ნათელა ურუშაძე - ეროსი მანჯგალაძე - მონატრება
ეს მოხდა ისე მოულოდნელად, დაჯერება შეუძლებელი იყო... ფეხზე დადგა მთელი უბანი. წითელსარტყელიანი თეთრი მანქანები შემზარავი კივილით მოარღვევდნენ ქუჩებს მისი სახლისკენ, მანამდე კი მეზობელი ექიმები თავგამეტებით იბრძოდნენ მისი სიცოცლისათვის... ყველაფერი ამაო იყო.
წამსვე მოედო ქალაქს ამბავი. არ იჯერებდნენ. თბილისს
არ სურდა დაჯერება, არც მის თეატრს, სადაც იმ საღამოს - 1982 წლის 26 იანვარს „რიჩარდ
მესამეს“ თამაშობდნენ. წარმოდგენა წუთი-წუთზე უნდა დაწყებულიყო. ან როგორ გინდა დაიჯერო
- დღეს, სამ საათზე, დიახ, ზუსტად სამ საათზე, ერთად იყვნენ მხატვარ რ.სტურუას დაკრძალვაზე,
შვიდ საათზე კი აღარაა?! ისე კი იყო უცნაური,
რომ ამხანაგი სასაფლაომდე არ გააცილა... არ ჰგავდა ეს ეროსის, მაგრამ ხომ ხდება ზოგჯერ...
ის აღარ იყო. ამის შესახებ გამოუცხადეს მსახიობებს.
გამოუცხადეს მაყურებელსაც. მათ შორის ზოგმა თეატრი დატოვა. დანარჩენები, ეტყობა, დაიბნენ
და არ წასულან. მსახიობები თამაშობდნენ. როგორ? ვის ახსოვს... მხოლოდ ფიქრობდა ყველა
დაძაბულად, გონს მოსვლას ცდილობდნენ, თავზე დამტყდარი უბედურების გააზრებას: რა მოხდა?
ჯანმრთელ კაცს გული რამ გაუგლიჯა? ნუთუ დატვირთვამ? ნუთუ იმან, რომ წლების მანძილზე
ისეთ როლებს თამაშობ, როგორიცაა ოიდიპოსი, ივანე მრისხანე, კენტი, ლოპესი, ბრუტოსი...
ტრაგედიულ, კომედიურ, წამყვანსა და ეპიზოდურ როლებს, გიღებენ კინო და ტელეფილმებში,
მიგყავს სპორტული გადაცემები, კითხულობ რადიოთი?.. დატვირთვა, მართლაც, უდიდესია, მაგრამ
ხომ საამოა, როგორც საბუთი იმისა, რომ ყველასთვის ხარ სასურველი...
იქნებ იმან, რომ ბოლო ხანს ახალ დადგმებში არ აკავებდნენ?
რა ვუყოთ მერე, ბევრს სხვა მის ტოლსაც აღარ აკავებდნენ. ხდება ხოლმე ასე თეატრში...
ძნელი კია...
ისეც ხდება, რომ შენი თეატრის ასი წლის სიცოცხლის აღსანიშნავი
კვირეულის არც ერთ წარმოდგენაში არ თამაშობ - იმ თეატრისა, შენი სულის ყველა ძალა რომ
შეალიე! ხდება, ხდება... მაგრამ ასეთი დღესასწაული არ შეიძლება იყოს ადვილი...
მანამდე რომ მთელი წელი სცენაზე სულ არ გამოსულხარ,
შენიშნა ვინმემ? რას იზამ... ხდება. უსაქმოდ მაინც ხომ არა ხარ - კინოშიც გიღებენ,
ტელევიზია ხშირად გიწვევს, რადიოც, კინომსახიობთა ახალგაზრდული თეატრიც... სულ ცოტა
ხნის წინ ამ თეატრის დირექტორობა ივალდებულა. რატომ? იმიტომ რომ, ახალგაზრდებმა და
მათმა ხელმძღვანელმა, მიხეილ თუმანიშვილმა დახმარება სთხოვეს? რაღა თქმა უნდა, ამიტომაც
- მის კეთილ გულში სხვისი გაჭირვება მყისვე ჰპოვებდა გამოძახილს, მაგრამ იმიტომაც,
ალბათ, რომ ამ ხნის განმავლობაში დაგროვილ მის დაუხარჯავ ენერგიას გამოსავალი სჭირდებოდა.
შემოქმედებითი დატვირთვა აუცილებელი იყო მისთვის ისევე, როგორც რუსთაველის თეატრის
სცენის სივრცე, ასე ახლობელი, არადა მასშტაბურობა მისი ნიჭის თვისება იყო.
თეატრისაგან სულ უფრო ხშირად იყო თავისუფალი. რა მიზეზით?
ამაზე საუბარი არ უნდოდა. არც სხვას აძლევდა ამის უფლებას. მას არ სურდა მოესმინა სიტყვა
თანაგრძნობისა, მით უფრო - ღმერთმა დაიფაროს - შებრალებისა! მაგრამ, როდესაც მარტო
რჩებოდა საკუთარ თავთან სახელგანთქმული მსახიობი და ამაყი ადამიანი - რაზე ფიქრობდა?
წარსულისა და აწმყოს გააზრებას ცდილობდა, ალბათ წარმატების მიზეზებისა და საფუძვლების
და ალბათ წარუმატებლობისაც. მით უფრო, რომ ასეთ წუთებს ავადმყოფურად განიცდიდა. ვერ
ისწავლა იმ ხავსის გამოყენება, გაჭირვების ჟამს რომ ჩაეჭიდებიან ხოლმე იმისი გამოცდილების
მქონე მსახიობები. გულისამაჩუყებელი იყო ეროსის დაბნეულობა ასეთ წუთებში. უცნაურად
მომხიბლველი.
ოცნებობდა განუხორციელებელ მხატვრულ სახეებზე... რამდენი
აზრი, რამდენი გრძნობა დაუგროვდა... რაღა თქმა უნდა, ეჭვის ჭიაც ღრღნიდა ეროსის: იქნებ
მაყურებელს, ადრე რომ ასეთ სიყვარულს იჩენდა მისდამი, ის აღარც ახსოვს? იქნებ, დღევანდელ,
მასზე ბევრად ახალგაზრდას, აღარც სჭირდება ისეთი ხელოვნება, თავის დროზე რომ დაამკვიდრა
მისმა თაობამ - ღრმა აზრის, წრფელი განცდის, გარდასახვისა და ანსამბლისა, როცა მსახიობი
სცენაზე პარტნიორისთვის არსებობს?... შესაძლოა...
რა საშინელი შეცდომაა! თურმე როგორ ყვარებია იგი მაყურებელს!
თუ ასე არა, რამ წარმოშვა ადამიანთა ის ნიაღვარი, უსასრულოდ რომ მოედინებოდა იმ დღეებში
და ავსებდა მის უბრალო საცხოვრებელს, რომელიც ვერც ყვავილებს და ვერც ცრემლებს ვეღარ
იტევდა? დიახ, ეს იყო მაყურებელი, სწორედ მაყურებელი, იმიტომ, რომ აქ მოსულნი თანაგრძნობას
უცხადებდნენ არა ოჯახის წევრებს და ნათესავებს (მათ ისინი არც იცნობდნენ), არამედ რუსთაველის
თეატრის მსახიობებს. ამით უსიტყვოდაც იყო ნათელი, ვის გლოვობდნენ ისინი.
შაბათ ღამეს ის თეატრში გადაასვენეს. 31 იანვარს,
12 საათიდან ყველასთვის გაიხსნა თეატრის კარი, მდუმარე ხალხი კი დილიდან იდგა რუსთაველის
გამზირის მთელ სიგრძეზე. ისინი დინჯად მოდიოდნენ, გაივლიდნენ სცენას, სადაც შემაღლებულზე
ესვენა ყვავილებში ჩაფლული მსახიობი ეროსი მანჯგალაძე, რომელსაც ეთხოვებოდნენ. ჩადიოდნენ
დარბაზში და იქ სხდებოდნენ. ვისთვისაც ადგილი აღარ დარჩა, ისინი ქუჩაში იდგნენ.
ქუჩას დარბაზთან მიკროფონი აკავშირებდა. იქიდან ისმოდა
მუსიკა, რომელიც ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლის საიდუმლოსა და დიდებულებას გამოხატავდა.
მოისმოდა ეროსი მანჯგალაძის განსაცვიფრებელი სიძლიერისა და სილამაზის ხმა: პოეზია,
პროზა, სცენები სპექტაკლებიდან... მოისმოდა იმათი ქვითინი, ვინც ავსებდა დარბაზს, სცენას,
თეატრის ფოიეს - მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, გრიმიორები,
ჩამცმელები, კაპელდინერები, სცენის მუშები... ერთმანეთში არავინ საუბრობდა, საპატიო
ყარაულში უხმოდ ცვლიდნენ ერთი მეორეს - ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით ან თვალით ანიშნებდნენ
მხოლოდ. მწუხარება მეფობდა აქ. ყველაზე ბუნებრივი მდუმარება იყო და ფიქრი. ყველა ფიქრობდა.
რას ფიქრობდა? ვინ იცის... ალბათ ყველა თავისას, რაც პირადად მას აკავშირებდა ამ შესანიშნავ
ადამიანთან და რაც მისთვის იყო ცნობილი. ეროსის მძიმე ბავშვობაზე და ნაადრევ დავაჟკაცებაზე,
ჯერ კიდევ ჭაბუკი როგორ გადმოსცემდა რადიოთი მეორე მსოფლიო ომის შესახებ ცნობებს, პირველ
მის სცენურ გმირებზე სტუდენტურ წარმოდგენებში: პარიზელი მეძონძე, ტეტერევი, კოლომიიცევი...
იმ რთულ შემოქმედებით ბრძოლებზე, ანსამბლის თეატრის პრინციპების დამკვიდრებისთვის რომ
მიმდინარეობდა 50-იან წლებში. შემოქმედებითი ერთმორწმუნეობის ბედნიერ ხანაზე. ისეთ
მშვენიერ მის ქმნილებებზე, როგორიც იყო ფუჩიკისეული იოზებ პეშეკი, გვადი ბიგვა, დათვი
გ.ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქაში“, ბოცო კალანდაძე გ.ხუხაშვილის „ზღვის შვილებში“, ირაკლი
რაზმაძე ა.ჩხაიძის „ხიდში“ და კიდევ მრავალი, ასეთ განსხვავებულ, თამამსა და მაღალმხატვრულ
სცენურ სახეებზე... ვინც მასთან ერთად მუშაობდა წლების განმავლობაში, ალბათ იხსენებდნენ,
როგორ ილტვოდა ეროსი ნათელი შემოქმედებითი მიზნისკენ, პიროვნების სიღრმეში მიმალული
იმ სტიმულების აღმოჩენისკენ, პერსონაჟის ქცევებს რომ წარმართავენ ხოლმე. და როგორ უმძიმდა,
თუ მათი აღმოჩენა არ ხერხდებოდა ან რეჟისორას ეს საერთოდ არ აინტერესებდა... როგორ
იცოდა გრძნობის დაფარვა. მოყვასის სიყვარული. გულისხმიერება ხომ მოთხოვნილებად ჰქონდა
ქცეული. რა საიმედო კაცი იყო. მოკრძალებული, მორცხვი, მომხიბლველი, რა ძნელია უიმისობა...
სცენაზე ეროსი მანჯგალაძის ყოფნის ამ უკანასკნელ წუთებში,
გრძნობებითა და ფიქრით დატვირთულ ამ მდუმარებაში რუსთაველის თეატრის ჩვეული სიმართლე
იყო - ამაღლებული განცდის სიმართლე. სცენის ხელოვანს ტიროდნენ. აქედან აღმოცენდა მოწოდება
- ტაშით გავაცილოთო მსახიობი. დიდხანს ისმოდა ტაში.
შემდეგ შენობიდან გასვლა სთხოვეს ყველას. ახლობლები
გამოეთხოვნენ ძვირფას ადამიანს და დაიწყო მისი ცხოვრების უკანასკნელი გზა...
ქუჩაში იდგა მაყურებელი. მწუხარე. საოცრად თავშეკავებული. თავაზიანად იპობოდა ხალხი შუაში, რომ გზა მიეცა იმათთვის, ვინც მის ცხედარს მოასვენებდა. ასე, დროდადრო შენაცვლებით, ახლა უკვე მაყურებელი მიასვენებდა მსახიობს იმ გრძელ გზაზე, რომელიც რუსთაველის თეატრიდან დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონამდეა გასასვლელი.
ცოტა ხნით შეყოვნდნენ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ძველი
შენობის შესასვლელთან, სადაც კინომსახიობთა თეატრია. დიდი, შავი ფარდა ოდნავ ირხეოდა.
ფოტოსურათზე ეროსი იღიმებოდა. შორით კი ზარის ხმა მოისმოდა, ხმადაბალი, გულისტკივილის
გამომხატველი ზარი... ახლა მის კუბოს ამ თეატრის ახალგაზრდებმა შეუდგეს მხარი. მათ
მოჰყვებოდა მაყურებლის ზღვა - მისი სამშობლოს ყველა კუთხიდან მოსული მოხუცები, ხანდაზმულები,
ახალგაზრდები, მოზარდები, პატარა ბავშვები, რომლებიც უფროსებს რატომღაც თან წამოეყვანათ...
წესრიგის დამცველები, რომლებსაც საქმე არ გასჩენიათ - დღევანდელი ხალხმრავლობა არ იყო
ბრბო. აქ არ იყვნენ ცნობისმოყვარენი. იყო მაყურებელი, რამდენიმე თაობის თეატრალური
მაყურებელი, რომელიც მსახიობისადმი თავის სიყვარულს გამოხატავდა, ეს იყო მადლობა იმის
სამაგიეროდ, რაც მას ეროსის შემოქმედებით განუცდია, ეს იყო სიდიადე არა მარტო პირადად
მისი, არამედ მისი პროფესიისაც - სიდიადე სცენის ხელოვნებისა!
ვისაც სიტყვით შეეძლო გამოეხატა თავისი სათქმელი, ისინი
გამოვიდნენ სამგლოვიარო მიტინგზე თეატრში, შემდეგ პანთეონში, რადიოთი, ტელევიზიით,
პერიოდული პრესის ფურცლებზე. ეთხოვებოდნენ მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, მხატვრები,
სპორტსმენები... ყველას სიტყვაში იგრძნობოდა არა მარტო გულისტკივილი და სევდა, არამედ
წრფელი სინანულიც - თურმე ყველამ რაღაც დააკლო... ამიტომ, იმ ღრმა შინაგან შეძრწუნებას,
ვინც იცნობდა მას, და შესაძლოა, არც იცნობდა პირადად, აკეთილშობილებდა გრძნობა ზნეობრივი
ამაღლებისა... იგი ბადებდა სურვილს - იყო სუფთა, კეთილი, გულისხმიერი... იყო კარგი
ადამიანი.
ამ ქვეყნიდან მიმავალი მსახიობი ეროსი მანჯგალაძე არ
ითხოვდა თანაგრძნობას. ის მოითხოვდა სიყვარულსა და პატივისცემას ყველას მიმართ, ვინც
შემოქმედად დაბადებულა, ვინც საჭიროა ხალხისთვის. ყველა გრძნობდა ამას.
ნათელა ურუშაძე
Comments
Post a Comment