ნათელა ურუშაძე; დღიურები; რუსთაველის თეატრი;1966 წელი (ნაწილი პირველი)
თქვენ წინაშეა ფრაგმენტები თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის პირადი დღიურებიდან. ჩანაწერები გაკეთებულია 1966-67 წლებში. იმ დროს ნათელა ურუშაძე რუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე იყო და აქტიურად მონაწილეობდა თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში. პატარა ბლოკნოტებში თავისთვის იწერდა შენიშვნებსა და მოსაზრებებს ამა თუ იმ სპექტაკლისა და მსახიობების შესახებ, აკვირდებოდა და იკვლევდა დარბაზში მყოფი მაყურებლის რეაქციებს, ინტერესებს, შთაბეჭდილებებს.
აქ აღწერილ მოვლენებს უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი გვაშორებს, დრომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა, ამ ბლოკნოტებში ნახსენები პირთა უმეტესობა ცოცხალი აღარ არის, დარჩა მხოლოდ მათ მიერ დატოვებული კვალი ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში, რუსთაველის თეატრის ისტორიაში და, საზოგადოდ, იმ პერიოდში, რომელიც დღეს ბევრს გვაინტერესებს. ნათელა ურუშაძის პირადი ჩანაწერები ახლა უკვე ისტორიის საკუთრებაა, ამიტომ დღიურს ფაქტობრივად უცვლელი სახით გთავაზობთ, მხოლოდ მცირე რედაქტირებით და სქოლიოებში მითითებული განმარტებებით.
თბილისი
20. 09. 66
არჩილი [1], როგორც ყოველთვის, რაღაცაზე გაბრაზდა და გაიქცა რეპეტიციიდან.
რამდენიმე დღის შემდეგ კი „ვეფხისტყაოსნის“ გენერალური რეპეტიციაა და ჩაბარება. აღარავინ
არ გაჰკიდებია. ყველას მობეზრდა. რეპეტიციის ჩატარება გოგი ქავთარაძეს დაავალეს (მიშა[2] შეუძლოდ
იყო). ძალიან კარგად ჩაატარა, მონდომებით და გატაცებით. მსახიობები მასთან უფრო კარგად
და გულისყურით მუშაობენ, ვიდრე არჩილთან. რას ფიქრობს, არ ვიცი. სულ დაკარგა დასში
ავტორიტეტი.
განვითარების კანონი ძალაში შედის!
16. 10. 66
პირველად ითამაშეს „ვეფხისტყაოსანი“ დილას. იყვნენ მოზარდები
და ბევრი მოხუცი მასწავლებელი, ბენუარის ლოჟები თეთრად იყო გადაპენტილი. შესანიშნავი
მაყურებელი იყო, სულგანაბული უსმენდნენ. ბოლოს, როდესაც სერგო ზაქარიაძემ წარმოთქვა
ფინალური ფრაზა „ბოროტსა სძლია კეთილმა“... დარბაზმა ჩუმად, ყველამ თავისთვის, მაგრამ
მაინც გასაგონად წაიჩურჩულა - „არსება მისი გრძელია!“ გოგიმ[3] მითხრა,
სცენაზეც გავიგონეთო.
მარჯანიშვილმა მთელი სპექტაკლი ააგო ისე, რომ ფინალში
მაყურებელს ეპასუხა „ფუენტე ოვეხუნა“, აქ კი ეს თავისთავად მოხდა.
„საბჭოთა ხელოვნებას“ #9 დაბეჭდილ ო.ეგაძის წერილის
გამო და თეატრალური საზოგადოების ბინების განაწილების გამო სერგო[4], არჩილი,
დორიანი, მედიკო და ოთარ ლითანიშვილი შევიდნენ მჟავანაძესთან შაბათს, 15.10.66. შეპირდა
ეგაძის მოხსნას რედაქტორობიდან, ლოლაშვილს დაავალა თ/საზ საქმეებში ჩარევა.
20. 11. 66
დღეს წავიდა პირველად აღდგენილი „როცა ასეთი სიყვარულია“.
ყველაზე მეტად მსახიობთა ასაკის მეშინოდა (ყველა 8 წლით დაბერდა!), მაგრამ სულ ტყუილად
- როგორც ჩანს, პრობლემას ასაკი ხელს არ უშლის. აუარებელი ხალხი იყო, ძირითადად სულ
ახალი მაყურებელი, ვინაიდან ს.ზაქარიაძე თითქმის მისული იყო საფეხურებთან და ჯერ ვერავინ ხვდებოდა, რომ წარმოდგენა დაიწყო.
სალომე და ბადრი[5] მთელი
ძალით მუშაობდნენ და კარგებიც იყვნენ, განსაკუთრებით - ბადრი. დანარჩენები ბევრად უარესად. სერგო ისედაც ზედმეტად განიცდის ხოლმე ამ როლში, დღეს კი საერთო მღელვარებას
ტექსტის დავიწყებაც დაემატა და ამ ორმა მღელვარებამ სულ დაავიწყა, რა აკისრია სცენაზე
ამ პიესაში. ყველას მაგიერ თვითონ თამაშობდა, არავის არ აცდიდა და ნაწარმოების აზრი
სულ თავდაყირა დააყენა.
დღევანდელი მაყურებელი აშკარად მიილტვოდა სასაცილო ადგილებისკენ,
არა დრამატურგიაში ჩაღრმავებისკენ. ამას წინათ, „მზიან ღამეშიც“ თემურის და ართავაზას
ეპიზოდში ართავაზამ რომ თქვა, „მე კუკიაზე წავალო“, იქაც სიცილი იყო. არ მესმის რატომ?
ფიქრი და ისიც სევდიანი აშკარად არ უნდათ.
რუსთაველის თეატრის გასტროლები მოსკოვში
1966 წელი 30/11 – 13/12
30/11/66
„ვეფხისტყაოსანი“
წარმოდგენა მიდიოდა უარესად, ვიდრე თბილისში პირველ
წარმოდგენაზე. ხალხით გაჭედილი იყო დარბაზი, მაგრამ სადღესასწაულო იერი და განწყობილება
არ იყო. ამ წარმოდგენისთვის კი ეს, მე მგონი, აუცილებელია. იშვიათი გულისყურით ისმენდნენ,
ტაშები კი აქ უფრო ხშირი იყო, ვიდრე თბილისში:
მედიკოს და კოტეს დუეტზე (დაიწყო დირექტორის ლოჟიდან, შემდეგ პარტერის პირველ რიგებში გადავიდა და ა.შ. – პროფესიონალებისგან); „ქვე წვა“... - მცირე ტაში პირველ რიგებში; ნესტანის გადაკარგვის ეპიზოდის დასასრულს; ლოცვა ავთანდილისა - ტაშს უკრავს მთელი დარბაზი; ნესტანის წერილი - მთელი დარბაზი; „არსება მისი გრძელია“ - მთელი დარბაზი, ძლიერად, ხანგრძლივად.
წარმოდგენის შემდეგ კულისებში შემოვიდნენ ვასილი თეოდორეს
ძე კუხარსკი (საკავშირო ცეკა თეატრის სექტორის გამგე), სსრკ კულტურის მინისტრის მოადგილე
თეატრების დარგში გრიგოლ ივანეს ძე ვლადკინი და პავლე ანდრიას ძე ტარასოვი კულტურის
სამინისტროსთან არსებული თეატრალური სამმართველოს უფროსი.
სამივემ დიდი აღტაცება გამოთქვა მიღებული სიამოვნების
გამო და იმის გამო, რომ რუსთაველის თეატრის მთელი კოლექტივი ასეთ მაღალ მხატვრულ დონეზეა.
სპექტაკლის დაწყებამდე მოსალოცად სცენაზე გამოვიდნენ:
ევგ. სიმონოვი (მცირე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი), ზუევა (მხატი), ლიკსო (მცირე
თეატრი), „სოვრემენნიკიდან“ ოლეგ ტაბაკოვი და დორონინა. ჩვენის მხრით ვიყავით არჩილი,
მიშა, დორიანი, ვახტანგი და მე. რადგან სხვა ქალი არ იყო, ყველა ყვავილი მე მერგო.
საპასუხო სიტყვით ჩვენი მინისტრი ო.თაქთაქიშვილი გამოვიდა.
ევგ.სიმონოვი ლაპარაკობდა იმ დიდ ტრადიციულ მეგობრობაზე,
რომელიც რა ხანია არსებობს რუსულსა და ქართულ თეატრს შორის, დაწყებული სუმბათაშვილიდან.
რუსი მაყურებლის დიდ ინტერესსა და სიყვარულზე ქართული თეატრის მიმართ, რომელსაც, მისი
აზრით, დღევანდელი გადაჭედილი დარბაზიც ადასტურებს.
1.12.66
„მეფე ლირი“
წავიდა ძალიან ცუდად. პირველსავე სცენაში (სახელმწიფოს
დარიგება) ყურმილები მოიშალა - რუსიკო ბერიძეს არ ესმოდა მსახიობის ხმა სცენიდან, ამიტომ
არ იცოდა ახლა ვინ რას ამბობს, ამის გამო სინქრონულობა დაირღვა. ამან ისე აანერვიულა,
რომ გონება დაკარგა და მიკროფონში ჩასძახა - „я ничего не слышу“ - ეს გაიგონა მაყურებელმა
და სწორედ იმ მომენტში, როდესაც რეგანას წილი რუკა ჰერცოგ კორნუელს გადაეცა, დარბაზში
ხმამაღალი სიცილი გაისმა. ამან საშინლად იმოქმედა მსახიობებზე, რომლებსაც არ ესმოდათ,
რაშია საქმე. ყურმილებს კი საშველი არ დაადგა. გარდა იმისა, რომ ყოველ წუთას ითიშებოდა,
რადიოების გადაცემაც ერთვებოდა, ამის გამო მაყურებელს ლირის ტექსტის წყვეტილებში ხან
ამინდის ბიუროს ცნობა ესმოდა, ხან არია რომელიღაც ოპერიდან. ესეც იწვევდა მოულოდნელ
და პიესის მიმდინარეობისთვის უცხო არაბუნებრივ რეაქციებს. შემდეგ ერთი რიგის ყურმილები
სრულიად გამოითიშა. ამ რიგის მაყურებელმა დარბაზი დატოვა, ზოგიერთი რადიოკვანძში შემოიჭრა
(მე იქ ვიჯექი), ეჩხუბა მის გამგეს და ბილეთის ფული უკან მოითხოვა. მეორე და მესამე
მოქმედებაში მდგომარეობა ყურმილების მხრივ გამოსწორდა, მაგრამ წარმოდგენას აღარაფერი
ეშველა. მაყურებელს მოსწონდა, დასასრულს დიდი ოვაცია გაუმართეს სერგოს, მაგრამ ჩვენ
კი გვესმოდა, რომ ის მოტყუვდა, უმრავლესობა. ფინალში მიშამ კარგი „поклон“ გაუკეთა
- აწეული ხიდის წინ ყველა მონაწილე იდგა, მერე ყველა გავიდა, ტაში გრძელდებოდა, შემდეგ
მძიმედ დაეშვა ხიდი - იქ იდგა სერგო, მის უკან კი ჯარისკაცების მწკრივი. ძალიან ეფექტური
იყო.
წარმოდგენის შემდეგ ისევ შემოვიდნენ კულისებში, ვლადიკინმა
ისევ დიდი მადლობა გადაუხადა თეატრს დიდი მხატვრული სიამოვნებისთვის. ტარასოვმა კი
თქვა: მოსკოველებს და ამ სცენას ბევრი ლირი უნახავს - ინგლისური და საბჭოთა, მაგრამ
ის ლირი, რომელიც დღეს ვნახეთ, არაჩვეულებრივია, მომაჯადოებელი. დიდი მადლობა იმისათვის,
რომ ასეთი ხელოვნება ჩამოგვიტანეთ - საბჭოთა და ამავე დროს ნამდვილად ქართული. ყველა
მსახიობი კარგი იყო, კარგი კოლექტივის გარეშე ასეთი სპექტაკლი არ შეიქმნება.
სპექტაკლს ბოიაჯიევი[6] ესწრებოდა. საიდუმლოდ მითხრეს - აქაურ თეატრალურ საზოგადოებას უთხოვია რუსთაველის თეატრის გასტროლების შემაჯამებელ მსჯელობაში მიიღე მონაწილეობაო. ბოიაჯიევს უპასუხია, - თუ „ლირი“ მომეწონება, გამოვალ, თუ არადა, საერთოდ უარს ვამბობ მონაწილეობაზეო. წარმოდგენის შემდეგ ლევინს ვკითხე, ხომ არ იცით, ბოიაჯიევი თუ ღებულობს მონაწილეობას მსჯელობაში-თქო - არაო. მაშასადამე, არ მოეწონა. არც გასაკვირია. ეს ალბათ ლევინმაც იცოდა, მაგრამ მე არ მითხრა.
დღეს მაინც ძალიან გამოჩნდა, რომ ეს სპექტაკლი ერთ კაცზეა
აგებული, სხვა ეპიზოდები კი მხატვრულად არ არის გადაწყვეტილი, ერთის გარდა არავის თავისი
როლი არ იტაცებს, არ აღელვებს, ამიტომ არც ჩანან. მძიმე, გაჭიანურებული წარმოდგენაა.
სერგოს გარდა ყველა კითხულობს, რადგან არავის უნდა ამ როლების თამაში.
2.12.66
„მზიანი ღამე“
სპექტაკლი დაგვიანებით დაიწყო - ისევ ყურმილების მოუწესრიგებლობის
გამო. ეს რომ მოაწესრიგეს, მერე სარეჟისორო პულტი გამოითიშა. მაყურებელი უკვე ტაშით
მოითხოვდა დაწყებას. მსახიობები ნერვიულობდნენ, საჭირო გახდა გამოცხადება, რომ წარმოდგენა
კიდევ ათი წუთი დაიგვიანებს ტექნიკური მიზეზების გამო. ხალხი აიშალა. როგორც იქნა,
დაიწყო. მაყურებელთა დარბაზი შესამჩნევად ცარიელი იყო. მიდიოდა სპექტაკლი ცუდად, მდორედ.
კითხვა (ე.წ. „ჩიტკა“), არავითარი მოქმედება. მართალია, ელისო თარგმნიდა ბრწყინვალედ, გასაოცარი სინქრონულობით,
ეტყობა ზეპირად იცის პიესა, მაგრამ თარგმანში დუმბაძისეული ტექსტი მაინც შეუდარებლად
მკრთალია. ამიტომ პირველი მოქმედების შემდეგ დარბაზი კიდევ უფრო დაცარიელდა.
პ. მარკოვს[7] და
ი. რაევსკის[8]
მოეწონათ, მაგრამ ხალხს - არა. არც ვარგოდა. რა მოხდა? ვფიქრობ, რამდენიმე მიზეზია:
ჯერ ერთი, თბილისში გადაჭედილ დარბაზს შეჩვეულმა მსახიობებმა შეუვსებელი დარბაზის სიცარიელე
მაშინვე იგრძნეს. შეჩვეული იყვნენ იმასაც, რომ თითქმის ყოველ წინადადებაზე დარბაზში
ხარხარია, აქ კი დუმბაძის სიტყვიერი იუმორის ¾ იკარგება და არავითარი რეაქცია არ არის.
როგორც კი მოიხსნა ტექსტის ძალა, მაშინვე წარმოდგენის ყველა ნაკლი განსაკუთრებული სიშიშვლით
გამოჩნდა: არ არის მხატვრული სახეები, ყველა თავის თავს თამაშობს, თემურის და ლიას
ხაზი ამოუხსნელია, თემურის და დედის ხაზიც, წარმოდგენის (ჰიტლერი), პლიაჟის, პარნასის
და ზოგი სხვა სცენა, თავისთავად კარგად მოფიქრებული და გაკეთებული, ძირითადზე არ მუშაობს.
ეს ხაზი საერთოდ არ არის გამოკვეთილი, არამც თუ არ იზრდება და არ ძლიერდება.
მეტად დამაფიქრებელი იყო დღევანდელი წარმოდგენა და მისი
შედეგებიც.
3. 12. 66
„ჭინჭრაქა“გადაჭედილ დარბაზში ბევრი კრიტიკოსია: პ. მარკოვი, ი.
რაევსკი, ნ. კრიმოვა, ლ. ბარულინა, ვ. სეჩინი, გ. სმეტანინა, რეჟისორი პლუჩეკი, ი.
ნეჟნი, ა. ფევრალსკი და სხვანი. წარმოდგენა მიდის ბრწყინვალედ. ხალხი ჭეშმარიტად მოჯადოებულია.
ყოველი გმირის გამოჩენა და გასვლა აპლოდისმენტებით, ბოლოს დარბაზი ინგრევა სიცილით
და ტაშით. აღტაცებულმა პროფესიონალებმა შემოგვითვალეს, მოსკოვის თეატრალურ საზოგადოებას
უჩვენეთ, როგორც სასცენო ხელოვნების ნიმუშიო.
სერგო თავის თავთან შედარებით ამ როლში უარესი იყო
- ძალიან აჭარბებდა. რამაზს ხმა ჰქონდა წასული. ბრწყინვალედ მიდიოდა მხეცების ეპიზოდები.
ბელკა[9] იყო
შესანიშნავი - ხასიათში ითამაშა მზია. დღევანდელ წარმატებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ
ბევრი ქართველი იყო დარბაზში, მათი რეაქცია კი - გადამდები.
4. 12. 66
„სეილემის პროცესი“
წარმოდგენა წავიდა შესანიშნავად. ედიშერი იყო დიდებული. წარმოდგენის შემდეგ რაევსკიმ თქვა - 4 თეატრში ვნახე ეს პიესა და ამნაირი არსად არ ყოფილაო. მარკოვმა კი თქვა, ამას გარდა, ერთი კვირის წინ ამსტერდამში ვნახე ეს პიესა, ამის მსგავსიც არ არის. თქვენი დადგმა ყველაზე სწორიცაა და ყველაზე მიახლოვებული ნაწარმოებს აზრობრივად და მხატვრულად.
5.12.66
დილა. „სიბრძნე სიცრუისა“.
სავსე ხალხი, ბილეთები არ იშოვება. წარმოდგენა ცუდი
- არცერთი მსახიობი არაფერს არ აკეთებს სცენაზე. აღმაშფოთებელია. კოკას[10] პანორამაც
გახუნებულა და აღარ ახდენს ისეთ ფერწერულ შთაბეჭდილებას. ვნახოთ, რა იქნება საღამოს.
საღამოს წარმოდგენა ბევრად უკეთ წავიდა, მაგრამ ძირითადს
მაინც არაფერი არ ეშველა - რადგან თვით ნაწარმოებში კონფლიქტი არ არის, ყოველ ეპიზოდს
არა აქვს თავისი საპირისპირო, მებრძოლი ძალები, ყველა ერთად კი არ მიემართება ძირითადი
აზრის ქმედითი ამოხსნისკენ - სპექტაკლი არ არის ემოციური და არ იპყრობს მაყურებელს.
არაკების თხრობის სიმრავლემ თარგმანში, რა თქმა უნდა, ბევრად უსუსურმა ანარეკლმა, მეორე
მოქმედებისთვის უკვე მოაწყინა მაყურებელი. ასეთ სპექტაკლებში ერთადერთი ხსნა შემსრულებელთა
დიდოსტატობაა, ამ ახალგაზრდებს კი არამც თუ ოსტატობა, მოქმედების და სიტყვის სიმკვეთრეც
კი არა აქვთ, არ უყვართ თავისი როლები და გატაცებით არ აკეთებენ იმას, რის გაკეთებაც
ევალებათ სცენაზე.
სპექტაკლს ესწრებოდნენ მომღერალი ი. კოზლოვსკი (რომელიც
გუშინაც იყო), კრიტიკოსები, რეჟისორები, ტაგანკის თეატრის მსახიობები და სხვა.
წარმოდგენის შემდეგ ჩვენთან წამოვიდა მხატვარი იურა
ვასილევი. ის დაწერს ჩვენი სპექტაკლების შესახებ. გვიამბო, რომ ლიუბიმოვმა მიიწვია
გალილეის როლზე ბრეხტის პიესაში, 6 თვეს ამზადებდა, საქმე გენერალურ რეპეტიციამდე მივიდა,
მაგრამ აღარ ითამაშა - მივხვდი, რომ მხატვრობა და მსახიობობა ერთად არ შეიძლება, რომელიმე
ერთი უნდა აირჩიოო და მეც, ჯადოქარ სატრფოს ცოლი ვარჩიე და ძველ ოჯახში დავრჩიო. შუაღამემდე
ვიყავით გოგუცას ნომერში იურა, ელენე[11] (რომლის
გამოფენაც 3.12-ში რომ გაიხსნა აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმში, იურა აღტაცებულია),
გოგი და მე.
იურა ამტკიცებს, რომ მისი დაკვირვებით, მაყურებელი ძირითადად
უყურებს სპექტაკლს. ცდა რომ მოახდინო და ცარიელ დარბაზში ადგილის არჩევის საშუალება
მისცე, ყველა აირჩევს არა იმ ადგილს, საიდანაც საუკეთესოდ ისმის, არამედ ისეთს, საიდანაც
საუკეთესოდ ჩანს. ამიტომ მიაჩნია, რომ ინგლისური თეატრის მიერ შექსპირის გმირთა კოსტიუმების
უნიფიკაცია საზიანოა წარმოდგენის აღქმისთვის - ერთნაირი კოსტიუმი საყურებლად საინტერესო
არ არის და ე.ი. საზიანოა დედააზრისთვის.
გოგიმ გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ მსახიობის
მხატვრული ნაწარმოები არ რჩება. იურა ამის წინააღმდეგია, მას მიაჩნია ასე: მსახიობის
შემოქმედება უშუალო კონტაქტს ამყარებს ადრესატთან - გასძახებს თუ არა დარბაზს, მყისვე
ღებულობს გამოძახილს. მხატვრის ნამუშევარი ფიზიკურად მასზე ხანგრძლივად არსებობს, მაგრამ
ასეთ მჭიდრო, უშუალო კონტაქტს მხატვარი ვერ ამყარებს თავის მაყურებელთან. თუ წლების
მანძილზე დამყარებული კონტაქტების და მაყურებელზე მსახიობის ზემოქმედების ძალას ვიანგარიშებთ
და შევადარებთ იმ ძალას, რომლითაც მოქმედებს მხატვარი თავის მაყურებლებზე სურათის საშუალებით
- ჯამი ერთი გამოვა. ასე უთქვამს მისთვის ერთ მეგობარ მათემატიკოსს.
იური ვასილევი მცირე თეატრის მსახიობ ვასილევის შვილია,
ასე რომ თეატრთან ჭიპითაა მიბმული, თუმცა მამა დიდი ხანია აღარ მუშაობს თეატრში, მაგრამ
მაინც თეატრით ცხოვრობს.
7.12.66
„ვეფხისტყაოსანი“ ტელეში
პატარა შესავალი სიტყვა არჩილის. წარმოდგენა უჩვენეს
მთლიანად, გარდა კოტესი[12] (გერმანიაშია
ტელევიზიიდან), მათი ეპიზოდი მარტო მედიკომ წაიკითხა. წავიდა ძალიან კარგად, პლასტიკური
თვალსაზრისით ეკრანზე უკეთესი იყო, ვიდრე სცენაზე - მცირე ზომის ეკრანმა კონცენტრაცია
გაუკეთა ყველაფერს, მასაში მონაწილე მსახიობებიც, ეტყობა განსაკუთრებული ყურადღებით
ეკიდებოდნენ ყოველ მოძრაობას, ამიტომ მონახაზი ნათელი და ლამაზი იყო, თუმცა ძალიან
აკლდა თეთრად მოქათქათე ამაღლებული იატაკი და სივრცე.
რუსიკო ბერიძის თარგმანი მეტად ხელისშემშლელი იყო -
არ იძლეოდა საშუალებას მსახიობების ხმა, ინტონაცია და ჟღერადობა გაგვეგონა.
8.12.66
„უკანასკნელი მასკარადი“
დარბაზში იყო თავისუფალი ადგილები. წარმოდგენა ვერ მიდიოდა
ისე მხიარულად, როგორც თბილისში, თუმცა რეაქციები იყო, სიცილიც. ძალიან იგრძნობოდა,
რომ სუსტი პიესაა. სალომე უარესად თამაშობდა - დაიკარგა გამჭოლი მოქმედება.
წარმოდგენის შემდეგ პლუჩეკმა და იურა ვასილევმა გამოთქვეს
თავისი აზრები ჩვენი გასტროლების შესახებ. ჩვენმა რადიომ ჩაიწერა, გადაუღეს კიდეც.
9.12.66
დილით პლუჩეკმა დაგვპატიჟა თავისი წარმოდგენის გასინჯვაზე
- მაქს ფრიშის „დონ ჟუანი და გეომეტრიის სიყვარული“, მისივე დადგმა (პლუჩეკის). შესანიშნავი პიესაა,
დადგმა მაღალ პროფესიულ დონეზე, მაგრამ სრულიად არ გაღელვებს. მოქალაქეობრივი მისი
აქტუალობა მხოლოდ ტექსტით იყო მოწოდებული. კარგი იყო მთავარი როლის შემსრულებელი მირონოვი.
მხოლოდ პირველ მოქმედებაში, შემდეგ აღარ ვითარდება.
საღამოს „ბებერი მეზურნეები“. ძალიან ვღელავდით. მით
უმეტეს, რომ მანქანის შემოყვანა აგვიკრძალეს. დარბაზში ბევრი თავისუფალი ადგილი იყო,
მაგრამ წარმოდგენა ძალიან კარგად წავიდა. მაყურებელი შესანიშნავად ღებულობდა, იყო რეაქციები.
დასასრულ დიდი, ხანგრძლივი ტაში. რაევსკი ლამის სცენაზე ავარდა. შემდეგ შემოვიდა კულისებში,
„მეზურნეებთან“. რასაკვირველია, რადიოფირზეც ჩავწერეთ და ფირზეც გადავიღეთ. განსაკუთრებით
აღტაცებული იყო იმით, რომ ეს სამი მეზურნე ასეთი გატაცებით თამაშობს თემას - მუსიკას
და არასოდეს არ ეფლობა ყოფაში, თუმცა ეს სულ ადვილად შეიძლება მოხდეს. 40 წლის წინად,
თბილისში ვიყავი, მახსოვს მისი სიძველის სურნელება და სწორედ ეს სურნელება იყო დღეს
სცენაზეო.
10.12.66
12-2 ვიყავით ცეკას იდეოლოგიის დარგის ხელმძღვანელ ვ.შაუროსთან,
რომელიც წუხელ იყო „მეზურნეებზე“. იყვნენ კუხარსკი, ზ.პ.ტუმანოვა და ელიჩევა. ჩვენგან:
გიორგი საღარაძე, ო. ლითანიშვილი, ს.ზაქარიაძე, ო.თაქთაქიშვილი, მ.თუმანიშვილი, დ.კიტია,
ა.ჩხარტიშვილი, ს.ყანჩელი, მ.ჩახავა, ბ.კობახიძე, რ.სტურუა, გ.გეგეჭკორი, ვ.გოგეშვილი
და მე. მიგვიღეს შესანიშნავად, შაურომ გვითხრა, თქვენი ასეთი წარმატება საერთოდ საბჭოთა
ხელოვნების მიღწევაა და დიდი სიხარული მოგვანიჭეთ ასეთი მაღალი კულტურის თეატრითო.
გვთხოვა გვეამბა ჩვენი პერსპექტივების შესახებ. ჩვენგან ილაპარაკეს ა.ჩხარტიშვილმა,
ს. ზაქარიაძემ, ო. თაქთაქიშვილმა, მ. თუმანიშვილმა და მე. ვუამბეთ როგორ ვემზადებით
ოქტომბრის რევოლუციის 50 წლისთვის („ანზორის“ და „ქარიშხლის“ აღდგენა, ებრალიძის პიესა,
„გვადი ბიგვა“). გვითხრეს - თქვენს რესპუბლიკას ისეთი შესაძლებლობები აქვს ხელოვნებაში,
შეუძლებელია თქვენმა თეატრმა არ შექმნას რაიმე ღირსშესანიშნავი და არა ერთი. ამიტომ
იმედი გვაქვს, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ ჩამოხვალთ აქ სანოემბროდ და არა ორი კვირით,
არამედ უფრო დიდი ხნით.
საღამოს „სეილემის პროცესზე“ უამრავი ხალხი იყო. მერე
პაშა რიბნიკოვამ (ერმოლოვის თეატრის მსახიობმა) ტელეფონით მითხრა, აღტაცებული ვარ თქვენი
დასითო. იტალიელებს მაგონებენ, ოღონდ უფრო ემოციურები არიან. სერგო ნაკლებად მოეწონა
- რუსი მსახიობივით თამაშობს, როგორც მხატის მსახიობი. აღტაცებულია ედიშერით და ზინათი[13], ქართულ
ფრესკას მაგონებსო. ედიშერისთანა გმირი ჩვენ არ გვყავსო. საერთოდ, დასი ძალიან მაღალ
დონეზეა, შესანიშნავად მოძრაობენ, ყველა ბუნებრივად პლასტიურია. რეჟისორია შესანიშნავი
- სულ არ ცდილობს თავის გამოჩენასო[14].
11. 12. 66
დილას ვიყავი ანიკსტთან[15], მოვიწვიე ლირზე 13-ში. ბოდიში მოვუხადე, რომ 2 წლის წინად შემიკვეთა ვერიკოს კლეოპატრაზე წერილი, შექსპირის კრებულისათვის, მე კი არც დავწერე და არც არაფერი შევატყობინე. მითხრა, არც ახლაა გვიან, მუდამ მოხარული ვიქნები კლეოპატრაზეც და ზაქარიაძის ლირზედაც, რადგან კრებულებს კიდევ ვამზადებ და ქართული თეატრი არც ერთი არა მყავსო. ვაჩუქე პატარა „ვეფხისტყაოსანი“ (რუსული). ძალიან ესიამოვნა. „ლირზე“ ვერ მოვალ, მეტისმეტად დაკავებული ვარ, გაზაფხულზე კი თბილისში მინდა ჩამოვიდე და იქ ყველაფერს დამშვიდებით ვნახავო. მერე გაიღიმა და მითხრა - თუ საშიში არ არის ჩემი იქ ჩამოსვლა, რადგან ანტისტალინისტი ვარო. მე ვკითხე, საიდან დაგებადათ ეგ შიში-მეთქი. დევი სტურუას აქ გამოსვლის შემდეგო. დავამშვიდე, რა თქმა უნდა. შევთანხმდით, რომ ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე შემატყობინებს, რომ რეპერტუარი სათანადოდ დავგეგმოთ.
საღამოს - „მზიანი ღამე“. გადაჭედილი დარბაზი, ცოტა ქართველები. ესწრება კუხარსკი შესამოწმებლად - ტელევიზიით 14.12 უნდა გადაგვეცა „მზიანი“, ერთი რეპეტიცია იყო კიდეც, შემდეგ კრემლის თეატრის ლიტ.ნაწილს და ტელეს რედაქტორს უთქვამთ სტალინზე არის იქ რაღაც კულტის სასარგებლოდო და ტელევიზიამ შემოთვალა სხვა წარმოდგენით შევცვალოთო. არჩილმა, რა თქმა უნდა, მაშინვე თანხმობა განაცხადა, დორიანმა არ დათმო: ჯერ ერთი, სად არის იქ კულტი, მეორე - ამის დათმობა იმას ნიშნავს, რომ ნოდარის ნაწარმოები არ დაიცვა. შაუროსთან რომ ვიყავთ და შემდეგ არჩილი, სერგო და დორიანი დარჩნენ, დორიანს ეს საკითხიც დაუსვამს. ამიტომაციყო კუხარსკი. წარმოდგენა ბრწყინვალედ წავიდა. გაიხსნა თუ არა ფარდა, მაყურებელმა ტაში დაუკრა დეკორაციას. ამანაც, გადაჭედილმა დარბაზმა და წინა წარმოდგენისგან მიღებულმა შეშფოთებამ ეტყობა მობილიზაცია გაუკეთა მსახიობებს და კარგად თამაშობდნენ, სახეები არც დღეს არ ყოფილა, მაგრამ თავიდანვე რიტმში იყო ყველაფერი. ძალიან საინტერესო იყო მაყურებლის რეაქციები: იმ ადგილებზე, სადაც მხოლოდ ქართველებისთვისაა გასაგები სიტყვის აზრი (მაგ: აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ წაგიკითხავთ? ან „ნიკორწმინდა“ ამის დაწერილია და სხვა) რეაგირებდა აქა-იქ გაბნეული ქართველები. იმაზე, რაც თარგმანშიც სასაცილოა, რეაქცია ოდნავი შეყოვნების შემდეგ იყო - სანამ თარგმანს მოისმენდნენ ყურმილებით. სადაც მარილი სიტყვაში კი არა, მოქმედებაშია - იქ წამსვე მთელი დარბაზი ხარხარებდა.
აქაურმა მაყურებელმა იცის შემდეგი მოქმედებიდან წასვლა,
თუ არ მოწონს. დღეს არცერთი ადგილი არ გათავისუფლებულა, ასე რომ ჩვენ ფეხზე ვიდექით
მთელი წარმოდგენის განმავლობაში.
[1] იგულისხმება
არჩილ ჩხარტიშვილი
[2] მიხეილ
თუმანიშვილი
[3] აქ
და შემდგომ იგულისხმება გიორგი გეგეჭკორი
[4] სერგო
ზაქარიაძე, არჩილ ჩხარტიშვილი, დორიან კიტია, მედეა ჩახავა
[5] სალომე
ყანჩელი და ბადრი კობახიძე
[6] გრიგორი
ბოიაჯიევი, ცნობილი თეატრმცოდნე, თეატრის კრიტიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის
დოქტორი, პროფესორი; მრავალი წიგნისა და ნარკვევის ავტორი, მათ შორის: მსოფლიო თეატრის
ისტორია,
[7] პაველ
მარკოვი, თეატრმცოდნე, კრიტიკოსი, გიტისის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
[8] იოსიფ
რაევსკი, თეატრმცოდნე, პედაგოგი
[9] მზიას
როლის შემსრულებელი ბელა მირიანაშვილი
[10] მხატვარ
კოკა იგნატოვის პანო, რომელიც ამ სპექტაკლის დეკორაციის მთავარი ელემენტი იყო
[11] ელენე
ახვლედიანი
[12] კოტე
მახარაძე
[13] ზინაიდა
კვერენჩხილაძე - ასრულებდა ელიზაბეტ პროქტორის როლს სპექტაკლში „სეილემის პროცესი“,
რეჟისორი რობერტ სტურუა
[14] ართურ
მილერის „სეილემის პროცესი“ 1965 წელს დადგა რეჟისორმა რობერტ სტურუამ
[15] ალექსანდრ
ანიქსტი, თეატრმცოდნე, ლიტერატურათმცოდნე, შექსპირის ცხოვრებისა და შემოქმედების ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი მკვლევარი საბჭოთა კავშირში
Comments
Post a Comment