გიორგი გეგეჭკორი; 1987 წელს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების მეათე ყრილობაზე წარმოთქმული სიტყვა



საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის დამფუძნებელი ყრილობა, ალბათ, ჩვენი ერის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. დღეს, როდესაც გარდაქმნის და განახლების დიდი ძვრებია დასახული და გადადგმულია პირველი ნაბიჯები მათი განხორციელებისათვის, თავისთავად ცხადია, თეატრი, ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად, ამ დიდი მოძრაობის ავანგარდში უნდა იდგეს. თეატრალური საქმიანობის გადახალისება თეატრების დემოკრატიულ საფუძველზე გადასვლით, თეატრების თვითმმართველობა, დამოუკიდებლად არსებობა, - ეს ყველაფერი მოითხოვს საქმისადმი ახლებურ მიდგომას, თეატრის მართვის ახალ სისტემას. ახალი თეატრალური ექსპერიმენტი ეწოდება ამ დიდ ნაბიჯს.

ახალი სამხატვრო საბჭოების არჩევნები, სარეპერტუარო პოლიტიკა, დასის გადახალისება, კონკურსები, მაყურებელთა მოზიდვის საკითხი, გასტროლების ორგანიზება, მცირე სცენის პრობლემები და სხვა ასეთი. ზოგი შეაშინა, ზოგი კი გაახარა ამ ექსპერიმენტის შემოღებამ. ერთი კი ცხადია, რომ თეატრები ერთობ საინტერესო, მაგრამ ძალზე რთული ამოცანის წინაშე დგანან. რას წარმოადგენს ეს ექსპერიმენტი პრაქტიკულად? პირველმა ნაბიჯებმა ზოგან სიმწვავე და კამათი გამოიწვია, უსიამოვნებაც კი. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ სწორად არ არის გაგებული ექსპერიმენტის არსი. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს მთავარია, დასში კონკურსების ჩატარება და ამიტომ ირჩევა ახალი სამხატვრო საბჭო, რომ მსახიობთა მომავალი ბედ-იღბალი ფარული კენჭისყრით გადაწყვიტოს. სინამდვილეში კი, დასის ხელახალი დაკომპლექტება მხოლოდ ნაწილია დიდი რეფორმისა, რომლის უმთავრესი მიზანია თეატრის მხატვრული დონის ამაღლება. ამიტომ კარგად უნდა გავერკვეთ სამხატვრო საბჭოს უფლება-მოვალეობებში. როგორ უნდა მიეხმაროს სამხატვრო საბჭო თეატრის ხელმძღვანელობას რეპერტუარის მოწესრიგებაში, მაღალმხატვრული წარმოდგენების მომზადებაში, დისციპლინის განმტკიცებაში, დასის მორალურ-ეთიკური სახის ჩამოყალიბებაში, ახალგაზრდობასთან მუშაობაში და სხვა ამგვარი.

მოგეხსენებათ, თეატრი კოლექტიური შემოქმედებაა, ამიტომ ყოველი მისი კომპონენტი ცალკე მსჯელობის საგანია, - მე მსახიობის შემოქმედებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს შევეხები.

უპირველეს საკითხად ვთვლი მსახიობის შემოქმედებითი ზრდისა და დაოსტატების საკითხს. თანამედროვე თეატრში ასეა: რეჟისორი ირჩევს პიესას, რეჟისორი ანაწილებს როლებს, რეჟისორი დგამს წარმოდგენას. თეატრის ასეთი სტრუქტურა უკვე თავისთავად განაპირობებს მსახიობის მდგომარეობას: - მას არაფრის არჩევის უფლება არა აქვს. ის იძულებულია, ის მოვალეა იმუშაოს იმ მასალაზე, იმ როლზე, რასაც მიიღებს რეჟისორისაგან. მე ისიც მესმის, რომ თეატრში 60 მსახიობია, ჩვენთან (იგულისხმება რუსთაველის თეატრი - ა.მ.) 80-ზე მეტიც კი და ყოველი მსახიობი თუ როლის არჩევას შეუდგება, ჩვენ ასე შორს ვერ წავალთ. ეს, რასაკვირველია, სწორია, მაგრამ ისიც სწორია, რომ ყველა თეატრში რეჟისორები ცდილობენ დააკავონ ის მსახიობები, რომლებსაც ენდობიან შემოქმედებითად. მიუხედავად ამისა, თითქმის არცერთი რეჟისორი არ ფიქრობს მსახიობის პროფესიულ ზრდაზე. ის ფიქრობს იმაზე, რომ ესა და ეს მსახიობი სჭირდება მას ამ როლისთვის (დრო ცოტაა, მსგავს როლებში უკვე გამოავლინა თავი, დამოუკიდებლად მუშაობა შეუძლია და ა.შ.), ერთი სიტყვით, მსახიობი სჭირდება რეჟისორს. მაგრამ სჭირდება თუ არა მსახიობს (რომელმაც წინა წარმოდგენაში თითქმის ასეთივე ხასიათის როლი შეასრულა), შეუსვენებლად, იმავე ჟანრში, მსგავსი როლის თამაში, - ამაზე არავინ ფიქრობს. ამიტომ მსახიობი მექანიკურად გადადის ერთი წარმოდგენიდან მეორეში, მეორდება, იშტამპება და, როგორც შემოქმედი, აღარ იზრდება. მსახიობის შემოქმედებითი ზრდა კი უმთავრესი პირობაა თეატრის მხატვრული დონის ამაღლებისთვის. როგორ მოუვლის სამხატვრო საბჭო ამ რთულ პრობლემას?

მინდა აქვე შევახსენო თეატრის ხელმძღვანელებს და რეჟისორებს, რომ მსახიობი, სანამ იგი ცოცხლობს სცენაზე, ღრმა მოხუცებულობამდეც კი, თხოულობს ფაქიზ დამოკიდებულებას, პატივისცემას და პედაგოგიურ მიდგომას. მსახიობის შემოქმედებითი ბუნება ურთულესი ცოცხალი მექანიზმია, მას ძალზე ფრთხილად უნდა მოექცეთ - ეს ერთნაირად ეხება როგორც წამყვან მსახიობებს, ასევე რიგით და ნაკლებად ცნობილებსაც, იმიტომ რომ, რიგითებსაც და უხმაუროებსაც შეიძლება ჰქონდეთ თავისი თემა, ოცნება, თავისი სიტყვა და ადგილი თეატრში, ამიტომ აუცილებელია მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლინება.

მსახიობის შემოქმედებითი ზრდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი ხელოვნების შეფასებას მხატვრული კრიტიკის მიერ, ვინაიდან მხატვრული კრიტიკა დიდად განაპირობებს საზოგადო აზრის შექმნას ხელოვანის შესახებ. მხედველობაში მაქვს რეცენზია, რომელსაც ასე ელოდება წარმოდგენის ყველა მონაწილე.

გაიხსენეთ მიმდინარე რეპერტუარის შესახებ დაწერილი შეფასებები და ადვილად შენიშნავთ, რომ უკვე შემუშავდა გარკვეული სტერეოტიპი რეცენზიებისა რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, შალვა გაწერელიას, გიორგი ქავთარაძის და სხვა რეჟისორთა სპექტაკლებზე. ამ რეცენზიებში მსახიობთა შეფასების ასეთივე მაგალითებს ვერ მოვიყვანთ, ვინაიდან ამ შეფასებაში კრიტიკოსის მთელი ყურადღება ეკუთვნის მხოლოდ რეჟისორს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მსახიობის შემოქმედების ანალიზს ამ რეცენზიებში ჩვენ ვერ ამოვიკითხავთ.

ნუ დავივიწყებთ, რომ სპექტაკლები დროთა განმავლობაში ქრებიან და რეცენზიები კი თეატრის ისტორიის უძვირფასესი დოკუმენტებია, ვინაიდან ისინი მოიცავენ კრიტიკოსების, ანუ მისი თანამედროვეების შეფასებასაც. თუ დედაქალაქშია ასეთი მდგომარეობა, წარმოიდგინეთ, როგორ ფასდება რაიონის თეატრის მსახიობთა შემოქმედება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ იქ მთელი სიმძიმე მსახიობის ზურგზე გადადის.

ყოველივე ამის შემდეგ, ალბათ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თეატრალური საზოგადოების საქმიანობაშიც აქამდე, ყველაზე მოკრძალებული მსახიობის წვლილი იყო. საკავშირო და მსოფლიო ფორუმებზე ქართულ თეატრალურ ხელოვნებას მსახიობები, ჩვეულებრივ, იშვიათად წარმოადგენენ ხოლმე.

რამდენი კომისია და ჟიურიც არ უნდა შედგეს თეატრალურ საზოგადოებაში, მის შემადგენლობაში მსახიობის შეყვანა ყოველთვის ავიწყდებათ. ეს იმ დროს, როცა ყველა გაიძახის: - „მსახიობი - სცენის მეუფეო.“

აუცილებელია, თეატრალური პრემიების, დათვალიერების და სხვა ღონისძიებების კომისიების და ჟიურის შემადგენლობის გადახალისება. შეუძლებელია წლების განმავლობაში სულ ერთი და იგივე ხალხი იყოს ამ შემფასებელთა ჯგუფებში. გადახედეთ თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის „თანამ
ედროვეობა და თეატრი“-ს ჟიურის, მარჯანიშვილის პრემიების კომიტეტის და ახალგაზრდობის დათვალიერების ჟიურის შემადგენლობის სიებს. ერთი მსახიობი თუ მაინც ურევია? ჩვენი ნეტარხსენებული ეროსი მანჯგალაძე იყო მარჯანიშვილის პრემიების კომიტეტის შემადგენლობაში და მისი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ არც შეუყვანიათ ვინმე მსახიობი. რატომ გგონიათ, რომ სპექტაკლის, როლის შესრულებას, რეცენზიას, მონოგრაფიას თუ წიგნს თეატრზე - ნაკლებად შეაფასებს ან გაიგებს მსახიობი?! ვფიქრობ, ეს ხარვეზი მომავალში აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

საერთოდ, მინდა მოგახსენოთ „პრემიერომანიის“ სენით დაავადებაზე. გასაგებია, რომ თეატრის მოღვაწეთა სპეციფიკას თან ახლავს წარმატება, სახელის მოხვეჭა, პოპულარობა, ტაში, მაგრამ ამ ბოლო წლებში, თეატრმცოდნეებმა, კრიტიკოსებმა და რეჟისორებმა გადააჭარბეს მსახიობებს. თუ თვალს გადავავლებთ საერთო სურათს, პროცენტულად მსახიობები ერთობ დაჩაგრულად გამოიყურებიან.

ასევე ბოლო უნდა მოეღოს მავნე ჩვევას, როდესაც პრემიის მოპოვებისთვის იბრძვის არა წარმომადგენელი ორგანიზაცია, არამედ თვით კანდიდატი.

თავშივე მოგახსენეთ, რომ მე შევეხები თანამედროვე თეატრში მსახიობისა და მისი შემოქმედებისადმი დამოკიდებულების ზოგიერთ მტკივნეულ საკითხს. ვფიქრობ, ესეც საკმარისია იმისათვის, რომ ნათელი გახდეს, თუ რამდენი რამ გვაქვს მოსაგვარებელი.

მსახიობთა „დიდი საამქროს“ სახელით გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალი გამგეობა და სამდივნო თეატრალურ მოღვაწეთა კავშირისა, ყურად იღებს ჩვენს გულისტკივილს და თავის მუშაობაში გაითვალისწინებს ჩვენს სურვილებს და მოთხოვნებს და კანონიერ ადგილს მიუჩენს ქართველ მსახიობს.

 გიორგი გეგეჭკორი

სიტყვა საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის დამფუძნებელ ყრილობაზე

1987 26.01.

Comments

Popular posts from this blog

ნათელა ურუშაძე; დღიურები; რუსთაველის თეატრი;1966 წელი (ნაწილი პირველი)

ეროსი მანჯგალაძე „კაცი, რომელსაც სიცოცხლე ძლიერ უყვარდა“

ნათელა ურუშაძე; დღიურები, რუსთაველის თეატრი; თეატრალური ინსტიტუტი; 1966 წელი (ნაწილი მეორე)