რუსთაველის თეატრის გასტროლები გერმანიაში და პოლონეთში; 1970 წლის მაისი-ივნისი

11 მაისს გავედით მატარებლით თბილისიდან. მოსკოვი-ბრესტი-პოლონეთი - გერმანია (14.05), ბერლინიდან მანქანებით დრეზდენში.

მე და ეროსი მოგვათავსეს ქალაქგარეთ, Motel Dresden-ში.

პირველი სპექტაკლი შედგა 15-ში.

ს.ჟღენტის „მიწის შვილები“. მაყურებელმა კარგად მიიღო, დიდი ოვაციები გაიმართა, თაიგულები, ყვავილების გადასროლა პარტერში და ა
მდაგვარი „მატრაბაზობა“. წარმოდგენის შემდეგ ადგილობრივმა თეატრმა ბანკეტი გაგვიმართა. მგონი, პირველი ნაბიჯი მტკიცედ გადავდგით.

ვნახოთ, ხვალ „სიბრძნე“ და „სამანიშვილი“ როგორ გავა.

დრეზდენი ძალიან ლამაზი ქალაქი ჩანს, მაგრამ დრო სულ არ არის, რომ დაათვალიერო. გამოფენისთვის დრო ცოტაა, მაგრამ უნდა ხვალ როგორმე ვნახო. ისე, გერმანელებმა კარგი მიღება იციან.

16 მაისი.

დღის რეპეტიციის შემდეგ ძალიან მოგვინდა დრეზდენის გამოფენის დათვალიერება, უდიდესი შთაბეჭდილება მივიღე. განსაკუთრებით, ტიციანის, რემბრანდტის, ვან დეიკის, რუბენსის შედევრებით.

სამწუხაროა, დრო არა მაქვს, რომ ხანგრძლივად ვიყო და დავათვალიერო. ძალიან სწრაფად, 1 საათში მოვიარეთ - რას იზამ.

მაღაზიებში ყველაფერია, მხოლოდ ჩვენ ფული არა გვაქვს. 5 საათზე საყდარში მიდიან, ბავშვთა გუნდის მოსასმენად. მე ვერ წავალ, დღეს „სამანიშვილი“ მაქვს. დღევანდელ სპექტაკლს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ღამე გავაგრძელებ.

ჰოდა, ვაგრძელებ. მეტად საპასუხისმგებლო წარმოდგენა გვქონდა და როგორც ვფიქრობდი, „სიბრძნეც“ კარგად წავიდა და „სამანიშვილიც“. „კარგად“ ის სიტყვა არ არის, - არ ვიცი, გერმანელ მაყურებელს ჩვევა აქვს თუ ჩვენი წარმოდგენა ასე მოეწონათ. მთარგმნელი ძალიან გვშველოდა, გივი მარგველაშვილი ბრწყინვალედ თარგმნიდა - რეაქციებიც სინქრონული იყო.

ეს, რა თქმა უნდა, წარმატება იყო.

მე როგორ ვმუშაობდი? ვფიქრობ, ნორმალურად. პირველად ვღელავდი, მერე კი თანდათან ჩავჯექი და გავქანდი. ტაში არ ცხრებოდა დიდხანს, თითქმის 10 წუთი, თაიგულები... დემოკრატიული ტაში და მაყურებლებში ყვავილების სროლა. წარმოდგენის შემდეგ ისევ ბანკეტი - ეს უკვე დრეზდენის თეატრის კოლექტივმა გაგვიმართა.


ახლა მეძინება და ხვალ განვაგრძობ.

თურმე წარმოდგენას გერმანიის იქეთა მხარის თეატრალური მოღვაწეებიც ესწრებოდნენ (ესენი ბრეხტის სისტემის მოწინააღმდეგენი არიან), ვიღაც ცნობილი ქალი მსახიობი და უთქვამს, რომ მსგავსი არაფერი უნახავს, აღფრთოვანებულია და გვითხრა, რომ ბერლინში დიდი ჯგუფით ჩამოვალთ წარმოდგენაზეო. ეს უკვე ძალიან საინტერესოა.

17-ში დილით წაგვიყვანეს საქსონიის შვეიცარიაში. ზღაპრული მხარე, 30 კილომეტრით დაშორებული დრეზდენს, უბრწყინვალესი ბუნება, მოვლილი სახლები, ლამაზი, ნაირ-ნაირი ფერები... შემდეგ კიდევ გვასაუზმეს და მარკები არ გადაგვახდევინეს.

მერე გადაიშალა ჩვენ თვალწინ უბრწყინვალესი სანახაობა - რუხი ფერის უზარმაზარი კლდეები, კლდეებზე წიწვოვანი ხეები. ამის აღწერა წარმოუდგენელია. ჩვენ თავდაღმართში დავეშვით და როგორც გერმანელებს სჩვევიათ, ყოველი შესახვევი, ყოველი კუნჭულიც კი მრთელია და მაქსიმალურად გამოყენებული. ეს საოცარი თვისება, ეჰ, ნეტავი ქართველებს ჰქონდეთ. ე.ი. ჩვენი ბორჯომის ხეობა, ან რაჭა-ლეჩხუმი, ან ბახმარო და ვინ მოთვლის კიდევ ჩვენს მხარეში ლამაზ ადგილებს, რომ იყოს კეთილმოწყობილი და გამოყენებული. ახლა ჩავაღწიეთ ქვევით და კლდეებში გაშენებულ დეკორაციებში გვიჩვენეს წარმოდგენა გერმანიიდან ნაპოლეონის ჯარების განდევნის შესახებ. პიესა სუსტი, შაბლონური სიუჟეტით, არც შესრულება უქნია ღმერთს, მაგრამ საინტერესო იყო, რომ მთელი ადგილმდებარეობა გამოყენებული ჰქონდათ: ცხენები, გასროლები, ეფექტური იყო.

ეს იყო დრეზდენის დრამ. წარმოდგენა. დეკორაციები ერთი და იგივე, ოღონდ სხვადასხვა პიესებს თამაშობენ. ამინდიც ბრწყინვალე დაგვესწრო. ღირდა ნახვა. მერე აღმართით ფეხით ამოვედით, ძალიან დავიღალეთ და დაქანცულებმა დავიძინეთ.

ამას დილით, 18-ში ვწერ. 9 საათზე მივემგზავრებით ლაიპციგში. ლაიპციგამდე გზა ისეთი კარგი არ იყო, როგორც ბერლინიდან დრეზდენამდე, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო და ლამაზი. გარშემო ყველაფერი მოვლილი და საოცრად ყაირათიანად გამოყენებული.

ჩამოვედით ლაიპციგში და საოცრად მომეწონა. მართლაც დიდებული ქალაქია, დიდი ტაძრებით, უფრო ძველი სახლებით, არქიტექტურაც მკაცრი და მონუმენტური.

მაშინვე თეატრში მიგვიყვანეს, თეატრი დრამის, 1100 ადგილით, საოცარი აკუსტიკით და მშვენიერი არქიტექტონიკით. შემდეგ სასტუმრო ლაიპციგში მოვთავსდით, ერთადგილიან ოთახებში, ყველაფერი სადა და უბრალოა, მაგრამ ნამდვილი. პირდაპირ სადგური ჩანს, გრანდიოზული. ქალაქი-ბაზარი - ასე უძახიან გერმანელები. როგორც ჩანს, ეს არის მათი სავაჭრო ცენტრი. დღეს ორშაბათია და გერმანელები ისვენებენ. მაღაზიების ვიტრინები გვაგიჟებს ყველას და ჯიბეში უფულობა.

საღამოს წარმოდგენა კარგად ჩატარდა. „მიწის შვილები“ მაგრამ ყველას მაინც ხვალის მოლოდინი აქვთ, აქ უკვე დაგვხვდა ხმა გავარდნილი, რომ მეორე წარმოდგენა ე.ი. „სიბრძნე“ და „სამანიშვილი“ ვარგა. „სამანიშვილმა“ დიდ სცენაზე არ წააგო. ამის მე ძალიან მეშინოდა. ვნახოთ, ხვალ როგორ გავალთ. აქაურ წარმატებას მნიშვნელობა აქვს, ბერლინისთვის, ვინაიდან მთელი „სტავკა“ ამაზეა.

19. 05.

როგორც ვფიქრობდი, „სიბრძნეს“ და „სამანიშვილს“ ძალიან დიდი წარმატება ხვდა. ეჰ, ნეტავი თბილისის მაყურებელი იყოს ასეთი გულუხვი, დაუსრულებელი ტაში მთელი 7-10 წუთი. აფსუს, ეს „მიწის შვილები“ რომ ვარგოდეს, საშუალო მაინც იყოს. მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგად გავალთ ბერლინში. იქაა მთავარი. დრეზდენში და ლეიპციგში - ორივეგან მეორე დღემ გაამართლა. დღისით მაღაზიაში ვიარე და რაც შემეძლო, შევიძინე.

20.05

გავემგზავრეთ ბერლინში. ბერლინამდე გზა არის ბეტონის, სამხედრო მნიშვნელობის, რომელიც ჰიტლერს აუშენებია.


რაღაც ბრწყინვალე გზაა - ავტოსტრადა გაჭიმული - თვითმფრინავი შეიძლება დასვა.

ჩავედით ბერლინში. მოვთავსდით სასტუმროში და მაშინვე წავედით „კომიშე ოპერაში“, ბრიტენის „ზაფხულის ღამის სიზმრის“ სანახავად. ვილკენშტეინის დადგმა ბრწყინვალე - კომიკური ოპერა, დადგმა შესანიშნავი, უაღრესი პროფესიონალიზმი... ქალები არაფრად არ ვარგიან, კაცებიც გმირები არ მომეწონა, მაგრამ ორი მსახიობი უბრწყინვალესია - ეს სახედრის შემსრულებელი და ??? შემსრულებელი. გაფორმება მართლაც ზღაპრული. შუქი ისეა გადაწყვეტილი, (სხვათა შორის, გამნათებელი ვნა
ხეთ, რომელიც წარმოდგენის დამთავრების შემდეგ გავიცანი და გვითხრა, რომ 500 განათების წერტილი გვაქვსო. საოცრებაა. ისეთი სისუფთავეა კულისებში, ენით ალოკავ. თვითონ შენობა გარედან ახალია. ვინაიდან დაბომბვის შემდეგ დაზიანებული იყო, მაგრამ შიგნით ძველია. ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით გაკეთებული თეატრი, საოცრად ლამაზი. ვაჰ, რა შორს ვართ, რა ჩამორჩენილი ტექნიკა გვაქვს, დეკორაციები ყველა წარმოდგენისა ცალკე აწყვია სუფთად და გაკრიალებული. ამას ისინი დეკორაციის ბიბლიოთეკას უწოდებენ - უზარმაზარი სარეპეტიციო დარბაზი ისეთივე სცენით, სხვათა შორის, სცენა დაქანებულია. ჩვენ ხვალ ვიწყებთ წარმოდგენებს. ვნახოთ, რას ვიზამთ.

21.05

საღამოს 7 საათზე დაიწყო „მიწის შვილები“. იყო რჩეული საზოგადოება. წარმოდგენა კარგად ჩატარდა. ძალიან პატარა სცენაა „ბერლინერ ანსამბლის“ - ძლივს დავეტიეთ. დიდხანს იყო ტაშის გრიალი. წარმოდგენას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, საბჭოთა საელჩოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები, ასევე თეატრალური მოღვაწეები, ბერლინერ ანსამბლის მთავარი რეჟისორი.

ანტრაქტის დროს კულისებში შემოვიდა ჩვენი თანამემამულე გოგი წულუკიძე, დედით თოდუა, ჩვენი ნათესავი. ექიმი, ლინგვისტი (მშვენივრად იცის ქართული, რუსული, ასევე გერმანული თავისთავად, ფრანგული, ინგლისური და იტალიურიც).

ჩვენი თამაში ძალიან მოეწონა და თქვა, რომ ასეთი არტისტები აქ არ არიანო. ალბათ სამშობლოს სიყვარულმა ათქმევინა, მაგრამ იგივე მთარგმნელმაც გვითხრა, რომელიც თეატრთან ძალიან ახლოა, რომ მსგავსი მსახიობები არ უნახავს. რაშია საქმე, ვერ ვხვდები. ხომ არ ტყუვდებიან?! ვნახოთ, ხვალ როგორ გავალთ.

წარმოდგენის მერე კი კულტურის სამინისტროს საბანკეტო დარბაზში გაგვიმართეს წვეულება მაღალ დონეზე. იყო მთელი დასი, სიტყვები წარმოთქვეს მინისტრმა ვავანოვმა და იაქაშვილმა. იყო ასევე კოსმონავტი პოპოვიჩი. ხვალ 1 საათზე გოგი წულუკიძემ სადილად დაგვპატიჟა მე, მერაბი და კატო (გიორგი გეგეჭკორის ძმა, მსახიობი მერაბ გეგეჭკორი და მისი მეუღლე ეკატერინე ვაჩნაძე).

ვიყავით გოგი წულუკიძესთან სადილად. გოგის დედა არის თოდუას ქალი. (ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძე; 1898-1981) ე. ი. მამაჩემის მამიდას შვილი, რომელიც გათხოვილა წულუკიძეზე აფხაზეთის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. გოგი ბერლინში დაბადებულა და აქ მიუღია სწავლა-განათლება. მეუღლე გერმანელი ჰყავს, ორი ბიჭი - თენგიზი და სანდრო შესანიშნავი ბავშვები, 15 და 8 წლისა. მთელი სახლი - ორი სართული უკავიათ. მეორე სართულზე მისაღები კაბინეტები აქვთ და სპორტ დარბაზი. მესამეზე ცხრა ოთახი. უმდიდრესი ბიბლიოთეკა, დაყოფილი აქვს: ისტორია, ენათმეცნიერება, ლექსიკონები ცალკე, მედიცინა და ა.შ. ურიცხვი წიგნები, ბევრი ქართული, სულ ღებულობს საქართველოდან.

წარმოდგენაზე ყველანი იყვნენ. დიდძალი ხალხი იყო, ნემსი არ ჩავარდებოდა. წარმოდგენა დიდი წარმატებით ჩატარდა, გაუთავებელი ტაში მოქმედების მსვლელობის დროს.

წარმოდგენას ესწრებოდა ბრეხტის თეატრის მთავარი რეჟისორი ვეკვერტი და ძალიან კმაყოფილი იყო, თქვა, რომ ეს შერწყმა თანამედროვე და კლასიკურისა არის მეტად საოცარი, მაღალი რეჟისურა და მსახიობთა დიდი ოსტატობა. ასევე სხვებიც დიდად კმაყოფილები იყვნენ.

შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ მეორე წარმოდგენა „სიბრძნე“ და „სამანიშვილი“ სამივე ქალაქში ბრწყინვალედ ჩატარდა.

ერთი დარჩა „ანტიგონე“ ხვალ და ზეგ. დილით 9 სცენა და საღამოს ისევ „სამანიშვილი“ და „სიბრძნე“. მერე უნდა წაგვიყვანონ პოტსდამში, ჯარის ნაწილებისთვის. ერთხელ უნდა ვითამაშოთ საელჩოსთვის „სამანიშვილი“ და „სიბრძნე“.

როგორ გაიჭიმა ეს დღეები. წინ კიდევ პოლონეთია. ვაიმე, რა გაუძლებს ამას.

23. 05.

გოგი წულუკიძემ მომაკითხა მანქანით, წამიყვანა უნივერსალურ მაღაზიაში და გინდა თუ არა, მე მინდა რამე გიყიდო ჩემგანო, მე საშინლად უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ მაინც იძულებული გამხადა ეყიდა ჩემთვის ბავშვების ბოტასები და მანანას იუბკები. სულ 80 მარკა. ჩემს ადგილას სხვა ყოფილიყო, იცოცხლე, ამას გამოიყენებდა, მაგრამ მე „უშნო“ ვარ. ეს სამარცხვინოდ მიმაჩნია. მერე ბერლინი დამატარა.

საღამოს წავედით „ლურჯწვერას“ სანახავად კომიშენ ოპერაში, მაგრამ აღმოჩნდა „ტრუბადური“, საოცარი გაფორმება, ხმები საშინელი, მასიური სცენები და გუნდი უბრწყინვალესი. პირველი მოქმედების მერე წამოვედი და მივუსწარი „ანტიგონეს“. კარგად წავიდა. დიდი მოწონება ხვდა. ე. ი. კარგად გავდივართ. აფსუს, ის პირველი წარმოდგენა „მიწის შვილები“ ხეირიანი მაინც ყოფილიყო.



Comments

Popular posts from this blog

ეროსი მანჯგალაძე „კაცი, რომელსაც სიცოცხლე ძლიერ უყვარდა“

გიორგი გეგეჭკორი; 1987 წელს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების მეათე ყრილობაზე წარმოთქმული სიტყვა

გიორგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის დღიურები, 1967 წელი, რუსთაველის თეატრის პირველო გასტროლები რუმინეთში