ეროსიმ დაამტკიცა, რომ მხოლოდ კარგი დიქტორი კი არა, ნიჭიერი მსახიობიცაა, ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ უმაღლესის დამთავრების შემდეგ, რატომღაც ცხინვალის (იმდროინდელი სტალინირის) თეატრში გაანაწილეს, არც რუსთაველის და არც მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ეროსისთვის ადგილი არ გამოიძებნა. თუმცა პროვინციის თეატრში სულ ერთი წელი მოუწია მუშაობა, შემდეგ რადიოკომიტეტის თხოვნით, კვლავ თბილისში დააბრუნეს და რუსთაველის თეატრის დასშიც ჩარიცხეს. პროფესიულ თეატრში ეროსის დებიუტი სპექტაკლში `ღრმა ფესვები~ შედგა. იმხანად ყველა სპექტაკლი ცენტრალური კომიტეტის ცენზურას გადიოდა, ასევე მკაცრად ამოწმებდნენ აფიშის ტექსტსაც. როდესაც ცეკას იდეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს – ვ.შადურს `ღრმა ფესვების~ აფიშის ტექსტი მიუტანეს, აღშფოთებულმა დაიწუნა – ცეკას მდივანს მთავარი როლის შემსრულებლის სახელი არ მოეწონა – ეს ეროსი რა სახელია, ასეთი სახელი საბჭოთა მსახიობს არ შეეფერება, ეს ხომ ბერძნული ღმერთის სახელიაო. მერე ასეთი გამოსავალი მოძებნა: მოდით, ეროსის ნაცვლად ერასტი ჩავწეროთო. ეს რომ ახალგაზრდა მსახიობმა გაიგო, ახლა ის აღშფოთდა და სპექტაკლის თამაშზე საერთოდ უარი განაცხადა. საბოლოოდ, კომპრომისული ვარიანტი შეიმუშავეს, აფიშაზე სახელი შეამოკლეს და ერ.მანჯგალაძე დაწერეს. ეროსის უჩვეულო სახელი შემდეგშიც ხშირად ეშლებოდათ ხოლმე, რას აღარ ეძახდნენ – ევროსის, ლავროსის, გერვასის, ეროსპისაც კი! ერთხელ ქობულეთში, სუფრასთან ერთმა კაცმა ეროსის დღეგრძელობა მოიწადინა და სადღეგრძელო ასე წამოიწყო - `ბატონო თერმოსი...~ ეროსი სიცილისგან გადაბჟირდა, რა არ დაუძახიათ ჩემთვის და, აი, თერმოსი კი პირველად მიწოდესო.
1955 წელს რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელ აკაკი ხორავას ეროსის მოკლე დახასიათებაში დაუწერია: `ეროსი აკაკის ძე მანჯგალაძე – ნიჭიერი ახალგაზრდაა, სკკპ წევრობის კანდიდატი. ფიქრიანია.~ რუსთაველის თეატრში რომ მიიღეს, ბევრი ამბობდა – აი, გამოჩნდა ხორავას შემოქმედებითი მემკვიდრეო, ზოგი კი პირიქით, მკვეთრად სახასიათო მსახიობს ხედავდა მასში. ხორავასაც გამორჩეულად მოსწონდა, ჯერ კიდევ სტუდენტ ეროსიზე ამბობდა, მისგან შესანიშნავი მსახიობი დადგება, უსათუოდ ოტელოს როლზე უნდა შევიყვანოო. მართალია, ეროსი მანჯგალაძეს ოტელო არ უთამაშია, მაგრამ აკაკი ხორავამ თვითონვე შეიყვანა სპექტაკლში `დიდი ხელმწიფე~ მთავარ როლზე, რომელსაც თავად ხორავა თამაშობდა.
ახალგაზრდა, ფიქრიანმა არტისტმა მოკლე ხანში რამდენიმე მრავალფეროვანი და საინტერესო მხატვრული სახე შექმნა: ზიმზიმოვი `პეპო~, ყვარყვარე `ყვარყვარე თუთაბერი~, ოიდიპოსი სპექტაკლში `ოიდიპოს მეფე~, სადაც მთავარ როლს აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე და ეროსი მანჯგალაძე რიგ-რიგობით თამაშობდნენ... 60-იან წლებში რუსთაველის თეატრში ბევრი რამ შეიცვალა, გმირულ-რომანტიკული პათოსის თეატრი ფსიქოლოგიურმა თეატრმა ჩაანაცვლა – თეატრს სათავეში მიხეილ თუმანიშვილი და მისი თანამოაზრეები, ე.წ. `შვიდკაცა~ ჩაუდგნენ. ეროსი მანჯგალაძეც ამ გუნდის ერთგული წევრი იყო. სწორედ მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლებში გამოჩნდა ყველაზე უკეთ ეროსის მრავალმხრივი ნიჭიერება: იოზეფ პეშეკი `ადამიანებო, იყავით ფხიზლად!~, ლოპესი `ესპანელი მღვდელი~, ჟივოტა ცვიოვიჩი `ფილოსოფიის დოქტორი~, ბოცო `ზღვის შვილები~, დათვი `ჭინჭრაქა~, კავალერი რიპაფრატა `სასტუმროს დიასახლისი~, ფსკერა ფეიქარი `ზაფხულის ღამის სიზმარი~, გრაფი კენტი `მეფე ლირი~, გვადი ბიგვა...
წლების განმავლობაში ეროსიმ თავისი მაყურებელი შეიძინა, ბევრი სპეციალურად მის სანახავად დადიოდა რუსთაველის თეატრში. ერთგულ მაყურებელთა რიგებში, ბუნებრივია, მანდილოსნები ჭარბობდნენ, თუმცა უზომოდ მოკრძალებული მსახიობი, თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევდა. სერიოზულ ურთიერთობებზე კი საერთოდ არც ფიქრობდა - პირველი და უკანასკნელი ქორწინების შემდეგ, ოჯახის შექმნის სურვილი ნამდვილად აღარ გასჩენია. თავის საქმეზე ფანატიკურად შეყვარებული, სპექტაკლისთვის მზადებას რამდენიმე დღით ადრე იწყებდა, როდესაც საღამოს წარმოდგენა ჰქონდა, იმ დღეს ეროსი არც სიგარეტს მოწევდა და არც სასმელს გაეკარებოდა.
რუსთაველის თეატრის მსახიობებთა შორის ეროსი იმპროვიზაციის დიდოსტატად ითვლებოდა, სცენაზე მისთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობდა, ყოველგვარი მოულოდნელობის გამართლება ისეთი დამაჯერებლობით შეეძლო, რომ პარტნიორები ხანდახან სახტად რჩებოდნენ. ხშირად ავტორისეულ ტექსტს საკუთარ სიტყვებსაც დაამატებდა, მაგრამ ეროსის ნათქვამი ისე ორგანულად ჯდებოდა სპექტაკლის მსვლელობაში, რომ რეჟისორები სთხოვდნენ, მომდევნო წარმოდგენაშიც გაიმეორეო. რობერტ სტურუას `ხანუმაში~ ეროსი და რამაზ ჩხიკვაძე 20 წუთის განმავლობაში თამაშობდნენ დიალოგს, რომელიც პიესაში სულ ერთ გვერდზე ეტევა, თანაც ყოველ სპექტაკლზე ახალ-ახალ ოინებს იგონებდნენ ერთმანეთისათვის.
ხშირად ღამეც კი იმაზე ფიქრობდა, მეორე დღეს რით გაეოცებინა პარტნიორები და მაყურებელი. სპექტაკლში `ჭინჭრაქა~, სადაც ეროსი დათვის როლს ასრულებდა, ერთ-ერთ სცენაში მხეცები ერთმანეთს გამოცანებს ეუბნებიან. ერთ დღეს, როდესაც მისი ჯერი მოვიდა, ეროსიმ მედეა ჩახავას უცბათ თავისი მოგონილი
გამოცანა უთხრა:- მელია, აბა მითხარი, ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს, რა იქნებოდა? - დაბნეულმა ჩახავა-მელიამ, ბუნებრივია, პასუხი არ იცოდა და ისღა მოიფიქრა, რომ კითხვა შეუბრუნა:
- აბა შენ თვითონ თუ იცი მაგ გამოცანის პასუხი, მიპასუხე რა იქნება?
- როგორ არ იცი, ბადრიჯანს ფრთები რომ ჰქონდეს, თვითმფრინავი იქნებოდა – მშვიდად მიუგო ეროსიმ, მედეა ჩახავა კი სასწრაფოდ კულისებში შევარდა, რადგან სიცილს ვეღარ იკავებდა.
მედეა ჩახავას არც სხვა სპექტაკლებში აძლევდა მოსვენებას - `პეპოში~ უშუალო პარტნიორები იყვნენ, ცოლ-ქმარს თამაშობდნენ. ერთხელ საალერსო სცენაში, ეროსი ისე გაერთო, რომ მედეა-ფეფელას უეცრად დაუყეფა. მედეამ საპასუხოდ კნავილი ატეხა და დიალოგმა ყეფა-კნავილის ფორმა მიიღო. ორკესტრი სიცილისგან ისეთ დღეში ჩავარდა, რომ მუსიკოსები დაკვრას ვეღარ ახერხებდნენ, აღფრთოვანებული მაყურებელი კი ტაშს არ წყვეტდა – ეს იმპროვიზაცია ისე მოეწონა ყველას, რომ გადაწყვიტეს ყოველ სპექტაკლში გაეთამაშებინათ.
კინოში სათამაშოდ კი რატომღაც იშვიათად იწვევდნენ, სულ 14 ფილმში ითამაშა: `ყვარყვარე~, `ქალაქი ანარა~, `ნატვრის ხე~, `ქვევრი~, `ლონდრე~, `ვერის უბნის მელოდიები~, `ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი~, `თოჯინები იცინიან~... ზოგჯერ ეკრანზე საერთოდ არ ჩანდა, მაგრამ თავისი ხმის წყალობით, არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა, მაგალითად ისეთი, როგორიც ელდარ შენგელაიას ფილმებში `არაჩვეულებრივი გამოფენა~ და `შერეკილები~ - ვასილ ჩხაიძის პიპინია და ქრისტეფორე ამ ფილმებში სწორედ ეროსი მანჯგალაძის ხმით საუბრობენ. გახმოვანებისას ერთი დაუწერელი კანონი ჰქონდა – 4 საათზე მეტს არაფრით იმუშავებდა, ხმას განსაკუთრებით უფრთხილდებოდა და ყელს ბაქტერიოფაგში საგანგებოდ დამზადებული იოდის ხსნარით იმუშავებდა. თეატრის მსგავსად, იმპროვიზაცია კინოშიც უყვარდა, ერთხელ ლონდრეს გადაღებისას ეროსიმ უცებ სცენარს გადაუხვია და თქვა: `სახლში ვარ თუ არა ვარ?~ - ეს ფრაზა რეჟისორს ისე მოეწონა, რომ ფილმში დატოვა და მოგვიანებით ფრთოსან გამონათქვამად იქცა. ფილმის `თოჯინები იცინიან~ იმ მონაკვეთის გადაღებისას, სადაც ეროსის სევერიანი იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟს სახლში სტუმრობს, იპოლიტე თავის სანათესაოს აცნობს. უეცრად ეროსიმ ფრანგულად დაიწყო ლაპარაკი, მსახიობები მოულოდნელობისგან დაიბნენ, მაგრამ მაინც ბოლომდე ითამაშეს ეპიზოდი და ფილმშიც უცვლელად დატოვეს.
როდესაც 1945 წელს რადიოთი საფეხბურთო მატჩის წაყვანა შესთავაზეს, ეროსი დიდ ხანს ფიქრობდა შეძლებდა თუ არა მისთვის ასეთი საყვარელი სპორტის სათანადო დონეზე შეფასებას. ამიტომ ჯერ თბილისში ჩატარებულ ყველა მატჩზე დაიწყო სიარული და აღმოაჩინა, რომ ისეთ დონეზე არ იცოდა ფეხბურთი, რომ პროფესიული კომენტარი გაეკეთებინა