მანანა გეგეჭკორი. "ვეძებთ ნაძირალას!" - თემურ ჩხეიძის „გრონჰოლმის მეთოდი“
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არცერთი თანამედროვე პიესა ისე არ მომწონებია, როგორც ჟორდი გალსერანის „გრონჰოლმის მეთოდი“. დეტექტივის პრინციპით დაწერილი (თუმცა დეტექტივი არ არის) პიესა, იმედი მაქვს, ბოლომდე შეინარჩუნებს მაყურებლის ყურადღებას. არ შევუდგები იმის მოყოლას, თუ რაზეა ის. ამაზე, ვფიქრობ, თითოეული მაყურებელი თავის დასკვნას გამოიტანს. ძალიან მინდა ყველა ისე შეწუხდეს დასმული პრობლემით, როგორც ეს მე დამემართა პიესის კითხვისას.“
თემურ ჩხეიძე
თანამედროვე ქართულ თეატრში გამოჩნდა პიესა, რომელიც სიღრმისეულად
ასახავს საზოგადოებაში დღეს საფუძვლიანად დამკვიდრებულ მნიშვნელოვან სატკივარს, პრობლემას,
რომელმაც ჩვენში უკვე მყარად მოიკიდა ფეხი. სამწუხაროდ!
საინტერესოა, რომ ეს პიესა ქართული არ არის. იგი თანამედროვე
ესპანელმა დრამატურგმა ჟორდი გალსერანმა დაწერა. მას „გრონჰოლმის მეთოდი“ ჰქვია. როგორც
ჩანს, გლობალიზაციის მსოფლიო პროცესში საქართველოს ჩართვას, ჩვენი ქვეყნისათვის მრავალ
პოზიტიურ შედეგთან ერთად, ნეგატიურიც მოაქვს. რას იზამ, ყველა მოვლენას აქვს დადებითი
და უარყოფითი მხარე. „გრონჰოლმის მეთოდში“ გამოვლენილი ფსიქო-სოციალური პრობლემატიკა,
თანამედროვე საზოგადოების ზნეობრივი ცხოვრების ერთ, მეტად მნიშვნელოვან ასპექტს ეხება. იგი არა მარტო ესპანელთა
და ქართველთა, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს ტკივილს წარმოადგენს.
ჟორდი გალსერანის პიესა მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძემ
დადგა. „გრონჰოლმის მეთოდი“ ჩინებულად თარგმნა მწერალმა თამაზ გოდერძიშვილმა. ბოლო
რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სწორედ იგი მუშაობს თემურ ჩხეიძესთან პიესების
თარგმანსა თუ პროზის ინსცენირებაზე. ამ შემთხვევაშიც ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ.
სანამ უშუალოდ სპექტაკლზე ვისაუბრებ, მინდა პიესის ავტორზე
მოგითხროთ, მით უფრო, რომ ქართული თეატრალური საზოგადოება მას თითქმის არ იცნობს. გალსერანის „გრონჰოლმის
მეთოდი“ ჩვენში პირველად დაიდგა.
მსოფლიოში სახელგანთქმული ესპანელი დრამატურგი, მწერალი,
სცენარისტი და მთარგმნელი ჟორდი გალსერანი 1964 წელს დაიბადა. დაამთავრა ბარსელონის
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კი პიესების
წერა დაიწყო. მისი დრამატურგიული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: „სერფინგი“, „მიჯაჭვული
სიტყვები“ (ამ პიესის მიხედვით გადაღებულია ფილმი, მწერალს კი მიენიჭა პრემია „ბორნი“
თეატრალური ხელოვნების სფეროში, კრიტიკის პრემია, აგრეთვე პრემია საუკეთესო სცენარისთვის
ფანტასპორტოს ფესტივალზე), „დაკოტა“, „გაქცევა“, „კარნავალი“, „კანკუნი“, მიუზიკლი
„გაუდი“, „გრონჰოლმის მეთოდი“ (მის საფუძველზე ფილმი გადაიღო რეჟისორმა მარსელო პინეირომ).
ჟორდი გალსერანის სცენარის მიხედვით გადაღებულია ფილმი „სიმყიფე“ (რეჟ. ჟუამ ბალაგერო).
ჟ. გალსერანი რამდენიმე მოთხრობის ავტორია, ესპანურად თარგმნა კარლო გოლდონისა და ნილ
საიმონის პიესები, ნ.გოგოლის „რევიზორი“.
„გრონჰოლმის მეთოდი“ - ჟ. გალსერანის ყველაზე პოპულარული
პიესა - მრავალ ენაზეა თარგმნილი. იგი მსოფლიოს არაერთ თეატრში დაიდგა. თ. ჩხეიძემ
ეს პიესა თავდაპირველად 2012 წლის ნოემბერში სანკტ-პეტერბურგის გ. ტოვსტონოგოვის სახელობის
დიდ დრამატულ თეატრში დადგა. სპექტაკლის მხატვარი იქაც გიორგი ალექსი-მესხიშვილი იყო.
ეს ნაწარმოები, ერთი შეხედვით, დეტექტივია. მართალია, იქ
არ არის დევნა, მკვლელობა, გამოძიება, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, მაგრამ მაყურებელი,
უპირველეს ყოვლისა, მაინც სიუჟეტს ადევნებს თვალს, მოვლენათა თანმიმდევრობას, პერსონაჟთა
სცენურ ქმედებას. მას აინტერესებს, რით დამთავრდება ეს დაძაბული, ხშირად დაუნდობელი
ფსიქოლოგიური ორთაბრძოლა, თუმცა დეტექტიური კოლიზია, სიღრმისეული პრობლემებით აღსავსე
ამ პიესის მხოლოდ ზედაპირული შრეა.
თ. ჩხეიძე ფსიქოლოგიური თეატრის, განცდის ხელოვნების
ერთგულია მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე. ამ პრინციპისთვის მას არასდროს
უღალატია როგორც წარმატებულ, ასევე ნაკლებად წარმატებულ სპექტაკლებში. ჟ. გალსერანის
ფსიქო-სოციალური დრამა არაჩვეულებრივად ეხმიანება არა მარტო რეჟისორის, როგორც პიროვნებისა
და მოქალაქის სატკივარს, არამედ მის უმთავრეს შემოქმედებით მრწამსსაც. ჩინებულ შესაძლებლობას
აძლევს საკუთარი თეატრალური გამომსახველი საშუალებების სცენაზე სრულად წარმოჩენისათვის.
თავადაც წერს ამის შესახებ: „ხდება ის, რასაც თავიდანვე ვვარაუდობდი. რეპეტიციიდან
რეპეტიციამდე პიესა სულ უფრო რთული და საინტერესო ხდება. საუკეთესო მასალაა ფსიქოლოგიური
თეატრისთვის. დიდი ხანია არ შემხვედრია თანამედროვე პიესა, რომელზედაც ასე საინტერესო
იქნებოდა მუშაობა. შესანიშნავად მიდის რეპეტიციები, ერთობლივად ვეძებთ განწყობილებათა,
აზრთა და საქციელთა საწყისებს. დრო გვაჩვენებს, რამდენად სწორია ჩვენი ვარაუდები.“
მართალია, თ. ჩხეიძე ყოველივე ამას სანკტ-პეტერბურგის წარმოდგენის დადგმის პროცესში
წერდა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ქართულ სპექტაკლზე მუშაობაც ასეთივე საინტერესო და
სასიამოვნო იყო მისთვის და მისი არტისტებისთვის. ეს სპექტაკლის ხილვისას აშკარად იგრძნობა.
სცენაზეა მსხვილი ჰოლდინგის თანამედროვე ოფისი. დღეს ასეთებს
საქართველოშიც ხშირად ვხვდებით. ფირმა „დეკიამ“ კონკურსი გამოაცხადა მაღალანაზღაურებადი,
პრესტიჟული თანამდებობის დასაკავებლად. საკონკურსო შერჩევის შემდეგ, ერთ ადგილს ოთხი
კონკურენტი ეცილება ერთმანეთს. ვის აირჩევს ფირმა? ვინ გაიმარჯვებს და რა გზით?
თავიდან, ერთი შეხედვით, ყველაფერი ჩვეულებრივი გასაუბრებით
იწყება. ეს, თითქოსდა ფორმალური შემოწმება, თანდათანობით ხან მოხდენილი ინტელექტუალური
პაექრობის სახეს იღებს, ზოგჯერ პოპულარულ თამაშ „მაფიოზობანას“ გვაგონებს, დროდადრო
კი, სოციალურ ფსიქოლოგიაში გავრცელებულ ე.წ. „როლის თეორიის“ მეთოდების გამოყენება
ხდება. გრონჰოლმის მეთოდი ადამიანის შინაგანი ბუნების გამოვლენის არაერთ, ხშირად უღირს
და ეშმაკურ ხერხს ეყრდნობა იმისათვის, რომ ხელმძღვანელის პოსტი ფირმისთვის ყველაზე
მისაღებმა კანდიდატურამ დაიკავოს. როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლიდერი? რა მოთხოვნებს
უყენებს მას საზოგადოება? ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია დაქირავებულ ფსიქოლოგთა
დახმარებით, გრონჰოლმის მეთოდით, რომელიც გარკვეულ ვითარებებზე დამოკიდებულ ადამიანს
ან მტაცებლად აქცევს, ან - მის მსხვერპლად. მთავარია, ტესტების საშუალებით ამოვიცნოთ ნაძირალა, რომელიც
თავს წესიერ ადამიანად გვაჩვენებს. მოქმედება მიმდინარეობს მასიური კედლების მქონე
დახშულ სივრცეში, რომლის ცენტრშიც, შუშის მაგიდის თავზე უზარმაზარი პროჟექტორია, მაგიდის
გარშემო - ტყავის საოფისე სავარძლები, უსახური, უსიცოცხლო, ასკეტური, ამავე დროს, სტანდარტული
სამყარო. ორი კარი აივანზე გადის. იგი სიმწვანეშია ჩაფლული. მხატვარი გ. ალექსი-მესხიშვილი
თითქოს მიგვანიშნებს - აქვე ახლოს მშვენიერი, სისხლსავსე, ნამდვილი ცხოვრება ჩქეფს,
წარმოდგენის გმირები კი უსიცოცხლო სამყაროში ჩაკეტილან.
სპექტაკლის მოქმედება რეალურ დროში მიმდინარეობს. წარმოდგენა
იმდენ ხანს გრძელდება (2 საათსა და 15 წუთს უანტრაქტოდ), რამდენი ხანიც, სავარაუდოდ
დაჭირდებოდა ამ თავისებური ექსპერიმენტის ჩატარებას ცხოვრებაში - ფირმა „დეკიას“ სტოკჰოლმის
სათაო ოფისის ხელმძღვანელის, ისაია გრონჰოლმის მეთოდის პრაქტიკულ განხორციელებას.
2 საათის განმავლობაში, სტერილურსა და შემაშფოთებლად ცივ
გარემოში, სამი მამაკაცი და ერთი ქალი, რომლებსაც წარმატებული ფირმის ხელმძღვანელის
პოსტის დაკავება სურთ, შემოწმებას გადიან. ისინი ვალდებულნი არიან უპასუხონ ნებისმიერ,
თვით ყველაზე ფარულ, ინტიმურ საკითხსაც კი, რადგან მოსამსახურის პირად ცხოვრებასაც
ფირმა აკონტროლებს. კანდიდატს არა აქვს სხვისი შეცოდების, თანაგრძნობის უფლება. სამსახურის
მსურველთაგან სამი, საბოლოოდ ფირმის ფსიქოლოგი აღმოჩნდება, მხოლოდ ერნანდოა ულმობელი
ექსპერიმენტის მსხვერპლი. თუმცა იგი შემოსავლის გულისათვის ყველაფერზე წავა.
თ. ჩხეიძის სპექტაკლში ოთხი მსახიობი თამაშობს - ოთხი ნიჭიერი
ადამიანი, შესანიშნავი პროფესიონალი, გამოცდილი არტისტი: ეკა ჩხეიძე (მერსედესი), ნიკა
თავაძე (ერნანდო), ალეკო მახარობლიშვილი (ენრიკე) და აპოლონ კუბლაშვილი (კარლოსი).
სამ მსახიობს მარტო საკუთარი პერსონაჟის შექმნა კი არ უწევს, არამედ გრონჰოლმის მეთოდით
გათვალისწინებული ე.წ. შემოგზავნილი პირებისა, თან, სხვადასხვა შემთხვევაში, სრულიად
განსხვავებული ტიპაჟებისა. ისინიც შერჩევის ამ სასტიკი სისტემის მსხვერპლნი არიან,
ერთგვარი ადამიანური მასალა, რომელმაც დღეს ერთი პიროვნება უნდა ითამაშოს, ხვალ კი
- სრულიად სხვანაირი ადამიანი. ოღონდ არა სცენაზე, არამედ ცხოვრებაში. მათი ფანტაზია
და იმპროვიზაციის უნარი მხოლოდ მეთოდით გათვალისწინებული სქემის მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული.
თ. ჩხეიძემ არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლი შექმნა,
ჩინებული კვარტეტი, რომლის სიძლიერე, უპირველეს ყოვლისა, ნიჭიერ შემსრულებელთა „თანახმიერებაშია.“
ზოგ სცენაში ერთია სოლისტი, ზოგან - მეორე. ხან დუეტი თამაშდება ჩვენ თვალწინ, ხან
- ტრიო, ხან - სოლო-მონოლოგი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს შესანიშნავ პროფესიონალთა
შეკრული კვარტეტია, რომელსაც რეჟისორი თ. ჩხეიძე ხელმძღვანელობს. სწორედ ესაა ამ სპექტაკლის
უპირველესი ღირსება.
როგორც მოგახსენეთ, პიესაში ოთხი მსახიობია, მაგრამ სპექტაკლში,
ვფიქრობ, ხუთი პერსონაჟია. არის კიდევ ერთი, უხილავი, მაგრამ ძალზე აქტიური მოქმედი
პირი - ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. მის მიერ კანდიდატებისათვის
დავალებების შეთავაზება თავისებურად ხდება, თან - გარკვეული პერიოდულობით, მხოლოდ მაშინ,
როდესაც იგი საჭიროდ თვლის. ალბათ გახსოვთ, როგორ მიმართავს ცნობილი ზღაპრის პერსონაჟი
ალი-ბაბა ჯადოსნური გამოქვაბულის კარს: „სეზამ, გაიღე!“ „გრონჰოლმის მეთოდში“ ამგვარი
კარის მოვალეობას სცენის სიღრმეში მოთავსებული სარკმელი ასრულებს - თავისებური საფოსტო
ყუთი. სანამ არ გაირება, ვერც ამჩნევ. ექსპერიმენტის მონაწილენი დავალებებს სწორედ
იქიდან იღებენ. ყველასთვის ნაცნობი, ლირიკული, იდილიური მელოდიის (ბეთჰოვენის „ელიზასთვის“)
ფონზე სარკმლიდან ახალ-ახალი დავალებები იგზავნება. ფირმის უხილავი უფროსის მუდმივი
არსებობის თავისებურ სიმბოლოდ გვევლინება აგრეთვე ცენტრში დაკიდებული პროჟეტორი. მას
პერსონაჟები ზოგჯერ პირდაპირ მიმარტავენ, როგორც სავარაუდო ვიდეოთვალს.
შემოწმების პროცესში კანდიდატები რამდენიმე განსხვავებულ
დავალებას ასრულებენ. მათი საბოლოო მიზანი სასტიკი, არაადამიანური და ულმობელია: ადამიანის
ფსიქიკის ღრმა, ზოგჯერ მისთვისაც კი ფარული შრეებიდან, რაც შეიძლება მეტი სიბინძურე
ამოატივტივონ - ცინიზმი, გულგრილობა, ბოროტება, თვალთმაქცობა, ანგარება, ეგოიზმი და
ა.შ. ტესტირება რამდენიმე ეტაპად ტარდება:
1.
უნდა ამოიცნონ დეპარტამენტის შტატიანი თანამშრომელი;
2. სამმა მონაწილემ უნდა გადაწყვიტოს, განაგრძობს თუ არა მუშაობას საზღვარგარეთულ
პროექტზე ენრიკე, რომელმაც ცოლს უღალატა, შემდეგ კი გაშორდა;
3.
„ჯადოსნური სარკმელი“ მოთამაშეებს ტორეროს ქუდს, ჯამბაზის ჩაჩს, პოლიტიკოსის
ცილინდრსა და ეპისკოპოსის მიტრას სთავაზობს. მათ ეს ქუდები უნდა მოირგონ ისევე, როგორც
მათ მფლობელთა როლები და დაუმტკიცონ ერთმანეთს, რომ მხოლოდ ერთ მათგანს ეკუთვნის პარაშუტი
ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან.
4. კანდიდატებმა უნდა გადაწყვიტონ, დარჩეს თუ არა ფირმაში სამუშაოდ კარლოსი, რომელმაც
სქესის შეცვლა გადაწყვიტა.
5. და ბოლოს, ე.წ. „ორმაგი ამოცანის პრინციპი - სცენაზე დარჩენილმა ორმა კანდიდატმა
- ერნანდომ და მერსედესმა - ერთმანეთისგან დაფარული დავალებები უნდა შეასრულონ. პარტნიორს
ის უნდა გააკეთებინო, რაც შენს კონვერტში წერია. ერნანდომ უნდა აატიროს „რკინის ლედი“
მერსედესი, რომელმაც ტესტირება დედის გარდაცვალების გამოც კი არ დატოვა. ნიკა თავაძის
გმირი ამ ამოცანას ჩინებულად ართმევს თავს.
თითქოს ყველაფერი რიგზეა.
ერნანდო ერთადერთი კანდიდატი აღმოჩნდა. და უცებ, მოულოდნელი სიუჟეტური სვლა, რომლისკენაც
ასე ოსტატურად მივყავდით რეჟისორსა და მსახიობებს სიტუაციის თანდათანობითი დაძაბვით
- აღმოჩნდა, რომ ერნანდოს გარდა ყველა ანგაჟირებული ფსიქოლოგია. მაყურებელი ამ მოვლენას
ტაშით შეხვდა. დეტექტივი დასრულდა, მაგრამ „გრონჰოლმის მეთოდი“ დეტექტივი არ არის,
მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტამდე ვერ მიხვდები, ვინ არის ნამდვილი კანდიდატი და
ვინ - მოჩვენებითი. ამიტომ მაშინაც კი, როდესაც თითქოს ყველაფერზე პასუხი გაცემულია,
მაინც რჩება შეკითხვა: დანიშნავდნენ თუ არა პრესტიჟულ თანამდებობაზე ერნანდოს.
აღმოჩნდა, რომ იგი გამარჯვებას
ნაადრევად ზემობს. ფსიქოლოგთა საბოლოო დასკვნის თანახმად, ერნანდოს აგრესიულობა და
თავდაჯერებულობა ყალბი, ნაძალადევი და მოჩვენებითია. სინამდვილეში, იგი უიღბლო და უბედური
კაცია. დედის გარდაცვალების შემდეგ ღრმა და ხანგრძლივ დეპრესიაში ჩავარდა (ეს კი ფირმის
თანამშრომლისთვის სასტიკად აკრძალულია), ცოლთან გაყრილია, ჰომოსექსუალ ძმასთან ურთიერთობა
არა აქვს, ემპათიას არ ავლენს არცერთ სიტუაციაში. ფირმას კი ასეთი ადამიანი არაფრად
უნდა.
მას არ ესაჭიროება კარგი კაცი, რომელიც თავს ნაძირალად ასაღებს. იგი ეძებს ნაძირალას,
რომელიც კარგ კაცს ძალიან ჰგავს.
მარტო დარჩენილი ერნანდო
ჩაკეტილი სივრციდან, ერთგვარი ჯადო წრიდან ვერ გადის. გამოსავალი არ არის. როსინის
მუსიკის ფონზე პროჟექტორი ამოძრავდა, თვალისმომჭრელი სინათლე ჯერ ერნანდოს შეანათა,
შემდეგ კი მაყურებელთა დარბაზს რამდენჯერმე გადაუარა. არა მარტო იმის საჩვენებლად,
რომ სპექტაკლი ყოველ ჩვენგანს ეხება, არამედ კიდევ ერთი კანდიდატის მოსაძებნად. დიახ, ყოვლისმხილველი
ვირტუალური თვალი ახალ მსხვერპლს ეძებს. ვინ იქნება შემდეგი?
Comments
Post a Comment