ნათელა ურუშაძე; დღიურები, რუსთაველის თეატრი; თეატრალური ინსტიტუტი; 1966 წელი (ნაწილი მეორე)

  

13.12.66 

მოსკოვი

დღისით დორიანი იყო კულტურის მინისტრის მოადგილე ვასილევთან, რომელმაც უთხრა, რომ ჩვენი უცხოეთში წასვლის საკითხი გადაწყვეტილია. გასარკვევია მხოლოდ ქვეყანა. აღშფოთებული ყოფილა დევის[1] საქციელით - როგორ გვთხოვა, მარჯანიშვილის თეატრი გაუშვით ბუქარესტში, როდესაც არ უვარგათ წარმოდგენებიო. ახლა არის შესაძლებლობა პარიზის „ეროვნულ თეატრში“ თქვენი გაშვებისა ფესტივალზე, თუკი სერგო ეტყვის ამის შესახებ ფურცევას[2]. თუ არა, მაშინ ზაფხულში თქვენ გაგიშვებთ ბუქარესტში, მომავალ 1968 წელს, იანვარში კი - პარიზში.

შემდეგ ვიყავით ტელევიზიაში გ.ა. ივანოვთან (ჩვენი კაკო ძიძიგური) არჩილი, დორიანი, ვახტანგ გოგეშვილი, გოგი ქავთარაძე და მე. გამოგვიცხადა, „მზიან ღამეს“ ვერ გადავცემთ ტელეთიო, რადგან ახალგაზრდობა ცუდად გამოიყურება - ცუდად სწავლობს, არაფრის არ სჯერა - პესიმისტური პიესააო. ჩვენ მივხვდით, რომ ნამდვილ მიზეზს არ გვეუბნებიან - კულტზე[3] სიტყვაც აღარ უთქვამთ. ეს ივანოვი ნამდვილი კრუტიცკია, მსგავსი არაფერი მინახავს, მხატვრულ განზოგადებამდეა მისული. შემზარავია. გადაწყდა, რომ ხვალ „მზიანის“ ნაცვლად „სიბრძნეს“ გადასცემენ.

საღამოს „ლირი“. ზღვა ხალხი, გასასვლელებში ფეხზე იდგნენ. მათ შორის: მარკოვი, პლუჩეკი, კოზლოვსკი, სმოკტუნოვსკი, ლივანოვი, ტიხონოვი, ირ. ანდრონიკოვი, ზურიკო ანჯაფარიძე, ლევინი, აბალკინი, ბუხარსკი და სხვები. წარმოდგენა არც ისე კარგად მიდიოდა, მაგრამ წარმატება უზარმაზარი იყო. სპექტაკლის ბოლოს მაყურებელი მიაწყდა რამპას, არ მიდიოდნენ, ყვიროდნენ „спасибо“. მერე კულისებში შემოვიდა ყველა ზემოთდასახელებული პირი, ჩვენც, რა თქმა უნდა, რადიო და ტელე მოვიშველიეთ. ერთი სიტყვით, იყო ნამდვილი დღესასწაული.

სასიხარულო იყო სერგოს და სხვა მსახიობების (რატომღაც, სერგოს და ქალიშვილების მეტი არავინ გამოსულა ფოიეში, გრიმს იხსნიდნენ) ყურება - რა ბედნიერები იყვნენ. როგორი წარმოდგენაც არ უნდა დადგა, თუ ეს სიხარული, ერთნაირად საჭირო და სასურველი მსახიობის და მაყურებლისთვის არ არის, არც თეატრია...

 

14.12.66

2.30-ზე სრულიად რუსეთის თეატრალურ საზოგადოებაში  შედგა ჩვენი საგასტროლო სპექტაკლების განხილვა. ჩვენი დასის წევრების გარდა სხვებიც იყვნენ. სხდომა გახსნა პ.მარკოვმა. გამოვიდა 4 მომხსენებელი: ი. მ. რაევსკი, ე. ლ. ლუცკაია, ი. დიმიტრიევი და ვ. პლუჩეკი. მთელი სხდომა ფირზე ჩაიწერა, იწერებოდა სტენოგრამაც. ძირითადი: თეატრი დგას ახალ გზაზე, შეინარჩუნა ამაღლებული რომანტიკის შესანიშნავი ტრადიცია, მაგრამ შეიძინა ახალი - კოტურნებიდან მიწაზე ჩამოიყვანა და დატვირთა დიდი მოქალაქეობრივი აზრებით და ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსით. ამ ახალს ყველა ესალმება. აგრეთვე მრავალფეროვნებას ჟანრში და 3 თაობის ორგანულ შერწყმას ერთიან შემოქმედებით და მოქალაქეობრივ პოზიციაში. ეროვნული თავისებურების შერწყმას თანამედროვე თეატრის დონესა და ბუნებაში. მოქალაქეობრივი პოზიციის გარკვეულობას მთელ რეპერტუარში.

ჩემი აზრით, ეს იყო მთავარი თეატრისთვის. ამჟამად მისი ძირითადი მიზანი იკითხება ყველასთვის, მიღებულია და ესალმებიან.

პირველ ნომრად გავიდა „სეილემის პროცესი“, რობიკო და ედიშერი. სერგოზე მხოლოდ პლუჩეკმა ილაპარაკა, ისიც კრიტიკით და შენიშვნებით. თუმანიშვილი არც კი უხსენებიათ, ისევე, როგორც ჩვენი თაობა საერთოდ, თუ არ მივიღებთ მხედველობაში რამდენიმე კრიტიკულ ფრაზას რეგანის, გონერილას და კენტის შესახებ. საერთოდ, იყო ლაპარაკი ძირითადად მთლიანზე ან სპექტაკლზე, ან საგასტროლო რეპერტუარზე. ცალკე მარტო ედიშერი გამოყვეს. მე ძალიან მიხარია მარტო იმიტომ კი არა, რომ ედიშერს გაუმართლა, კიდევ იმიტომაც, რომ ეს სამართლიანია, მაგრამ პროქტორის გვერდით არ დაინახო მხატვრულად ასევე სრულფასოვანი სახეები, როგორიც რამაზის ქოსა და მეზურნე, ეს არ არის სამართლიანი. ეტყობა პროქტორს იმანაც შეუწყო ხელი, რომ მისი სახე გარდა მხატვრული ღირსებისა, მოქალაქეობრივადაც ამაღელვებელია. ეს ფაქტორი რომ
არ იყოს ბევრი რამის განპირობებელი, მაშინ არ ილაპარაკებდნენ ბუხუტის მეზურნეს ბოლო მონოლოგზე, რომლის შინაარსიც გაღელვებს,
თორემ ბუხუტი რამაზთან ვერასდროს ვერ მოვა ამ პიესაში.

ვფიქრობ, დღევანდელი მსჯელობა ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენთვის (მოსკოვში ჩამოსვლით ხომ არ თავდება ჩვენი მუშაობა!), ჯერ ერთი იმით, რომ აღიარეს
ჩვენი გზა, მეორე - გამოჩნდა, რომ საშუალო თაობას არა აქვს რეპერტუარი, ამიტომ ვერ უჩვენა თავისი შესაძლებლობა. სასარგებლო იქნება ალბათ სერგოსთვისაც - იქნებ მიხვდეს, რომ დენფორტის როლი გააფუჭა, რომ არ შეიძლება ლირის ასე დანაწევრება. მიშასთვისაც - არ იყო საჭირო „ლირის“ დადგმა ერთი არტისტისთვის და მთელი თაობის დაკავე
ბა ისეთ დრამატურგიაში, რომელიც არცერთს არ აღელვებს.

ბევრი სადავო ითქვა, მაგრამ ძირითადად შენიშვნები სამართლიანი იყო. რაც მთავარია, მსჯელობა უმაღლესი მოთხოვნილებების პოზიციებიდან მიმდინარეობდა, რაც თავისთავად უკვე დიდი ქება და აღიარებაა.

საღამოს ვიყავით ლ. ვარპახოვსკისთან[4] ელენე, ირინა, ედიშერი, ნატა[5] და მე. შესანიშნავი პიროვნებაა ვარპახოვსკი და მთელი მისი ოჯახი. ბევრი საინტერესო გვიამბო. რა თქმა უნდა, ვკითხე ახმეტელზე. მოკლედ მითხრა - დამდგმელი იყო ბრწყინვალეო. მერე მეიერჰოლდზე[6] გვიამბო, მეიერჰოლდის ცოლი ზინაიდა რაიხი მანამდე ესენინის[7] ცოლი იყო. ჰყავდა მისგან 2 შვილი, როცა წაჰყვა მეიერხოლდს, (1 და 3 წლის ქალ-ვაჟი). ბავშვები მეიერჰოლდთან იზრდებოდნენ და მამას ეძახდნენ. როდესაც მეიერხოლდი ლენინგრადში დააპატიმრეს (1939), მოსკოვში მისი ბინა დალუქეს. შვილებმა გატეხეს ბინა და კაბინეტში შენახული ყველა მასალა გამოიტანეს (შიგ მათ ნაცვლად ჩააწყვეს საბუღალტრო ანგარიშები, რომლებიც თურმე მეიერჰოლდს მუდამ აინტერესებდა და ინახავდა). აგრეთვე 5000 წიგნი მისი ბიბლიოთეკიდან კომენტარებით და მინიშნებებით. ეს ყველაფერი დაუმალიათ მათი აგარაკის სხვენზე. ომის დროს, როდესაც საშიში იყო ყუმბარით აგარაკის განადგურება, მიუმართავთ მეიერჰოლდის მეგობრებისათვის, რა თქმა უნდა, ყველას სხვადასხვა მიზეზით უარი უთქვამს შენახვაზე. ბოლოს მისულან ეიზენშტეინთან[8]. მას აუღია ნებართვა კინოსტუდიის საბარგო მანქანაზე, ზედ დაუწერია „პური. რძე“. აუღია საშვი და წასულა იმ აგარაკზე მოსკოვის მახლობლად. ტომრებში ჩაუწყვია ეს მასალები და სახლში მოუტანია. ეიზენშტეინის გარდაცვალების შემდეგ მის ბინაზე აღმოჩნდა მეიერჰოლდის მთელი არქივი, რომელიც ერთი ინსტიტუტის კვლევის მასალაა.



შარშან ვარპახოვსკი პოლონეთში ყოფილა დელეგაციაში, რომელიღაც თეატრში, რომელსაც ხელმძღვანელობს ადამიანი (გვარი დამავიწყდა), რომელიც ამ თეატრის დირექტორი, მთავარი რეჟისორი და მთავარი არტისტია. პირველი მოქმედების შემდეგ ანტრაქტში ყავა მიურთმევიათ სტუმრებისთვის, როდესაც სტუმრებს აცნობდნენ დასს და ვარპახოვსკის უთქვამს, რომ მეიერჰოლდის მოწაფეაო, მთელი დასი, როგორც ერთი კაცი, ფეხზე ამდგარა და ასე ყოფილან რამდენიმე წუთის განმავლობაში. ვარპახოვსკი ამბობს, რომ უცხოეთში მეიერჰოლდი აღიარებულია მიქელანჯელოს დონის გენიოსად.

ძალიან უყვარდა თურმე ნამდვილი სიძველე, ბრწყინვალედ და უცდომლად ერკვეოდა ყველა ნივთის სინამდვილეში. „მარგარიტა გოტიესთვის“ ვარპახოვსკი გაუგზავნია ლენინგრადში ნივთების საყიდლად. საინტერესოა, რომ ეს ნაწარმოები მე-19 საუკუნის 60-იან წლებს ასახავს, მაგრამ იმ დროის კაბები არ მოსწონდა ხაზების თვალსაზრისით - უნდოდა, რომ ბოლო შლეიფი ყოფილიყო, ამიტომ მოქმედება 80-იანებში გადმოიტანა, ავეჯი კი 60-იანის დატოვა - ავეჯი ათეული წლების განმავლობაში რჩებაო, ამბობდა. ჩამოტანილი ნივთებიდან ნახევარს ყრიდა, თურმე არ იყო ნამდვილი - ვარპახოვსკი ვერ ამჩნევდა. ამ სპექტაკლში ყველაფერი ნამდვილი იყო.

მარგარიტას პირველი შემოსვლა რომ გაუკეთებია (აღვირი), დამსწრეებს უთქვამთ რეპეტიციაზე - ის ხომ ჭლექიანია და ასე როგორ შემოაჭენებდაო - საშინელებაა სცენაზე ჭლექიანის ჩახველებით თამაში. საქმეც ისაა, რომ ცოტა დარჩა სიცოცოხლე და ხარბად ეწაფება ყველა სიამოვნებას. ხოლო მის ავადმყოფობას იმით ვუჩვენებთ, რომ ნანინ სულ თბილი მოსასხამით დასდევს, ის კი არ იხურავს მხრებზე.

მეიერჰოლდი ძალიან ცრუმორწმუნე და ეჭვიანი ყოფილა.

 15.12.66

ვერ წავედით მხატის[9] ფილიალში კოჰოუტის ჩვენ წარმოდგენაზე („ჩვენ წარმოდგენაში“ იგულისხმება მხატის „როცა ასეთი სიყვარულია“, იგივე პიესა მიხეილ თუმანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა და იმ დროს თეატრის რეპერტუარში იყო), ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვერსად ბილეთი ვერ ვიშოვეთ, მეორე - ვარპახოვსკიმ დაგვპატიჟა თავის დადგმაზე მცირე თეატრის ფილიალში. ვნახეთ დე ფილიპოს „Рождество в доме синьора Купьелло“. შესანიშნავი პიესა და მშვენიერი სპექტაკლი. თავიდანვე, ფარდის გახსნის პირველსავე წუთიდან ოჯახურ ატმოსფეროში ხარ, ეს ერთი ოთახი სხვადასხვა სურათში სხვადასხვა კედლით იხსნებოდა, შინაურობა იყო, всё обжитое. ბრწყინვალე იყო ვ.კენიგსონი მთავარი გმირის ძმის, პასკუალინოს როლში - გასაოცარი სიმართლით ცხოვრობდა და ყოველი ამოცანით, თუნდაც უმნიშვნელოთი, ბოლომდე გატაცებული იყო და სერიოზულად იბრძოდა მისი მიღწევისთვის. ბოლო მოქმედებაში წუთიერი შემოსვლა ჰქონდა. კითხულობდა, როგორ არის მომაკვდავი ძმა და ისევ შედიოდა თავის ოთახში - როგორი დატვირთული იყო შინაგანად ეს წუთიერი გამოჩენა!

ძალიან საინტერესო იყო ფინალი - როდესაც ლუკა მოკვდა, პიესაც გათავდა, მაგრამ ფარდა არ დაიხურა. მაყურებელმა მაინც იგრძნო, რომ წარმოდგენა დამთავრდა, ტაში დაუკრა. გმირები გამოვიდნენ იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყვნენ მათი სცენური სიცოცხლის ბოლო წუთებში - ზოგი ცალკე, ზოგი
ჯგუფურად, მაგ.: დედა და შვილები ერთად - შვილები აქეთ-იქეთ ედგნენ ახლად დაქვრივებულ დედას, თითქოს ეს არის მამა დაასაფლავეს და სასაფლაოდან ბრუნდებიანო. ასეთი თავის დაკვრა ჯერ არ მინახავს სპექტაკლში. ძალიან შთამბეჭდავი იყო.

წარმოდგენის დასასრულს ვარპახოვსკი და მისი მეუღლე მოვიდნენ, ერთად წამოვედით (ელენე ახვლედიანი, ირინა, გოგი, მე და ისინი). ყველამ გამოვთქვით ჩვენი აღტაცება სპექტაკლით, ელენეს განსაკუთრებით მოეწონა ლუკას სიკვდილის ეპიზოდის განათება: ავანსცენაზე, შუაში დგას ფართო საწოლი ფეხის მხარით მაყურებლებისკენ, ასე რომ ლუკას სახე ჩვენ წინაა. განათებულია ზემოდან, როგორც რემბრანდტის სურათები.

მე ვუთხარი ვარპახოვსკის, რომ განსაკუთრებით გამაოცა ატმოსფერომ. მან მიპასუხა, რომ ეს არის ყველაზე ძნელი რეჟისურაში და ამიტომ უყვარს თავისი ეს სპექტაკლი.

წამოვიდნენ ჩვენთან, ავედით ბუფეტში ჩაის დასალევად, იქ მიშა თუმანიშვილი შეგვხვდა, გვიანობამდე ვიყავით.

 

16.12

მე და გოგი წამოვედით მოსკოვიდან.

 

20.12.66

წუხელ ჩამოვიდა დორიანი. სერგო, არჩილი და ოთარ ლითანიშვილი და დორიანი ყოფილან ფურცევასთან. შაბათს აპირებდნენ, მანამდე ჩვენ წარმომადგენლობაში ყოფილან (სერგოს სჭირდებოდა რაღაც გუგასთან (გუგა ზაქარიაძე, სერგო ზაქარიაძის შვილი) დაკავშირებით), იქ ჩოგოვაძე შეხვედრიათ და უთქვამს ფურცევასთან ისე ნუ წახვალთ, რომ მჟავანაძეს არ უთხრათ, შეიძლება ეწყინოსო. ამის გამო იმ დილას ვერ წასულან, საღამოს მისულან ისევ ჩვენ წარმომადგენლობაში მჟავანაძესთან, გზაში ტაქსიში სერგოს და არჩილს ჩხუბი მოსვლიათ და სერგოს მანქანა გაუჩერებია და ჩამოსულა, დორიანი გამოჰკიდებია, მალევე დაუბრუნებია, მჟავანაძეს ძალიან კარგად მიუღია, იქვე გ.ჯავახიშვილი ყოფილა, რომელსაც უთქვამს, ძალიან გვიშველა რუსთაველის თეატრის გამარჯვებამ, ქართული ბალეტის პარიზში გაგზავნა შეცდომა იყო, სადაც მივედი, ყველგან ამათ აქებენო. როდესაც გაიგეს, რაზე მიდიოდნენ ფურცევასთან, მოუწონეს. მჟავანაძეს უთქვამს, თუ საჭირო იქნება, მეც ვეტყვი, რომ გაგიშვან საფრანგეთშიო.

ორშაბათს ფურცევასთან იყვნენ - სანამ მოვიდოდა, მის მოადგილე პოპოვთან (?) იყვნენ, ძალიან კარგად მიუღია, 2 საათს ყოფილან, უთქვამს ჩვენის მხრივ ჩვენ თქვენ წარგადგენთ პარიზის ფესტივალზე, მერე ჩამოვა მათი იმპრესარიო და ვფიქრობ, წახვალთო. ვნახოთ!




 


22.12.66

ინსტიტუტში ვნახე მეოთხე კურსის პირველი სადიპლომო სპექტაკლი „რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი“, იური კაკულიას დადგმა. იყვნენ რევაზ ნათაძე (ჩვენი ინსტიტუტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე), სესილია თაყაიშვილი და სხვ. წარმოდგენა არ ვარგოდა, სულ ტექსტის კითხვა იყო, ინსტიტუტს ამთავრებენ და წარმოდგენა არა აქვთ, რა არის მოქმედება. კარგი იყო ესთერის როლის შემსრულებელი გალინა პატარიძე. ისიც ძირითადად კითხულობდა, მაგრამ კარგად მეტყველებს, ხმაც აქვს, მეტყველი სახე, რაც მთავარია, დრამატიზმი.

გასაოცარი იყო დარბაზი - ის 150 კაცი, რომელსაც ჩვენი დარბაზი იტევს, ჩვენი სტუდენტების, ე.ი. მონაწილეთა ამხანაგების, მათი ნათესავების, მეგობრებისა და პედაგოგებისგან შედგებოდა. უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო. ამაზე კარგად ორგანიზებული და კეთილგანწყობილი მაყურებელი ძნელი წარმოსადგენია და მაინც დრამატულ მომენტებში იცინოდნენ. უკანასკნელ წუთებშიც კი, როდესაც გოგონას კლავენ, მაშინაც იცინოდნენ. აღშფოთებული რ. ნათაძე ამბობს, ეს ჩვენი ეროვნული ტრაგედიაა, ასეთი ახალგაზრდობა რომ გვყავსო. იქნებ საქმე ისაა, რომ სცენური ხერხები არ არის ამ ახალგაზრდობისთვის დამარწმუნებელი და რეაქციაც იმიტომაა ასე საპირისპირო.

საოცარია მაინც - კომედიაზე ვერ გააცინებ, დრამაზე კი იცინიან.

წარმოდგენის შემდეგ თეატრში ჩავედი. დორიანმა მითხრა, სერგო იყო - მკვდარია კაცი ვ. პლუჩეკის წერილის შემდეგ, „პრავდაში“ რომ გამოქვეყნდა გუშინწინ - რა გამოდის, მე ცუდად ვთამაშობ ლირს, დანარჩენები კი ჩემამდეც ვერ აღწევენო. მიშაც უკმაყოფილოა.

ერთი სიტყვით, ირკვევა, რომ თეატრის საერთო და პრინციპული გამარჯვება არ ყოფილა მთავარი და ძირითადი - ყველას მაინც თავისი პირადი წარმატება უფრო აწუხებს.

 

23.12.66

გვქონდა კოლეგიის მორიგი სხდომა. სერგომ ისევ (მერამდენეჯერ!) განაცხადა, კოლეგიას არავითარი ძალა აღარ აქვს. ფორმალურად არსებობს მხოლოდ, თორემ შტატების შემცირების საკითხთან დაკავშირებით რატომ სანამ ყველა არ გამოგვიძახეს სამინისტროში, ან დ.სტურუამ გასტროლების შემდეგ რატომ ყველა არ დაგვიბარა, მარტო დირექტორი, მერე არჩილი. თეატრშიც ასეა - კოლეგიის გადაწყვეტილება არ არის კანონი, ამიტომ მის არსებობას არა აქვს აზრი, ამიტომ ზედმეტად მიმაჩნია და ვთქვათ ეს. მე აღარ მინდა ამაში მონაწილეობა.

მე დიდი ხანია ვხედავ ამას - კოლექტიური ხელმძღვანელობა არ გამოდის, არჩილს კი არავითარი ხელმძღვანელობა არ შეუძლია. ძალიან კარგი კაცია, ხელს არავის უშლის, მაგრამ თვითონ არც არაფერს აკეთებს, არც არავითარ პასუხისმგებლობას გრძნობს, არც უხერხულობას იმის გამო, რომ „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ფაქტიურად მიშას გაკეთებულია და „მეზურნეები“, რომელშიც არაფერი არ გაუკეთებია, მსახიობები გიჟდებოდნენ, არ ვიცით რა ვქნათო, სანამ მიშა არ შევიდა და არ აუხსნა - ეს ორივე სპექტაკლი მას მიაწერეს (ა.ჩხარტიშვილს) და სულ არ რცხვენია.

ჩვენ კი ვიცით რისთვის დავსვით ეს არჩილი თეატრის მთავარი რეჟისორის ტახტზე, მაგრამ თვითონ ხომ არ იცის?! როდემდე შეიძლება ბრიტანეთის დედოფლის მსგავსად ტახტზე იჯდე და არაფერს არ ნიშნავდე?!

მერე, არჩილი და სერგო რომ წავიდნენ, მე, მიშა და დორიანი დიდხანს ვლაპარაკობდით, რა გვეშველება ამ ინერტული მთავარი რეჟისორის ხელში. მიშამ მითხრა, შენ უნდა აიღო ინიციატივა და დიპლომატიურად აიძულო, რამე გააკეთოს, ვითომ მისგან მოდის ეს ინიციატივაო.

სახლში რომ წამოვედით, მე და მიშამ გადავწყვიტეთ, ყოველდღე 15 წუთით შევხვდებით ჩვენ ორნი ერთმანეთს, გადავწყვეტთ რა არის გასაკეთებელი პრაქტიკულად და მერე მე გავაკეთებ, ვაიძულებ არჩილს და სხვებს, რომ გასაკეთებელი ოპერატიულად შესრულდეს. ხვალ 10.30 ვხვდებით პირველად.

მიშამ თქვა, ამ გასტროლებიდან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ მთავარია, უკან არ დაიხიო ძირითადი პოზიციიდან რეჟისურაში - ყველაფერი მსახიობის საშუალებით, შინაგანი სიმართლის ცოცხალი პროცესის ღრმა წვდომის და ამოხსნის გზით უნდა გაკეთდეს.

 

11.01.67

როგორც იქნა, მოიწვიეს ახმეტელის საიუბილეო კომისიის სხდომა. ერთი საათით ადრე კოლეგია თეატრში შეიკრიბა, რომ მოგვეფიქრებინა იქ როგორ უნდა მოვიქცეთ. გადავწყვიტეთ მომხსენებლად, მათი კანდიდატურის (შ. აფხაიძე) ნაცვლად, ანგია ბოჭორიშვილი დაგვესახელებინა და მხარი დაგვეჭირა თეატრალური ინსტიტუტის წინადადებისთვის გამოიცეს კრებული ახმეტელზე (მსგავსად მარჯანიშვილის კრებულებისა); კომისიის თავმჯდომარეს მოადგილედ კი ა.ჩხარტიშვილი, რომ ინიციატივა თეატრს ჩაეგდო ხელში. სხდომაზე გამოირკვა, რომ მათ თვითონ შეცვალეს მომხსენებლის კანდიდატურა - შ. აფხაიძის ნაცვლად შალვა ნუცუბიძე დაასახელეს, რომელიც იქ იყო, უარს ამბობდა - მე სიტყვით გამოვალ, მომხსენებელი სპეციალისტი უნდა იყოსო, მაგრამ არ მოეშვნენ და დაითანხმეს. სერგო ზაქარიაძემ კი დაასახელა ანგია ბოჭორიშვილის კანდიდატურა, მაგრამ შ. ნუცუბიძე აირჩიეს. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი კანდიდატურაა სახელის და რანგის თვალსაზრისით, მაგრამ მოახერხებს ახმეტელის შემოქმედებითი სახის ჩამოკვეთას და მისი ადგილის განსაზღვრას ქართული თეატრის ისტორიაში? თანაც უნივერსიტეტის და აკადემიის ხალხი ამბობს ახლა შ. ნუცუბიძეს ისე აწუხებს, რომ რუსთაველის იუბილეზე დაიჩაგრა, ამის მეტზე არაფერზე ლაპარაკობს ყველა ტრიბუნიდან, შესაფერისია თუ არა დრო და ადგილიო. თუ ასეა, ახმეტელის იუბილეზე რომ იქნება, ისეთ აუდიტორიას სად მოიხელთებს?!

კრებულის საკითხიც დადებითად გადაწყდა. დამავიწყდა დამეყენებინა საკითხი ახმეტელის კაბინეტის ჩამოყალიბების შესახებ თეატრში და საშტატო ერთეულის გამოყოფისა.

 

13. 1. 67

სრულიად მოულოდნელად მივხვდი, როგორ უნდა დავწერო წერილი ახმეტელზე მე, რომელსაც ის არასოდეს არ მინახავს. უნდა აღვიდგინო მისი - შემოქმედისა და პიროვნების სახე, როგორც ამას გამომძიებლები აკეთებენ - საგნების, ხელნაწერების, სხვათა მოგონებების და ყველანაირი დოკუმენტების საშუალებით.  

 

11.1.67


ვნახე ინსტიტუტში მიშას დადგმა, ა. ვოლოდინის[10] „კბილის ექიმის თავგადასავალი“[11] (რუსული ჯგუფი), ძალიან მომეწონა. დღეს კიდევ ვნახავ და მერე ჩავწერ. გრიშას და დარეჯანს ველოდები, ერთად მივდივართ (გრიგოლ კიკნაძე, დარეჯან რამიშვილი). წარმოდგენაზე იყვნენ სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე, რეზო თაბუკაშვილი, ლილი იოსელიანი, არჩილ ჩხარტიშვილი, დევი სტურუა, ნ. ყავრიშვილი და სხვა მეცნიერები. წარმოდგენა დღეს უკეთ წავიდა - წინა ორი სპექტაკლის წარმატებამ ალბათ სითამამე და სიმხნევე შესძინა ახალგაზრდებს. ნატაშა გოლოვასტიკოვა ძალიან ნიჭიერი გოგონაა - ნამდვილად ცოცხლობს სცენაზე, ყველაფერი გჯერა მისი. ზამირა გრიგორიანი და ბოკოევაც შესანიშნავები იყვნენ. კუხალეიშვილი უბრალოა, სადა, მართალი, მაგრამ ნიჭიერი კაცი არ ასხივებს მისგან, ამიტომ ნაწარმოების აზრი აღარაა მკვეთრი - აღარ ყვირის - შეუძლებელია ნიჭის ჩახშობა.

ერთი რამ არის გასაოცარი - დარბაზი სავსე იყო „ლასტოჩკინებით“, მაგრამ ყველა თავს ისე გრძნობდა და ისე იქცეოდა, თითქოს „ჩესნოკოვები“ ყოფილიყვნენ (პირველ რიგში ეთერი გუგუშვილი, რომელიც სამივე წარმოდგენას დაესწრო, ხალხს ეპატიჟებოდა, გზადაგზა უხსნიდა, თითქოს ასე არ ახრჩობს მიშას ამ რამდენიმე წლის მანძილზე). ლეილა გორგასლიძემ მითხრა, პიესაში მონაწილე გოგონებმა მითხრეს, ლასტოჩკინაში ეთერი გუგუშვილს ვთამაშობ, ვეროჩკაში - ნადია შალუტაშვილს, მაგრამ გარეგნობით ვერ ვამსგავსებთ, გვეშინია არ გაგვრიცხონო.

ლილი იოსელიანმა მითხრა დარბაზში მსხდომ „ლასტოჩკინებზე“, ესენი ისე იქცევიან, თითქოს ეს წარმოდგენა ჩვენთვისაა დადგმულიო. მოქმედების მსვლელობისას რამდენჯერმე იყო ტაში - საინტერესო ის იყო, რომ ტაშით მაყურებელი ამჯერად ეთიკურ ფაქტორს კი არ ეხმაურებოდა, არამედ - ესთეტიკურს, ძირითადად მიშას მიგნებას: ანგელოზის გამოჩენას - როდესაც ჩესნოკოვმა უმტკივნეულოდ, თავისათვის მოულოდნელად ამოუღო ავადმყოფს კბილი, მარცხენა კულისიდან შემოცურდა მუსიკის თანხლებით გრძელ თეთრ კაბაში, აგურისფერი „გუბკის“ ფრთებით, ხელში პორტფელით ნ. გოლოვასტიკოვა, მიუახლოვდა ჩესნოკოვს, ამოიღო პორტფელიდან დაფნის გვირგვინი, თავზე დაახურა, რვეულში ხელი მოაწერინა და ისევ გაცურდა. შემდეგ, როდესაც შურიანებმა იმ ზომამდე მიიყვანეს ჩესნოკოვი, რომ კბილი ვეღარ ამოუღო ავადმყოფს უმტკივნეულოდ, ტელეფონების რეკვის ხმაურში ყორნების ჩხავილი ისმოდა, რომელიც თანდათან შეიპარა ადამიანთა ხმებში, მუსიკაში, შემდეგ კი ორივე დაფარა. როდესაც კრების შემდეგ ყველა აღშფოთდა ჩესნოკოვის საქციელით და ე.ი. მისი წარმატებაც დაიმარხა - ისევ გამოჩნდა ანგელოზი, ხელში დაფნის გვირგვინი ეჭირა (ჩამოართვა ჩესნოკოვს), მას უკან მიჰყვებოდა ყველა - ამ სამგლოვიარო პროცესიას აკომპანემენტად ახლდა შოპენის ცნობილი სამგლოვიარო მარში. ასე გადაიარეს მთელი სცენა წრიულად (მარჯვენა სიღრმივი კულისიდან მარცხნივ), წინ ანგელოზი მიდიოდა, წინ გაწვდილ ხელებში გვირგვინი ეჭირა, უკან დაწყვილებულად ხალხი მისდევდა. გასაოცრად ერწყმოდა ერთმანეთს ამ ეპიზოდის სევდიანი და სასაცილო მხარე.

დეკორაცია საერთოდ არ არის, სცენაზე დგას სამი ცალი თეჯირის ნაწილი თავის ჩარჩოში. ერთ მხარეს თეთრი ფერია, მეორე შავი. დამაგრებულია შუაგულში (ზემოთ და ქვემოთ), ტრიალებს და ფერის შეცვლით მოქმედების ადგილსაც ცვლის. როცა ადგილი იცვლება, მის დასაკონკრეტებლად სპექტაკლის წამყვანს, რომელიც ამავე დროს მაშაა, გამოაქვს ფირფიტა წარწერით (როგორც კინოგადაღებებზე) და ერთი წუთით მაყურებლის წინაშე აჩერებს, რომ წავიკითხოთ, სად მიმდინარეობს მოქმედება.


ერთი სიტყვით, ვოლოდინმა თავის თავზე დაწერა სცენარი, მიშამ თავისი ამბავი დადგა, ლილი იოსელიანი თავის ცხოვრებას ხედავდა სცენაზე, ნათელა ლაშხია იძახდა, სცენაზე ჩვენი თეატრალური მუზეუმიაო... ყველაზე შესანიშნავი მაინც ის იყო, თუ როგორ უყურებდნენ მიშას სტუდენტები, როდესაც სცენაზე იდგნენ და კულისებისკენ ტაშს უკრავდნენ - რა ბედნიერი თვალები ჰქონდათ! მადლობით და აღტაცებით სავსე! ახლა მათ, რა თქმა უნდა, სულ არ ესმით რა წუთია ეს მათ ცხოვრებაში, რამდენჯერ მოიგონებენ შემდეგ, როგორც უბედნიერეს დღეს.



[1] დევი სტურუა, მეცნიერი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, 1961-1970წწ. იყო საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი იდეოლოგიის დარგში;

[2] ეკატერინა ალექსის ასული ფურცევა — საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე; 1960-1974 წლებში იყო სსრკ კულტურის მინისტრი

[3] იგულისხმება სტალინის კულტი

[4] ლეონიდ ვარპახოვსკი, მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი

[5] ელენე ახვლედიანი, ირინა (სავარაუდოდ, შტენბერგი, ედიშერ მაღალაშვილი და მისი მეუღლე ნატა

[6] ვსევოლოდ მეიერჰოლდი,1874-1940, რეჟისორი და მსახიობი.

[7] სერგეი ესენინი, პოეტი

[8] სერგეი ეიზენშტეინი, კინორეჟისორი

[9] მოსკოვის სამხატვრო თეატრი

[10] ალექსანდრ ვოლოდინი, საბჭოთა დრამატურგი, კინოსცენარისტი, არაერთი პიესისა თუ კინოსცენარის ავტორი: „ხუთი საღამო“, „თანამედროვე“, „შემოდგომის მარათონი“ და სხვა.

[11] ამ კინოსცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი (რეჟისორი ელემ კლიმოვი) 1965 წელს კინოგაქირავებაში შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა და მალევე „შემოდეს თაროზე“, რადგან ცენზურამ ჩათვალა, რომ ფილმი ერთგვარი პაროდიაა საბჭოთა სინამდვილეზე. როგორც ჩანს, მიხეილ თუმანიშვილმა ვოლოდინის კინოსცენარის თეატრალურ ინსტიტუტში დადგმა ფილმის აკრძალვამდე მოასწრო. სწორედ ამ ფილმში შედგა ცნობილი მსახიობის, ანდრეი მიახკოვის კინოდებიუტი, ერთ-ერთ მთავარ როლს კი ახალგაზრდა ალისა ფრეინდლიხი ასრულებს.

Comments

Popular posts from this blog

ნათელა ურუშაძე; დღიურები; რუსთაველის თეატრი;1966 წელი (ნაწილი პირველი)

ეროსი მანჯგალაძე „კაცი, რომელსაც სიცოცხლე ძლიერ უყვარდა“