რუსთაველის თეატრის გასტროლები მექსიკაში, 1977 წელი


ტოლუკა - 2700 მეტრი, პატარა ქალაქი. 6-ში პირველი წარმოდგენა, „სამანიშვილი“[1], ბეწვის ხიდზე გავდივართ.

შესავალი მექსიკელმა არტისტმა წაიკითხა, (რუსთაველის) თეატრი გააცნო საერთოდ, წარმოდგენის პირობაც გააცნო და მოკლე შინაარსიც. წარმოდგენა ძალიან კარგად წავიდა, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა და ბუხუტის[2] ცუდად გახდომისა - წნევა დაერღვა და ა.შ. ბოლოს ხანგრძლივი აპლოდისმენტები. ახალგაზრდა მექსიკელები შემოვიდნენ და აღფრთოვანებულები გვეუბნებოდნენ, რომ მექსიკელებს გავხართო ტემპერამენტითო და საერთო აღფრთოვანება გამოხატეს.

ბუხუტი ცუდად გვყავს, ალბათ ეროსის მოუწევს შესვლა...

მოკლედ, ბეწვის ხიდზე გავედით. ვნახოთ, რა გველის წინ?... მივდივართ სხვა ქალაქში.

7-ში პუებლოში „კავკასიური[3]

უზარმაზარი დარბაზი, ხალხი - ნახევარი მოწვეული, ნაწილი ბილეთებით. დარბაზის მეოთხედი იყო, ვინაიდან წრე არ იყო და კულისებიც არ იყო, ამიტომ ტექნიკურად წარმოდგენას ბევრი ხარვეზი გააჩნდა. ამ სპექტაკლს თუ რომელიმე კომპონენტი აკლდება, ხელად ეტყობა ხოლმე. წარმოდგენის შემდეგ აპლოდისმენტები კი იყო, მაგრამ ჩვეულებრივი, ვინაიდან ენა არ ესმით. პირველი ნაწილი გაჭიანურებულად წავიდა. მსახიობებიც აჭიანურებდნენ, მაგრამ რამაზმა (რამაზ ჩხიკვაძე - აზდაკი) ამოქაჩა. ბუხუტი ისევ ცუდად გვყავს.
..

8-ში წამოვედით ისევ მეხიკოში, სასტუმრო „რიცი“. მიმდინარეობს მოლაპარაკება კერძო ანტრეპრენიორთან, იქნებ გააგრძელოს ჩვენი გასტროლები. ხვალ, 9-ში „ცარცი“, ზეგ, 10-ში „სამანიშვილი“. ბუხუტი მძიმედ არის. ალბათ ეროსის მოუწევს თამაში. ეს დიდი სისულელე იყო ბუხუტის წამოსვლა მექსიკაში. ტოლუკა მაღალია, 2700 მეტრი, საერთოდ, მექსიკა მაღალ ზეგანზეა, ასე რომ, აკლიმატიზაცია გავიარეთ.

მექსიკა საოცარი ქვეყანა ჩანს... გულისხმიერი ხალხი, ინდიელების და ესპანელების ნარევნი არიან, ძირითადად დაბალი ტანისანი და მუქი ფერისანი. ისე, უმთავრესად ფულის კეთებაზე არიან გადასული.

ჩვენი გასტროლები, ვინაიდან ფესტივალში ვმონაწილეობთ, ცოტა არაორგანიზებულია. მართალია, ორი დიდი ავტობუსი გვემსახურება და სასტუმროები კარგია, მაინც სპექტაკლების ხარისხი ის არ არის, რაც უნდა იყოს. აუცილებელი იყო პირდაპირი თარგმანი...

ვნახოთ, ხვალინდელი დღე რას მოგვიტანს. პესოები (მექსიკური ფული) ჩეჩქივით იხარჯება. საჭმელი მაინც ძვირი და უგემურია... ქათამს ზეთზე წვავენ... ცხარე და წიწაკიანი უყვართ... ნეტავი ჩვენები როგორ არიან... მომენატრნენ. უკვე 13 დღეა, რაც თბილისიდან წამოვედი. ნეტავი 16-ში დამთავრდეს ყველაფერი და დავბრუნდეთ.


ძალიან დიდი ქალაქია მეხიკო. ამბობენ, 10 მილიონზე მეტიაო. ძალიან ლამაზი ქალაქია.

ჰო, ვიყავით და ვნახეთ აქაური პირამიდები... ადრეული საუკუნისანი.... აცტეკების და აპაჩების დროინდელი მზის და მთვარის პირამიდები. კორიდაზეც იყვნენ, მე ვერ წავედი...

საქონელი იმდენია მაღაზიებში, რომ თვალები აგიჭრელდება... გოგიკას საღებავები, ფუნჯები და ელ გრეკო უნდა ვუყიდო...

აფსუს, პესოები ცოტაა. ისე ამდენი არტისტი ერ
თად და ამდენ ხანს, ისიც უცხოეთში ძნელი გასაძლებია... რას იზამ, ვითმენ... ნეტა ბუხუტი რას იზამს?... ღმერთო, ნუ გაგვწირავ... ტოლუკაში, პირველივე წარმოდგენაზე... დღის რეპეტიციაზე ცუდად გახდა, ყურებში არაფერი მესმისო, წნევა დაერღვა... საღამოს კი, ენა ებორძიკებოდა და მე ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან... მერე მითხრა, ტექსტი ხომ არ შემშლიაო? მე ვუპასუხე - არა-მეთქი. აბა, რა მექნა?! დღეს გაჯიუტდა და საავადმყოფოში არ წაჰყვა ექიმებს. სასტუმროში წევს. ვნახოთ, ხვალ როგორ იქნება....

საღამოს ვიყავით კინოში. „დეკამერონი“, იტალიური სურათი, პაზოლინის გადაღებული.

9-ში მეხიკოში „ცარცის წრე“

აქ უკეთესად წავიდა, ვიდრე პუებლოში. დეკორაციებიც უკეთ გამოიყურებოდა, წრე არც აქ იყო...

მექსიკელი არტისტი ხულიო კომენტარებს უკეთებდა გზადაგზა. ეს აღქმას უმსუბუქებდა მაყურებელს. ხალხი - ნახევარი დარბაზი იყო, 1400 ეტევა და 700-800 კაცი იქნებოდა. გვითხრეს, რომ ასეთი დასწრება არის საერთოდო. ერთი დეტალი - ზევითა იარუსებზე სტუდენტები იყვნენ. ჩვენმა ხელმძღვანელობამ შესთავაზა, რომ ჩამოვიდნენ პარტერშიო. უარი უთხრეს, ვინც 80-100 პესო გადაიხადა, ისინი პარტერში პროტესტს განაცხადებენო.

წარმოდგენა კარგად წავიდა. ბოლოში აპლოდისმენტები იყო, რა თქმა უნდა, მუსიკის დახმარებით, იყიდეთ, იყიდეთ-ის მელოდიაზე გამოჩნდნენ წარმომადგენლები, შემდეგ რეჟისორები და მსახიობები, ადგილობრივი თეატრები და აღფრთოვანებას გამოთქვამდნენ. ერთი აქაური პოეტი და რეჟისორი იყო, აგრეთვე მთარგმნელი, გვარი არ ვიცი, მან აღიარა, რომ წარმოდგენა ძალიან მოეწონა და რომ ეს გადაწყვეტა ახლებურია. უკეთ რომ ვთქვათო, ამ ხერხში მე უფრო პისკატორს და მეიერხოლდს ვხედავო. ეს დიდი კომპლიმენტია.

ხვალ „სამანიშვილია“. კავკასიურის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს დღევანდელი სპექტაკლი ხვალ მოიყვანსო ხალხს. ეჭვი მეპარება...

10 მაისი, „სამანიშვილი“

ხალხი იმდენივე, რამდენიც წინა დღეს. მექსიკელი მსახიობი ხუანი კომენტარებს უკეთებს მოქმედების მსვლელობისას. ჩვენ კი ამ დროს ვიყინებით (იგულისხმება, რომ სცენაზე სტატიურად დგანან და შემდეგ აგრძელებენ მომდევნო სცენას). მგონი, ეს კარგად გამოიყურება. ეხმარება წარმოდგენის აღქმას. რაც უმთავრესია, ეროსიმ ითამაშა ბეკინა. სამი დღე მარტო ამზადებდა ტექსტს, მერე მე ვიმუშავე მასთან, მოვამზადეთ შეძლებისდაგვარად.

ბუხუტი მეშვიდე სართულზეა და ჰგონია, რომ „კავკასიური“ იქნება. მას ვატყუებთ. ეროსი კარგად გამოვიდა მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, ღელავდა, მაგრამ ყველაფერი რიგზე იყო. განსაკუთრებით მეორე ნაწილი ამოიქაჩა და რეაქციებიც შესატყვისი იყო. მე ბოლო წინადადება ესპანურად წარმოვთქვი - „1896 წელი“. ამას ჰქონდა ეფექტი. აპლოდისმენტები ხანგრძლივი იყო, იმდენივე, რაც წინა დღეს. ორი უშველებელი თაიგულიც მოგვართვეს და ხალხიც გვილოცავდა, ავტოგრაფებს გვთხოვდა. ასე რომ, გაგვიმართლა.


11-ში წავედით გუანახუატოში, სადაც ძირითადი ფესტივალი ეწყობა. 5 საათის მგზავრობის შემდეგ ვნახეთ ზღაპარი ქალაქი, ნამდვილი ესპანური ძველი ქალაქი - ვიწრო ქუჩებით, მიხვეულ-მოხვეული გზებით, აღმართ-დაღმართით. ზღაპარში გვეგონა თავი, უფასოდ გვაჭმევენ, ხალხი უაღრესად თავაზიანი, ყველაფერს საზეიმო განწყობილება ატყვია. სულ სასტუმროებია. ჩვენი საოცრად ლამაზია. სულ მეგონა, რომ საშუალო საუკუნეში ვართ.

12-ში შესდგა „კავკასიური“ დიდი წარმატებით. 8 წუთი ტაში. აქ თქვეს, რომ 5 წლის მანძილზე ასეთი წარმოდგენა არ უნახავთ. წარმოდგენის შემდეგ ხალხი იცდიდა და ავტოგრაფებს სთხოვდნენ მსახიობებს.

13 მაისი. დღისით პრესკონფერენცია. რობერტი (სტურუა), ნოდარ გურაბანიძე და ასევე საელჩოს მრჩეველი პასუხობდნენ, რამაზი ძალიან აქტიურობდა. მეც მკითხეს დღევანდელ წარმოდგენაზე. მე კლდიაშვილი სერვანტესს შევადარე. ეს ესიამოვნათ. საღამოს 9.30-ზე დაიწყო წარმოდგენა, ვინაიდან ფესტივალია და 6 ან 7-ზე სხვა წარმოდგენებია, ამიტომ.

ეროსისთან კიდევ გავიარე რეპეტიცია. ახლა უფრო თავდაჯერებულია. წარმოდგენა ძალიან კარგად წავიდა. ბოლოს ისევ ესპანურად ვთქვი „1896 წელი“- ხანგრძლივი ტაში.

გამოვიდა ფესტივალის გენერალური დირექტორი და სიტყვა თქვა. სამწუხაროდ, არავინ გვითარგმნიდა, მაგრამ ვფიქრობ, მადლობა და აღფრთოვანება გამოხატა. ისევ ტაში. ჩვენები გვილოცავენ, უშუალო მასპინძლები და, რაც მთავარია, მაყურებლები. ავტოგრაფები, ავტოგრაფები...

ხვალ მივემგზავრებით ლიონში - აქაც არის ასეთი ქალაქი. (იგულისხმება ქალაქი ლეონი)

16-ში უნდა წავსულიყავით, მაგრამ გადაიწია ჩვენი წამოსვლა, რაღაც გართულებაა... საშინლად დამღლელი და დამქანცველია. არ ვიცი, კიდევ იქნება წარმოდგენა თუ არა. ვნახოთ პრესის გამოხმაურება.

ამ მაღაზიებში სირბილმა და ყიდვამ ხალხი გამოაშტერა. საცოდავი ზურაბ აბაშიძე ბუხუტისთან დატოვეს, ძალიან მეცოდება. დიდი სიამოვნება დაკარგა.

საშინლად მომენატრნენ ჩვენები. არ მეგონა, რომ ასე გაჭიანურდებოდა ეს გასტროლების ტურნე. ეჰ, თარგმანი რომ ყოფილიყო „ნაუშნიკებით“, მაშინ უფრო დიდ ეფექტს მოახდენდა.

როგორც ჩანს, ამ ქალაქში დრამატული თეატრის კოლექტივები არ არის. შენობები კი ბევრი აქვთ. ეტყობა, ფესტივალებისთვის. უფრო მუსიკალური ვოდევილებისთვის.

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, უამრავი ახალგაზრდობა ამოვიდა აქ ჩვენს სასტუმროში და უკვე ღამის 4 საათია და ესენი მაინც უკრავენ და ცეკვავენ და არ იშლებიან. ეტყობა ეს მათთვის ჩვეული ამბავია. ხვალ დილით კი ადრე უნდა ავდგეთ.

14-ში

გადაგვიყვანეს ქალაქ ლიონში (ფრანგულის გავლენით), სასტუმრო იქ გველოდებოდა, ერთი დღე-ღამე იქ გავატარეთ, ვნახეთ რაღაც კოშმარების კინო-სურათი (აპოკალიფსის 666 და 33 - ეშმაკეულის არსებობა ადამიანში. გრეგორი პეკის მონაწილეობით.[4] მეორე დილით წავედით მექსიკის უფრო შუაგულებში - აგუა ვილიენტე - ანუ ქალაქი ცხელი წყლებით) - თბილისიო, ჩვენები ოსტრობენ. ესეც შტატის ცენტრია. აქ პატარა თეატრში შედგება „ცარცის წრე“.

ჰო, დილით ვნაეთ ლი
ონის გაზეთში ფოტოები „სამანიშვილიდან“ - ჩხირი კედელს! - სტავკა ხომ ისევ „ცარცზე“ კეთდება. კალკუნოვიც ამბობს, რომ „ცარცის“ ხათრით ვართ წამოსულები. ასევე, წინა დღეს 13-ში ლიონში „ცარცის“ სურათები და საერთო წერილი იყო, უფრო კი პრესკონფერენციის ანგარიში იყო, ცოტაც სპექტაკლზე.

ხვალ მივდივართ მეხიკოში - ე.ი. 23-მდე გრძელდება ჩვენი აქ ყოფნა; ამიერიდან გადავდივართ გოსკონცერტის ხარჯზე, იმიტომ რომ, ფესტივალის ორგანიზატორებმა 16-ში დაამთავრეს თავიანთი ღონისძიება. რა მოგველის იქით... უსაქმოდ უნდა ვიყოთ. საერთოდ, იმედი ჰქონდათ, რომ გასტროლებზე გადავიდოდით, მაგრამ ეს არ შედგა, ვინაიდან ვიღაც ორგანიზატორი ესპანეთში წასულა. ერთი სიტყვით, ბედის ანაბარა ვართ დატოვებული. 23-ში კუბადან უნდა გავფრინდეთ, ჰავანიდან.

ღამის 6 საათია, ე.ი. თენდება. ამ ქალაქში კოღოები ყოფილა და მე-6 სართულზე ამოფრინდნენ. კარგადაც დამკბინეს მე, ეროსი - არა. ესეც ჩემი ბედია, ასე რომ ძილი კიდევ გამიტყდა...



[1] დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“; დაიდგა 1969 წელს, რეჟ. თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა. https://www.youtube.com/watch?v=Rj5sXxxdvK8

[2] ბუხუტი ზაქარიაძე თამაშობდა ბეკინა სამანიშვილის როლს.

[3] ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“, რეჟისორი რობერტ სტურუა, პრემიერა შედგა 1975 წელს. https://www.youtube.com/watch?v=OZhQHXCAD70

[4] სავარაუდოდ, საუბარია 1976 წლის ფილმზე The Omen 

Comments

Popular posts from this blog

ნათელა ურუშაძე; დღიურები; რუსთაველის თეატრი;1966 წელი (ნაწილი პირველი)

ეროსი მანჯგალაძე „კაცი, რომელსაც სიცოცხლე ძლიერ უყვარდა“

ნათელა ურუშაძე; დღიურები, რუსთაველის თეატრი; თეატრალური ინსტიტუტი; 1966 წელი (ნაწილი მეორე)