ნათელა ურუშაძე/გიორგი გეგეჭკორი „ გიორგი ტოვსტონოგოვი - ყველაფერი სამშობლოში დაიწყო“
Георгий Товстоногов, Собирательный портрет; Санкт-Петербург, Балтийские сезоны, 2006
ნათელა ურუშაძე: ზოგჯერ მდგომარეობას ის ართულებს, რომ ცოტა იცი, ზოგჯერ
კი ის, რომ ბევრი რამ იცი. მე და გოგიმ საკმარისად ბევრი რამ ვიცით, რომ გიორგი ტოვსტონოგოვის
ბიოგრაფიის უცნობი ეპიზოდები შევავსოთ.
ყველაფერი თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო. მას არასოდეს
გაუწყვეტია კავშირი თბილისთან, საქართველოსთან, მას შემდეგაც კი, რაც აქედან წავიდა.
პირიქით, ლენინგრადში ცხოვრების დროს თავის ქართველობას კიდევ უფრო მძაფრად გრძნობდა.
როდესაც ის და მისი და, ნათელა, საქართველოდან რუსეთში საცხოვრებლად გადავიდნენ
(1946 წელს), უფრო გამართულi ქართულით დაიწყეს საუბარი.
გიორგი ტოვსტონოგოვის დედა ქართველი იყო, თამარა გრიგორიევნას
(თამარ პაპიტაშვილი) კარგად ვიცნობდი, ჩვენი ოჯახები ახლობლობდნენ და მისგან არასდროს
მსმენია, რომ გიორგი ტოვსტონოგოვი პეტერბურგში დაიბადა. [1] ყოველ
შემთხვევაში, ბავშვობა მან თბილისში გაატარა. მრავალი წლის შემდეგაც კი ვერ მოახერხა
დედის პეტერბურგში საცხოვრებლად გადაყვანა. ერთხელ მითხრა კიდეც: „ვიღვიძებ ლენინგრადში
და თავზე მაწევს რაღაც ნაცრისფერი. მინდა თვალი გავახილო და ჩემი ლურჯი ცა დავინახო“.
გ.გეგეჭკორი: უკვე შემდეგ, ლენინგრადში ცხოვრების დროს გიორგი ალექსანდროვიჩს
საქართველო უზომოდ ენატრებოდა, ნოსტალგია ჰქონდა. გამუდმებით ითხოვდა ქართველი ავტორების
ახალ თარგმანებს.
ნ.ურუშაძე: ზოგჯერ გვირეკავდა და მეუბნებოდა: „ნათელა, გააგებინეთ
ამ ნოდარ დუმბაძეს, რომ ახალი პიესები მხოლოდ მე უნდა გამომიგზავნოს!“ იმ დროს დუმბაძის
პროზას რუბენ აგამირზიანი რეგულარულად დგამდა კომისარჟევსკაიას სახელობის თეატრში.
გიორგი ალექსანდროვიჩი თბილისში სწავლობდა, პლეხანოვზე,
ახლანდელ აღმაშენებლის გამზირზე, გერმანულ სკოლაში, (ის დიდი ნაცრისფერი შენობა დღემდე
შემორჩა). ქართულის გარდა შესანიშნავად ფლობდა რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს. როდესაც
(დიდი დრამატული თეატრში განხორციელებული დადგმის შემდეგ) თბილისში დგამდა გორკის პიესას
„მდაბიონი“, პიესის ქართულ თარგმანს თავად ასწორებდა.
გიტისში სწავლისას (და მანამდეც) ძალიან მჭიდრო კავშირი
ჰქონდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრთან. იქ მუშაობდა არაჩვეულებრივი ადამიანი
და შესანიშნავი რეჟისორი ნ.მარშაკი, ჩვენი თაობა მას კარგად იცნობდა. თავის ინტერვიუებში
გიორგი ალექსანდროვიჩი ხშირად აღნიშნავდა, რომ მისი პირველი მასწავლებელი სწორედ მარშაკი
იყო. რუსულ მოზარდში ტოვსტონოგოვი მსახიობად მუშაობდა, თუმცა სულაც არ აპირებდა ამ
საქმიანობის თავის პროფესიად ქცევას. ამ საქმისთვის მაინცდამაინც შესაფერისი მონაცემები
არც ჰქონდა, მას მხოლოდ თეატრის შიგნიდან შესწავლა სურდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ იგი მოსკოვს მიემგზავრება და გიტისში აბარებს. მისი პედაგოგები იყვნენ ა.ლობანოვი და ა.პოპოვი. 1938 წელს ტოვსტონოგოვი ჩამოვიდა თბილისში სადიპლომო სპექტაკლის დასადგმელად - ს.ნაიდენოვის „ვანიუშინის შვილები,“ გრიბოედოვის სახელობის თეატრში. სპექტაკლს ისეთი წარმატება ხვდა წილად, რომ პრემიერის შემდეგ აკაკი ხორავამ ტოვსტონოგოვი თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგად მიიწვია. თეატრალური ინსტიტუტი სწორედ ახალი დაარსებული იყო, გიორგი ალექსანდროვიჩი მაშინ 24 წლის გახლდათ. ხორავამ პირველი კურსის აყვანა შესთავაზა. მეორე, მესამე და მეოთხე კურსები უკვე დაკომპლექტებული იყო მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრის სტუდიელებით. პირველი კურსი კი სულ სხვა იყო, ახალი, ნამდვილი. ამ ჯგუფში სწავლობდნენ მედეა ჩახავა, ნელი ქუთათელაძე, სალომე ყანჩელი, მიხეილ გიჟიმყრელი, ეკატერინე ვაჩნაძე, დავით ქუთათელაძე. პედაგოგი და სტუდენტები მაშინვე ძალიან დამეგობრდნენ. მე და გოგი მომდევნო კურსებზე ვსწავლობდით.
ომის წლები იყო, ბიჭი სტუდენტები ჭირდა და გიორგი ალექსანდროვიჩი
სტუდენტურ სპექტაკლებში სხვა კურსის სტუდენტ ბიჭებსაც აკავებდა. ჩვენთან მესამე კურსზე
შემოვიდა. პირველი ორი წელი კი ჩვენი პედაგოგი იყო დიმიტრი ალექსიძე.
ჩვენ ვიყავით ინსტიტუტში მისი პირველი სპექტაკლების
მომსწრენი. მახსოვს არაჩვეულებრივი ნამუშევარი „ცისფერი და ვარდისფერი“, ამ სპექტაკლით
მოიხიბლნენ მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობებიც, რომლებიც იმხანად თბილისში იყვნენ
ევაკუირებულნი.
აკაკი ხორავა ძლიერ გატაცებული იყო თავისი ინსტიტუტით.
ყოველი სპექტაკლის წინ მაყურებელთა დარბაზის შესასვლელში იდგა და პირადად ეგებებოდა
სტუმრებს. თანაც როგორ სტუმრებს! - იმ დროს თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლებს ესწრებოდნენ
გამოჩენილი მწერლები, მსახიობები, რეჟისორები, მეცნიერები. ინსტიტუტის სპექტაკლებს,
მეტადრე კი გ.ტოვსტონოგოვის დადგმულ წარმოდგენებს ესწრებოდა ისეთი მაყურებელი, რომელზეც
ნებისმიერი ქართული თეატრი მხოლოდ იოცნებებდა. ამას უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა
ჰქონდა. ამ მაყურებელზე ჩვენც ვსწავლობდით. ხორავას წასვლის შემდეგ ინსტიტუტის სასწავლო
თეატრის ეს აღმზრდელობითი ფუნქცია და მნიშვნელობაც დაიკარგა.
ტოვსტონოგოვი პირველად მანამდე ვნახე, ვიდრე ჩვენს ჯგუფში
შემოვიდოდა. მასზე ბევრი რამ მსმენოდა, რადგან გ.ტოვსტონოგოვის პირველი ცოლი ჩვენზე
ერთი კურსით წინ სწავლობდა და ძალიან მომხიბვლელი იყო, ბიჭები სულ კუდში დასდევდნენ.
ტოვსტონოგოვზე ბევრი რამ მქონდა მოსმენილი, მაგრამ პირადად არ მენახა. და აი, ერთხელ,
შესვენებისას, ინსტიტუტის გრძელ დერეფანში ვხედავ შორიდან მოდის უცნაური კაცი: სათვალე
უბრწყინავს, თმა ყალყზე აქვს, სადღაც მიიჩქარის. მაშინ მითხრეს, ეს სალომეს (ყანჩელის)
ქმარიაო. გავიფიქრე: „საწყალი სალომკა, ისეთი ბიჭები ჩხუბობდნენ მისი გულისთვის და
ბოლოს ამას გაჰყვა!“
მომდევნო სასწავლო წლის დასაწყისში ტოვსტონოგოვი ჩვენს
ჯგუფში შემოვიდა. დამფრთხალები, გულისფანცქალით ველოდით ადამიანს, რომელზეც ამდენი
რამ გაგვეგო, გვენახა მისი სპექტაკლები.
აუდიტორიაში კი არ შემოვიდა, შემოვარდა. ჩვენი პედაგოგი
დოდო ალექსიძე არაჩვეულებრივი, მხიარული, დიდი იუმორის პატრონი იყო; უაღრესად საინტერესო
და მხიარული ლექციები გვქონდა. ტოვსტონოგოვმა კი მკაცრად შეგვათვალიერა, საათი მოიხსნა,
მაგიდაზე დადო და უეცრად გვკითხა: „თქვენ იცით რა არის თეატრი?“ ადგილზე გავშეშდით,
დავიბენით, ხმა არავის ამოუღია. მერე გავიგე, რომ პირველ ლექციას ყოველთვის ამ კითხვით
იწყებდა.
მსახიობის ოსტატობას გვიკითხავდა. ვისაც მისი ლექცია
არ უნახავს, ვერ წარმოუდგენია, რა საოცარი რამ იყო; ეს იყო სიყვარულის ახსნა! თეატრზე
ისე საუბრობდა, როგორც საუბრობენ საყვარელ ადამიანზე. თეატრი ეს არ არის აპლოდისმენტები,
თეატრია მაყურებელთა დარბაზი; ეს არის საკუთარი ერის მიმართ სამოქალაქო ღვაწლი; ეს
არის სამოქალაქო პრინციპების გამოხატვის ადგილი. ასე ამბობდა გიორგი ტოვსტონოგოვი.
თავის სტუდენტებს ის ხელოვნების ჭეშმარიტ ქურუმებად ზრდიდა... ზარის ხმა არავის გაუგია.
პირველი ლექციის დასასრულს კი გავიფიქრე: ნუთუ არსებობს ამქვეყნად ქალი, ამ კაცს რომ
შეეფერებოდეს? თავიდან კი მისი ისე შემეშინდა...
ყველა შეყვარებული ვიყავით მასში - ბიჭებიც და გოგოებიც.
ეს იყო ისეთი შეყვარება, რომელიც ყველას ბედნიერებას ანიჭებს. ამ გრძნობას უდიდესი მნიშვნელობა
აქვს, ვინაიდან სწორედ ასე ყალიბდება სულიერი მდგომარეობა, ურომლისოდაც ადამიანი შემოქმედად
ვერ იქცევა. ღმერთმა იგი დააჯილდოვა სამი უმნიშვნელოვანესი და უიშვიათესი თვისებით:
მას შეეძლო შეთხზვა, სწავლება და წერა. ეს სამი თვისება, სამი ნიჭი მის შემოქმედებას
სულ თან გასდევდა.
ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ალერსიანი კაცი იყო. არა. საკმაოდ
მომთხოვნი გახლდათ. ჩვენ კი ბედნიერნი ვიყავით, რაკი ვხედავდით, რომ ჩვენთან ყოფნა
სურდა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ფრიად ეგოისტურად ვიქცეოდით. მგონი, გასაქანს და ამოსუნთქვის
საშუალებას არ ვაძლევდით...
ლექციები დღის მეორე ნახევარში გვეწყებოდა, რადგან პირველ
ნახევარში ტოვსტონოგოვს გრიბოედოვის თეატრში ჰქონდა რეპეტიციები; თუმცა ლექციისა და
რეპეტიციისთვის დათქმული კონკრეტული დრო არ ყოფილა.
რუსთაველის თეატრის მოპირდაპირე მხარეს იყო ეგრეთ წოდებული
„ლაურეატების სასადილო“, რომელიც კარგად ჩანდა ჩვენი მერვე აუდიტორიის ფანჯრებიდან.
გრიბოედოვის თეატრიდან მომავალი ტოვსტონოგოვი ჯერ იქ შეივლიდა ხოლმე, ჩვენ კი ფანჯარასთან
ვისხედით და ველოდით, როდის დამთავრდებოდა სადილი. ყველას თან გვქონდა ჩვენი წილი შავი
პური, გიორგი ალექსანდროვიჩიც ასეთივე პურით ამოდიოდა ლექციაზე და იწყებოდა ბედნიერი
წუთები.
სკამის კიდეზე იჯდა ხოლმე, საზურგეს არ ეყუდებოდა, სულ
მზად იყო წამოსახტომად, მსახიობისთვის რაიმეს საჩვენებლად. ხშირად ვერ ითმენდა ხოლმე,
წამოხტებოდა და ისე გვაჩვენებდა, რომ ამის გამეორება თითქმის შეუძლებელი იყო; გამეორების ნებას არც გვაძლევდა, მაგრამ თავად ისე
თამაშობდა, რომ სუნთქვა გვეკვროდა. დღემდე მახსოვს გლუმოვის ეპიზოდი, დღიურს რომ წერს...
ტოვსტონოგოვი შინაგანად მსახიობი იყო, მაგრამ სცენაზე გამოსვლა ეუხერხულებოდა, როგორღაც
ვერ იხსნებოდა, რაღაც უშლიდა ხელს...
მერე მივხვდი, ასე ძალიან რატომ სჭირდებოდა სტუდენტების
ანთებული, სიყვარულით სავსე თვალები; თეატრში ხომ ასეთ რამეს მოკლებული გახლდათ - იქ
იგი გამოცდილ, სახელგანთქმულ ოსტატებთან მუშაობდა;
მათ გ.ტოვსტონოგოვი ჯერ მეტისმეტად ახალგაზრდა და გამოუცდელ რეჟისორად მიაჩნდათ. ჩვენთვის
კი პირველი და ერთადერთი იყო. მაშინ ასე ვფიქრობდით: შეიძლება სტანისლავსკი რამეში
შემცდარიყო კიდეც, მაგრამ ტოვსტონოგოვი - არაფრის დიდებით! მასზე უკეთესი არავინ გვეგულებოდა.
გ. ტოვსტონოგოვს 1968 წლამდე არცერთ ქართულ თეატრში
არაფერი დაუდგამს, თუმცა გეგმავდა დადგმას მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.
გ.გეგეჭკორი: მოდი, პირდაპირ ვიტყვი - არ მიუშვეს, მუშაობის საშუალება
არ მისცეს! პირველივე რეპეტიციის შემდეგ მსახიობებს ხომ სხვა რეჟისორთან მუშაობა აღარ
მოუნდებოდათ. ხორავასაც, მარჯანიშვილელებსაც ძალიან უნდოდათ, რომ ტოვსტონოგოვს თბილისის
ქართულ თეატრებში დაედგა, მაგრამ ეს მხოლოდ ფუჭი იმედები გამოდგა.
ნ.ურუშაძე: საინტერესოა, რომ მისი კავშირი ქართულ თეატრთან პედაგოგიკაზე
გადის; ტოვსტონოგოვმა თაობები აღზარდა. მოწინააღმდეგენი გიორგი ალქსანდროვიჩს სპექტაკლის
დადგმის საშუალებას არ აძლევდნენ, მან კი მსახიობთა და რეჟისორთა მთელი თაობა აღზარდა,
რომლებმაც მალე დაიმკვიდრეს თავი ქართულ თეატრალურ სამყაროში. ეს იყო გ.ტოვსტონოგოვის
შემოქმედებითი და მოქალაქეობრივი პრინციპების მატარებელი თაობა, რომელიც ერთგულად მიჰყვებოდა
მის სკოლას, მის სისტემას. ჩვენს თაობას ეს კვალი დღემდე ეტყობა. ჩვენ შორისაც აღმოჩნდნენ
ნიჭიერი პედაგოგები. რას აკეთებს თუმანიშვილი? ტოვსტონოგოვის გზას მიჰყვება. სტანისლავსკის
სკოლა ჩვენში ტოვსტონოგოვის სკოლად იქცა, ხოლო შემდეგ ტოვსტონოგოვის სკოლა გარდაიქმნა
თუმანიშვილის სკოლად და დღესაც ყველაზე საინტერესო თეატრები და რეჟისორები ამავე პრინციპებით
ცხოვრობენ.
ტოვსტონოგოვის მიერ თეატრალურ ინსტიტუტში დადგმული სპექტაკლები
სულაც არ იყო სასწავლო დადგმები. მოგვიანებით ასე მოხდა მიხეილ თუმანიშვილის მიერ ინსტიტუტში
დადგმული წარმოდგენების შემთხვევაშიც. თბილისში ჩამოდიოდნენ მოსკოველი პედაგოგები;
მახსოვს, ერთხელ რიბნიკოვამ ისიც კი თქვა, რომ გიტისში ასეთი სითამამის ნებას არავის
აძლევდნენ.
ჩვენი სასწავლო სპექტაკლები სარეჟისორო თვალსაზრისითაც
მეტად საინტერესო იყო. ალბათ იმიტომ რომ, ძიების პროცესი ახალგაზრდა რეჟისორსაც ძალიან
იტაცებდა, ტოვსტონოგოვი ხომ იმ დროს თვითონაც სწავლობდა, სარეჟისორო გამოცდილებასა
და ძალას იკრეფდა. ამას გარდა, მიაჩნდა, რომ სტუდენტს ისე უნდა ასწავლო, რომ შემდეგ
ახალგაზრდა მსახიობმა თეატრშიც კარგად იგრძნოს თავი. ტოვსტონოგოვი ზრდიდა გამომგონებლებს,
თამამ ხელოვნებს, სწორედ თავისი სარეჟისორო ხელოვნების ხარჯზე უქმნიდა მათ საუკეთესო
შემოქმედებით პირობებს; თეატრალური ხელოვნება ხომ მსახიობისა და რეჟისორის თანაშემოქმედებაა.
ვფიქრობ, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია.
შენახული მაქვს წერილები, რომლებსაც ალმა-ატადან მწერდა.
იმ დროს მე მოსკოვში, გიტისში (მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი) .ვსწავლობდი. თბილისი სულიერად განადგურებულმა დატოვა,
მოსკოვშიც ვერ აეწყო იმხანად ცხოვრება. ალმა-ატაში დასადგმელად მიიწვიეს. იქიდან გამოგზავნილ
წერილებში სულაც არ ჰგავს იმ გიორგი ტოვსტონოგოვს, როგორიც წლების შემდეგ გახდა. იმ
დროს საშინლად მარტოსული იყო, ხშირად მეკითხებოდა თბილისის ამბებს.
მოსკოვში ტოვსტონოგოვი კოზიხინის შესახვევში ცხოვრობდა,
მე კი პიონერულზე, ეს ქუჩები ერთმანეთთან ახლოს იყო. ჩემი დიასახლისი შესანიშნავი ქალი,
მარია სუვოროვა გახლდათ და ხშირად პატიჟებდა ჩვენთან გიორგი ალექსანდროვიჩს, მიზეზით
თუ უმიზეზოდ, ზოგჯერ უბრალოდ გამოსაკვებადაც კი...
გ.გეგეჭკორი: მე ტოვსტონოგოვის უშუალო მოწაფე არ ვყოფილვარ. ჩემი პედაგოგი იყო დიმიტრი ალექსიძე, არაჩვეულებრივი რეჟისორი და პედაგოგი. მეორე კურსზე, სასცენო მეტყველების საწარმოო პრაქტიკაზე ვკითხულობდი ნაწყვეტს ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებიდან“. ამ გამოცდას ესწრებოდა გ.ტოვსტონოგოვიც. ისე ვღელავდი, რომ მაყურებელთა დარბაზისკენ ვერც კი ვიყურებოდი. მეორე დღეს ინსტიტუტში ადრე მივედი, რომ რეპეტიცია მარტო გამევლო. უცებ იხსნება კარი, შემოდის გიორგი ალექსანდროვიჩი და მეუბნება - „გოგი, მინდა ჩემს სპექტაკლში ითამაშოთ“. ისეთი მოულოდნელი იყო, უზომოდ გამიხარდა. ეს იყო ბივერსის როლი სპექტაკლში „დრო და კონვეის ოჯახი“. იმხანად ინსტიტუტში ცოტა ბიჭი-სტუდენტი სწავლობდა, მის სამსახიობო ჯგუფში კი სულ ორნი იყვნენ - მიხეილ გიჟიმყრელი და დავით ქუთათელაძე. ასე მოვხვდი ტოვსტონოგოვთან.
შემდეგ უკვე რუსთაველის თეატრში ვითამაშე გიორგი ტოვსტონოგოვის
სპექტაკლში კავალერი რიპაფრატა (კარლო გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“). ნათელას კურსზე
კი ამზადებდნენ პიესას „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“ და მე გლუმოვის როლი შემომთავაზეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უშუალო პედაგოგი დ. ალექსიძე
იყო, თავს გ.ტოვსტონოგოვის მოწაფედაც მივიჩნევ, ვინაიდან სწორედ მან მასწავლა ოსტატობა:
როგორ მიუდგე როლს, გახსნა მხატვრული სახე, როგორ იმუშაო დამოუკიდებლად, განსაზღვრო სად იწყება და მთავრდება ეპიზოდი. ყველაფერს თავისუფლად
და მარტივად მიხსნიდა. ერთხელ მითხრა: „გოგი, კონკრეტულ ნაწყვეტსა თუ დიალოგში ზუსტ
ამოცანას თუ განსაზღვრავ, ჩათვალე, რომ მთავარი საქმე გაკეთებული გაქვს“. მაგალითად
გლუმოვისა და დედამისის სცენა: გლუმოვი ფიქრობს, როგორ დახვდეს მამაევს, დედა კი ხელს
უშლის და უცებ გლუმოვი წამოიძახებს - არის! გამოვიდა! - ესე იგი, მან გეგმა შეიმუშავა.
ტოვსტონოგოვმა მითხრა: „დაწერე, რა მოიფიქრა გლუმოვმა და სცენის 60% გაკეთებული იქნება.“
ახალბედა მსახიობებს როლის თანმიმდევრულად აწყობას გვაიძულებდა. ბევრი მთავარი და მეორეხარისხოვანი
როლი მითამაშია; ვთამაშობდი გლუმოვს დოდო ალექსიძის სპექტაკლშიც, მაგრამ ეს მხატვრული
სახე გ.ტოვსტონოგოვმა დამამუშავებინა. სამწუხაროდ, წარმოდგენის („ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“)
პრემიერა ვერ შედგა, მხოლოდ გენერალური რეპეტიცია გვქონდა, რადგან სწორედ მაშინ მოხდა
კონფლიქტი, რის შედეგედაც ტოვსტონოგოვმა თბილისიდან გამგზავრება გადაწყვიტა.
ნ.ურუშაძე: ნიჭიერ ადამიანს ყოველთვის ბევრი მოშურნე ჰყავს, ნიჭიერი ადამიანი ზოგჯერ გაღიზიანებასაც იწვევს. ტოვსტონოგოვს კი მძიმე ხასიათი ჰქონდა. მეტისმეტად პირდაპირი იყო, ხშირად სასტიკიც კი, არასდროს ტყუოდა. ჩვენ მისი სიცოცხლის ბოლომდე არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა და ამიტომ მაქვს უფლება, ვიმსჯელო იმაზე, თუ რა მოხდა მაშინ თბილისში. ტოვსტონოგოვი, როგორც შემოქმედი აქ ჩამოყალიბდა. ჯილდოები ლენინგრადში მიიღო, მაგრამ შეეძლო თბილისშიც მიეღო.
[1]
დღემდე საკამათოა გ.ტოვსტონოგოვის დაბადების თარიღი, ერთი ვერსიით იგი
დაიბადა 1913 წლის 28 სექტემბერს პეტერბურგში, მეორეთი კი - 1915 წელს. ყველაზე რეალური
ვერსიაა 1915 წელი და პეტერბურგი, თუმცა მეტრიკაში გაურკვევლადაა ჩაწერილი ციფრი 3
ან 5; ეს გაურკვევლობა გ.ტოვსტონოგოვის უმაღლესში ჩაბარების საკითხსაც უკავშირდებოდა
- მშობლები შვილის თეატრით გატაცებას დროებით მოვლენად მიიჩნევდნენ, მამა ოცნებობდა,
რომ ვაჟი მის გზას განაგრძობდა და მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, გიორგი ტოვსტონოგოვი
თავდაპირველად თბილისის სარკინიგზო ინსტიტუტში ჩაირიცხა.
Comments
Post a Comment