1981 წელი; რუსთაველის თეატრის გასტროლები იტალიაში; ფრაგმენტები პირადი დღიურიდან

22 აპრილს მოსკოვიდან დილით გავფრინდით რომში. რომის აეროდრომიდან პირდაპირ 56 ადგილიანი ავტობუსით ბრწყინვალე ავტოსტრადებით წაგვიყვანეს ფლორენციაში. 3 საათნახევარი დასჭირდა ჩასვლას ბრწყინვალე ქალაქამდე. მიუხედავად დაღლილობისა, ავტობუსის ფანჯრებიდან გზად ვათვალიერებდით სულ მწვანეში ჩაფლულ სოფლებსა და პატარა ქალაქებს, ძალიან ჩამოჰგავს ჩვენს ქვეყანას, იმერეთს. ძველი, შუა საუკუნეების ციხე-ნაქალაქევი საოცარი სანახავი იყო. ჩვენი მთარგმნელი ვანო ცაგარეიშვილი (რომელმაც ბრწყინვალედ იცის იტალიური, ასევე ესპანური, ინგლისური და პორტუგალიური ენები) ხუმრობდა, რომ პატარა ქალაქები მთებზე და კლდეებზე შეფენილი ჩვენს სიღნაღს ჩამოგავს და ზოგიც ქუთაისის გარეუბანსო. ვანო ენამახვილი კაცია, იუმორით სავსე და კარგი მოსაუბრე.

ფლორენციაში მოგვათავსეს სასტუმრო კაპიტოლში. მე და გურამ საღარაძე ერთად ვართ. სასტუმრო კარგია, არა პირველხარისხოვანი, მაგრამ სუფთა და კოხტა. თეატრიც ახლოა აქედან და ყველა საზღაპრო ღირსშესანიშნაობები - მიქელანჯელო და ლეონარდოები, ტინტორეტო, ბოტიჩელი და ჯოტოები. და ვინ მოთვლის კიდევ, რა. ეჰ, ნეტავი ჩემი გოგიკა მყავდეს აქ, რას ისიამოვნებდა. რას გაძღებოდა ამ შედევრების ხილვით. მოვთავსდით სასტუმროს ნომრებში და პატარა გასეირნება მოვაწყვეთ იქვე მოედნის ირგვლივ. მაინც დაღლილები ვართ და თანაც სასტუმროს ვესტიბიულში მეორე სართულზე ტელევიზორი დგას და დღეს 7 საათზე ნახევარფინალებია ფეხბურთში, იქნებ ჩვენი დინამოს და ჰოლანდიელების შედეგიც გავიგოთ. ცოტა დავისვენეთ და შემდეგ ვუყურეთ ფეხბურთს (სხვათა შორის, ტელევიზორს 8 არხი აქვს და 8 სხვადასხვა პროგრამის გადმოცემაა. სასწაული. ინგლისში 3 იყო. აქ 8. ვუყურეთ მადრიდის და იტალიის ინტერის და ასევე ლივერპულისა და ბავარიის თამაშს - ორივეგან 1-0 გათავდა. დაღლილებს მაგრად დაგვეძინა.

23 აპრილი 

პირველი, რაც გავიგეთ, ჩვენ დინამოს წაუგია ჰოლანდიაში 2-0, ხვდება გდრ. კარლცეისის გუნდს პარიზში 16 მაისს. ვინაიდან რეპეტიცია საღამოს გვაქვს 6 საათზე, ამიტომ მაქსიმალურად გვინდა დღე გამოვიყენოთ. მე, გურამ საღარაძე, ნოდარ გურაბანიძე, იური ზარეცკი, ნესტორ ჭილაძე ჯერ თეატრში მივედით, ვნახეთ შენობა, სადაც განათება და ტექნიკა მოიკოჭლებს და ალბათ სინქრონული თარგმანიც დასჭირდება - დიდი სამუშაო ელის მთარგმნელს. მოთავდა მოლაპარაკება გასტროლების ორგანიზატორებთან და ჩვენი კომპანია გაემგზავრა ფეხით ულამაზესი ვიწრო ქუჩებით ქალაქის ცენტრისკენ. ქალაქი ზღაპარი. აქ თითქმის ყოველი მეორე სახლი ცოცხალი ისტორიაა, ყოველი მეხუთე ეკლესია და მოედნები გამოფენები და მუზეუმები. დიდი ტაძარი „სანტა მარია დელ ფიორე“ მიქელანჯელოს ქანდაკება „პიეტა“. ეს კოპიააო, ორიგინალი აქვე სხვა მუზეუმშია. ხვალ ვნახავ. ქანდაკება შიგნით დგას. გრანდიოზული სიმაღლის ტაძარი, საოცარი გუმბათით, შემდეგ - ორი-სამი კვარტლის გავლით მივადექით სინიორიის მოედანს - იქვეა უფიცაც. პირდაპირ გარეთ დავითის კანდაკების კოპიო ფასადთან მარცხნივ ბენვენუტო ჩელინის დავითი და გოლიათი, მაგრამ ყოველივეს მაინც გადააჭარბა სინიორიას მოედანზე მდებარე ტაძრის შედევრებმა (პირველ სართულზე მედიჩების საფლავებია, მარმარილოს ქვაფენილები, 800 ლირა ღირს შესვლა). გუმბათზე არის პიეტრო ბენვენუტოს ფერწერული მოხატულობა ქრისტეს დაბადებიდან გარდამოხსნამდე. გუმბათის სიმაღლეა ალბათ 70-80 მეტრი, თუ მეტი არა. რა ხელმა მოხატა ან როგორ?! სასწაულია! ყოველი მათგანი ფერწერის შედევრია. ხელმარცხნივ მედიჩების - მთავრების ნაქონი ძვირფასი ნივთები ინახება შუშის ქვეშ, ეს იმდენი არაფერი...

ყველაზე დიდი დარტყმა მივიღეთ 40 მეტრიან ოთახში, სადაც მოთავსებულია მიქელანჯელოს სამი შედევრი: „დღე და ღამე“, „დილა და საღამო“ და ღვთისმშობელი ძუძუს რომ აწოვებს ქრისტეს. მარჯვნივ და მარცხნივ მედიჩები. ამის აღწერა წარმოუდგენელია... ალბათ მსოფლიო საოცრებებს შორის ეს ერთ-ერთი პირველთაგანია, უყურებ და ვერ ძღები, წამოსვლა არ გვინდოდა. ასევე კედლებზე, მაღალ ნიშებში მიქელანჯელოს მიერ ფანქრით და ნახშირით მოხატული ცნობილი ესკიზები. შუშის ქვეშ. უკვე დროთა ვითარებას დაღი დაუსვამს. გაოგნებულები გამოვედით. საოცრებაა. მსგავსი იშვიათია. ხომ მისწავლია ამის შესახებ, მინახავს რეპროდუქციები, ვახტანგ ბერიძის ლექციები და სხვა, მაგრამ თვალით ნანახი და განცდილი სულ სხვაა. დღეს საღამოს და ხვალ დღისით რეპეტიციები გვაქვს და ზეგიდან კი უფიცა, პალაცო პიტი უნდა დავათვალიეროთ. ამაზე 2 დღე გვრჩება. მერე რიჩარდის მეორე დღე. დღისით უნდა მაქსიმალურად მოვასწროთ ყველაფერი. ზღაპარი ქალაქია... ყოველ ფეხის ნაბიჯზე სასწაული და საოცრებაა.

საღამოს ჩავატარეთ რეპეტიცია Pergola-ს თეატრში, რომელიც ვიწრო პერგოლას ქუჩაზე მდებარეობს. საერთოდ, ქუჩები ვიწროა, მაგრამ საოცრად სიმეტრიული, სიგანე 15-20 მ. სისუფთავე მაინცდამაინც ქუჩებში ვერ შევიგრძენით. ზოგან ტროტუარი ½ მეტრია და თანაც მანქანებია, მართალია, პატარა ზომისა, ჩამწკრივებული. მანქანები სწრაფად დადიან, დიდი სიფრთხილეა საჭირო სიარულში.

24 აპრილს გვქონდა რეპეტიცია, კავკასიურის, ასე რომ, მთელი დღე ამას მოუნდა. წარმოდგენამდე მხოლოდ გარედან დავათვალიერე უფიცა და პიტი - მუზეუმები. დავგეგმე 25-სთვის. შაბათია და 2 საათამდე ღია იქნება.

საღამოს 8.45-ზე დაიწყო წარმოდგენა, დიდძალი ხალხი დაესწრო. თარგმანი სინქრონულია, ადგილობრივი დიქტორი ქალი თარგმნის, ეხმარება ჩვენი ვანო ცაგარეიშვილიც. წარმოდგენა წარმატებით ჩატარდა (თუმცა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო ნაკლები წარმატება ხვდა). ალბათ მიზეზი იმაშია, რომ ამდენი წარმატება მოყირჭდა მსახიობებს და უკვე მექანიკურად იქცა. ეს საწყენია. ვნახოთ, რას იზამს „რიჩარდი“.

25 აპრილი

ამ ჩანაწერს ვაკეთებ დღისით, იმიტომ რომ, საღამოს ისევ კავკასიურია. როგორც დავგეგმეთ, წავედით უფიცაში, მაგრამ ამაოდ. თურმე დღესასწაული ყოფილა - იტალიის ფაშიზმისგან გათავისუფლების და პარტიზანული მოძრაობის აღსანიშნავი დღე. ამიტომ უფიცაც და პიტიც დაკეტილი დაგვიხვდა. გაწბილებულები წამოვედით, თანაც ვშიშობ, რომ უნახავი არ დამრჩეს ეს მუზეუმები. მრჩება ფაქტიურად ერთი დღე.


28-ში წავედით სანტა მარია დელა ნოველას ტაძარში, სადაც ადრეული რენესანსის შედევრებია, მე-14 საუკუნისა და მაზაჩოს „ქრისტეს გარდამოხსნა“, ასევე გამოჩენილი მხატვრების დიდი ტილოები, თვითონ ტაძრები ხომ გრანდიოზულია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკურთხევლის გუმბათში დომენიკო გირლანდაიოს მიერ მოხატული ღვთისმშობლის და ქრისტეს სიუჟეტზე აგებული გრანდიოზული ფრესკები, მე-14-15 საუკუნეებისა. ვახტანგ ბერიძე გვიკითხავდა ინსტიტუტში და ყველა სახელმძღვანელოშია შეტანილი რეპროდუქციები, თითქოს ყველაფერი უკვე ნაცნობი იყო, მაგრამ ახლა ნამდვილს რომ ხედავ და ამდენი ხანი გაშორებს იმ დროს, რა ოსტატობა, რა კომპოზიცია, რა ფერები, რა საღებავებია - ამდენი საუკუნე რომ ცოცხლობს.

6 საათზე გავედით სანტა კლოჩას მოედანზე. სანტა კლოჩას ტაძარში მიქელანჯელო ბუანაროტის საფლავი და ვაზარის მიერ შესრულებული 4 თაღი საკურთხევლისა მოხატულია ჯოტოს მიერ. მიმდინარეობდა წირვა, მაგრამ ხალხს მაინც უშვებდნენ დასათვალიერებლად. მერე წარმოდგენამდე ქალაქში ვიარეთ - ვიწრო-ვიწრო ქუჩები, მოედნებზე გამავალი, საყდრები და ეკლესიები...

26 აპრილი

დილიდანვე, რიჩარდის რეპეტიციამდე, ე.ი. 11 საათამდე უნდა მოგვესწრო და გვენახა ფლორენციის აკადემიის გამოფენა. საათნახევარი ვიყავით, თვის ბოლო კვირას და თვის პირველ შაბათს შესვლა უფასოა. მიქელანჯელოს დავითის ნახვა უფასოდ! დავითი, პიეტა და ექვსი მარმარილოში ამოკვეთილი ცნობილი ფიგურები მამაკაცისა. მიუხედავად დიდძალი ხალხისა, მაინც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, თვითონ დავითის ასლი ხომ სინიორიის მოედანზეა. მაგრამ ეს ორიგინალი მაინც სულ სხვაა, პირდაპირ განადგურებს ასეთი პროპორციები, ასეთი საოცარი სიმეტრია, ასეთი ვაჟკაცური, ღრმა და ამავე დროს სევდიანი და სიჭაბუკის დღესასწაულია ამ კლასიკურ ქანდაკებაში. გამოსვლა აღარ მინდოდა. 

ოთხი დარბაზია, ფერწერის - სამი პატარა და ერთი დიდი ბოტიჩელი, პერუჯინო, ფილიპო ლიპი და გირლანდაიო და მრავალი სხვა, რომელთა სახელები ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ყოველი მათგანი ბრწყინვალეა. ხვალ თუ მოხერხდა, რეპეტიციამდე უნდა ვნახო უფიცი და ზეგ პიტი უეჭველად. დღეს ვიყიდე 3 წიგნი - ფლორენციის, უფიცის და პიტის ილუსტრაციებით. შიგ გეგმებიცაა, ასე რომ ეგ იქნება ჩემი მეგზური. რა ბრწყინვალე გამოცემებია. გოგიკასთვის ვიყიდე ფლორენციის. მერე რეპეტიცია. ყველა დამესია, გამომართვეს წიგნები და ხარბად დაუწყეს თვალიერება, ცოტა უკვირთ, რომ მე ასე ადრე ვიყიდე წიგნები, იქნებ სხვა ქალაქებში არ იყოს და მერე სად ვეძებო. მე მგონი, ეს წიგნები ყველაფერს ჯობს.

პური კიდევ ვერ ვიშოვეთ მე და ბადრიმ (იგულისხმება ბადრი კობახიძე), აქ ხშირი წვიმებია, არცაა გასაკვირი. იტალია ხომ სულ ზღვებითაა გარშემორტყმული. ასე რომ წვიმაც აუცილებელია... ხვალიდან პურს მოვიმარაგებ, თორემ ასე არ ივარგებს, ფლორენციამ მე მგონი ჯერჯერობით ყველა ჩემ მიერ ნანახ ქალაქებს გადააჭარბა, ამდენი ხელოვნების შედევრი და ერთ ქალაქში. აქაურები ამბობენ, ვერ ავუდივართ ტაძრების, სასახლეების და სამუზეუმო დარბაზების რემონტებსა და რესტავრაციასო.

27 აპრილი

დილით ვიყავით სან მარკოს ტაძარში, ვნახეთ ფრა ანჯელიკოს ფრესკები.

12 საათზე შვიკრიბეთ თეატრში, საიდანაც წაგვიყვანეს პერგოლას თეატრის დირექციაში, რომელიც მდებარეობს ძველ შენობაში, 16 საუკუნეში აშენებული, (საერთოდ, ქალაქის ცენტრში ძირითადად სულ ძველი შენობებია, მრავალი საუკუნის წინათ აგებული). აგვიყვანეს მე-4-5 სართულზე, გაგვიყვანეს აივანზე, საიდანაც დაგვანახეს ეკლესიების და ტაძრების გუმბათები. სულ კრამიტითაა გადახურული, კოშკები - ისინიც კრამიტით. შემდეგ წაგვიყვანეს სინიორიის მოედანზე მდებარე პალაცო ვეკიოში, სადაც მუზეუმია, იქ პატარა მიღება გაგვიმართეს ქალაქის მერის მოადგილემ, კიდევ ვიღაც მდიდარმა კაცმა, რომელიც მეცენატი აღმოჩნდა ხელოვნებისა და კულტურული ურთიერთობებისა. პატარაზე გაგვიმასპინძლდნენ. (ეს ეტყობა მუზეუმის ადმინისტრაციის ოთახი იყო). მერე შეგვიყვანეს და დაგვათვალიერებინეს გამოფენა, ასევე გვაჩუქეს წიგნები „პალაცო ვეკიო“. აქ არის ძირითადად ჯორჯო ვაზარის ფერწერა, მიქელანჯელო და სხვა გამოჩენილი მოქანდაკეები და მხატვრები.

საღამოს პირველად ვითამაშეთ რიჩარდი. სპექტაკლი ძალიან კარგად მიიღეს, დიდი ოვაციები იყო, ფოტო გადაღებები, მოლოცვები. ხვალ დილით უფიცა და პიტი უნდა დავათვალიერო, მეტი დრო აღარ გვრჩება, ზეგ დილით გადავდივართ რეჯიე ემილიაში.

28 აპრილი

მე და გურამ საღარაძე (ჩვენ ხომ ერთად ვართ სასტუმროს ნომერში)
დილიდანვე გავეშურეთ უფიცაში. გზად ვიყიდეთ პური, რომელიც ძვირია. საერთოდ, აქ გარდა შავი ბაზრისა, ყველაფერი ძვირია, მაგალითად ქათმის ნაჭერი და მისი გარნირი 4500 ლირა. დღეში ჩვენ ვღებულობთ 16 000, სალათა 450, ამას დაუმატე ვთქვათ ნაყინი, ორანჟი ან ლუდი და გათავდა შენი დღიური. ძალიან ცოტაა საარსებოდ. მაშინ როცა სასტუმრო ერთი კაცი დღე-ღამეში ჯდება 30 000 ლირა. დიდი სიძვირეა. ხილიც (რისი იმედიც მე მქონდა) ძვირია. უნდა როგორმე გავიჭირვო, რომ ნათელას და ბავშვებს რაიმე ჩავუტანო. ახლა გურამმა ამბავი მოიტანა, საფრანგეთის ფესტივალის დირექტორი ესწრებოდა ჩვენს წარმოდგენებს და შეუთავაზებია რობერტისთვის, რომ რიჩარდთან ერთად კავკასიურიც წამოიღეთო მრავალფეროვნებისთვისო. ეჰ, საცოდავი სამანიშვილი (რუსთაველის თეატრის სპექტაკლი „სამანიშვილის დედინაცვალი“) ვიღას ახსოვს...

ეს ჩემი ფიქრები... ახლა საქმე. პალაცო უფიცა და პალაცო პიტი - ორი გამოფენა - უფიცაში ძირითადად ფერწერა... მე-13 საუკუნიდან დაწყებული, რენესანსი, ლეონარდო, მიქელანჯელო, კარავაჯო, რაფაელი, ტიციანი, ვეროკიო და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. დაბნეულები და გაბრუებულები დავდიოდით საგამოფენო ოთახებში მე და გურამი. მერე ჩვენებიც შემოგვხვდნენ, მათ გიდი მეგზურობდა. საოცარია, საჭმელი რა ძვირია და შედევრების ნახვა 1250 უფიცაში, 1000 პიტიში. პიტი მე მარტომ დავათვალიერე, ეს მთავრის სასახლეა, სადაც მისი მდიდრული ოთახებია ნაჩვენები და ასევე გამოფენილია უმდიდრესი ფერწერული ტილოები - შედევრები, მაგალითად რაფაელის მარიამ მაგდალელი ან ვეროკიო, რომელიც ვთქვათ მთავრის მისაღებ დარბაზშია, კარგად უცხოვრია მთავარს. ტიციანის ძალიან ბევრი ნამუშევარია, რაფაელი, ბოტიჩელი, ფილიპო ლიპი, ვერონეზე, რუბენსი და ვინ მოსთვლის...

პიტიში ჩვენები შემხვდნენ და მითხრეს, ლორდ ბეკინგემის პორტრეტიაო რაფაელის თუ რუბენსის[1] მიერ შესრულებული. წამომყვა გიდი და მაჩვენა. ქერა, ლამაზი ხუჭუჭი კაცია, ბრწყინვალედ ჩაცმული და წვერ-ულვაშით. მოკლედ, შთაბეჭდილებები იმდენია, რომ ვერ აგიწერთ.

29 აპრილი

გამოვეთხოვეთ ფლორენციას. უმშვენიერეს ქალაქს, უმდიდრესი შედევრებითა და სახლებით, ქუჩებით... 12 საათზე გეზი ავიღეთ რეჯო-ემილიასკენ, თითქმის ორი საათი მოვუნდით გზას. წარმოდგენა დღესვეა, ასე რომ დროზე უნდა ჩავიდეთ. ტექნიკური პერსონალი და მხატვარი, გ.მესხიშვილი, უთენია გაემგზავრნენ მატარებლით და მანქანა დეკორაციებით ღამე წასულა.


უმშვენიერესი ავტოსტრადები, გავდივართ მთებში, სულ მწვანეთი დაფარულია ირგვლივ ყველაფერი და გაუთავებელი გვირაბები, გვირაბები. ერთგან ავარიაც კი შეგვხვდა გზაში. ასე რომ შეფერხება იუო, ე.წ. „პრობკა“. ნახევარი საათი დავბრკოლდით. 2.30-ზე ჩავედით მშვენიერ პატარა ქალაქში. მოვთავსდით სხვადასხვა სასტუმროებში, მე და გურამი სასტუმრო „ასტორიაში“ ვართ, ბადრიც და ყველა წამყვანი მსახიობი. ნომრები და სასტუმრო პირველი კლასისაა. დავაწყვეთ ნივთები, ცოტა წავიხემსეთ და გავედით ქალაქში. სიწყნარე, სიმყუდროვე, თითო ოროლა მანქანა თუ გაივლის, ან მოტოროლერი, ან ველოსიპედი. თეატრი ცენტრალურ მოედანზეა, უძველესი შენობაა, გასულ საუკუნეში აგებული, 1852-57 წლებში. ბრწყინვალე შენობაა. ოთხი იარუსი, სულ ბრონზით მოჩუქურთმებული, ბრწყინვალე აკუსტიკა (
Teatro Municipali Romolo Valli).

წარმოდგენა ძალიან კარგად მიიღეს, დიდძალი ხალხიც დაესწრო. ეს ის შენობა, სადაც მარჯანიშვილის თეატრმა ითამაშა „ოიდიპოსი“ - სულ 20-25 კაცი ძლივს შევკრიბეთო, ყვებოდა ნოდარ გურაბანიძე. მათ სხვა მისია ჰქონდათ. თეატრი თურმე ავრცელებს აბონემენტებს და მსურველი კი მეტი იყო, ამიტომ გვერდით სკამები ჩადგეს. დიდი ოვაციები იყო. ღამე დაღლილებს მაგრად დაგვეძინა. ხვალ თეატრის შენობა უნდა დაგვათვალიერებინონ და მერე უნდათ წაგვიყვანონ პატარა ქალაქ პარმაში. „პარმის სავანე“ სტენდალის სწორედ ის პარმაა.

30 აპრილი. პარმა

ქალაქი უძველესი. საოცარი საყდრებით და ტაძრებით. განსაკუთრებულია დუომო, პარმის ტაძარი და ბაპტისტერა - ე.წ. სანათლავი, ერთი დიდი მარმარილოსგან გამოთლილი, დიდი აუზი, შუაში კიდევ საშუალო აუზი. თვით პარმის სავანე კი არ გვაჩვენეს, ეტყობა მას არ აჩვენებენ. ასევე დაგვათვალიერებინეს ძველი თეატრი 1825-27 წლებში აგებული, 4 იარუსით, 1800 კაცი ეტევა. ძველად ოპერებს და ბალეტს აჩვენებდნენ, ახლა დრამატულ სპექტაკლებსაც. სულ ბრონზა ბრჭყვიალებს, ძალიან ლამაზია. სცენაზე ბერნარდ შოუს რომელიღაც პიესის დეკორაცია იდგა და საოცრად არ შეეფერებოდა დარბაზის გაფორმებას. ჩვენმა გიდმა გვითხრა, ცუდი სპექტაკლიაო. 7 საათზე დავბრუნდით რეჯიო ემილიაში. დღეს საღამოს ისევ „კავკასიურია“, ზეგ ვენეციაში წაყვანას შეგვპირდნენ მთელი დღით, ე.ი. 2 მაისს. ხვალ კი 1 მაისს თურმე დიდი ბაზრობა იმართება. ისე კი, რეჯიო-ემილიაში ხორცის ბაზრობა-გამოფენააო და სხვადასხვა ქვეყნები დემონსტრირებას უკეთებენ თავიანთ ხორცის ნაწარმს, მაგალითად ღორის ხორცს. ამათ თუ კიდევ ხორცის ნაწარმი აკლიათ და არ ვიცი, დაყრილია ოხრად ყველაფერი. ჩვენ ვართ უფულოდ, თორემ იცოცხლე... ახვლედიანმა ლომერმა, რომელიც მხოლოდ გუშინ ჩამოვიდა, თქვა, რომ ადრე დიდი სიიაფე იყოო და ახლა კი ძალიან გაძვირებულიაო ყველაფერი. ესეც ჩვენი იღბალი! საღამოს წარმოდგენაზე უფრო მეტი ხალხი დაესწრო, ვიდრე წინა დღეს. წარმოდგენაც კარგად ჩატარდა. რეჯიო ემილია კომუნისტურ ქალაქად ითვლება, მაგრამ ამბობენ აქ მემარცხენეებიც არიან და მემარჯვენეებიცოდ. რას ნიშნავს ყველაფერი ეს, ვერ გავიგე. დღეს საღამოს დიდი კამათი იყო იმის გამო, რომ ნივთები და ხალხი ერთ ავტობუსში არ ეტევა და გართულებულია მგზავრობაო, გასტროლების ორგანიზატორებს არ სურთ თუ არ აქვთ იმპრესარიოსგან უფლება, რომ ნივთებისათვის ცალკე ავტობუსი დაიქირაონ. მე თბილისიდანვე ასე ვვარაუდობდი. საბერძნეთში 2 ავტობუსი გვემსახურებოდა, ძუნწი კრიტოსიც (?) კი გაგულუხვდა და ამათ რა გაუჭირდათ ასეთი. მართლაც, ჯერ ერთი დილის საუზმე უნდა ყოფილიყო სასტუმროს ხარჯებში. არ არის, ახლა კიდევ იტალიაში ამდენი ხნით იმოგზაურო 6 ქალაქში და შვეიცარიაში 2-ში და ჩემოდნები თავზე გედოს, ეს მართლაც აუტანელია. ამბობენ, მატარებელშიც გაგვიჭირდებაო. ვნახოთ, რა იქნება. როგორ გადანაწილდება.


 
1 მაისი

მაღაზიები ყველა დაკეტილი იყო. არავითარი ბაზრობა. მოედნებზე თანდათან იკრიბებოდა ხალხი, უფრო ხანშიშესულები. ზოგ ადამიანს წითელი მიხაკები ეკეთა გულზე - მოედნებზე მიკროფონები იყო დადგმული და რადიორეპროდუქტორები, ალბათ მიტინგები იქნება - ვიფიქრეთ. ასეც მოხდა. დაიწყო დიდი დემონსტრაცია საპირველმაისო. თითქმის ყველას, ათასობით კაცს და ქალს - ახალგაზრდებს, უფროსებს და ხანშიშესულებსაც წითელი მიხაკები ებნიათ გულზე, ეს ძალიან ლამაზი იყო, პოლიციელები მანქანებს გზას უღობავდნენ, რათა დემონსტრანტებს თავისუფლად ევლოთ.

თეატრის წინ, ფასადთან, ტრიბუნა იყო გაკეთებული, ორკესტრის თანხლებით დიდძალმა ხალხმა ჩაიარა, შემდეგ სიტყვებში გამოვიდნენ, როგორც ჩანდა, მშვიდობას და დემოკრატიას უჭერდნენ მხარს, ალბათ ომის ვეტერანებსაც იხსენებდნენ, ომში დაღუპულებსაც, პარტიზანებსაც.

ჩვენც გავერიეთ ხალხში და საერთო ზეიმში ვიყავით. ჰო, კინაღამ დამავიწყდა - დილით ჩვენმა ბიჭებმა ფეხბურთი ითამაშეს თეატრის გვერდით მდებარე ასფალტის მოედანზე, ჯერ ერთმანეთში თამაშობდნენ, მერე კი გამოჩნდნენ იტალიელი ახალგაზრდა ბიჭები მოტოციკლეტებით, ზოგიც ველოსიპედებით და შეგვთავაზეს თამაში - 4 – 4-ზე: ვანო გოგიტიძე, დათო კვირცხალია, გია ფერაძე და კარში მირონ შველიძე. გია ფერაძემ თავისი ფინტებით გადარია ყველა... სასტიკად დავამარცხეთ იტალიელი ბიჭები, იმათ, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ თამაში. მგონი, 5-1 მოვუგეთ. მსაჯი იყო სოსო ლაღიძე. ჩვენ - მაყურებლები.

საღამოს 6 საათზე თეატრის სცენაზე წარმოდგენამდე გაგვიწყვეს სუფრა (ეს მუნიციპალიტეტმა გააკეთა), ალია ფურშეტი. ქალაქის მერმა სიტყვით მოგვმართა, გამოთქვა თავისი აღფრთოვანება წარმოდგენის გამო, მოგვილოცა და გვითხრა, რომ იშვიათიაო ასეთი დიდი წარმატება და აღიარებაო. მერე გაგვიმასპინძლდნენ. საღამოს ჩატარდა მესამედ „კავკასიური“ (აქ რიჩარდს რატომღაც არ ვთამაშობთ, არც ტურინში) დიდი ოვაციები გაიმართა. უშველებელი კალათა მოგვართვეს წითელი მიხაკებით გატენილი, ალბათ 200 მაინც იქნებოდა. ტაში ხანგრძლივი. ხვალ ვენეცია გველოდება.


 2 მაისი

ეს დღე ალბათ არცერთ ჩვენგანს არ დაავიწყდება. დილით 9 საათზე გავედით ვენეციაში, ამინდი შესანიშნავი დაგვესწრო. 3 საათში ჩავედით არქიპელაგზე გაშენებული ადრიატიკის ზღვის პირას მდებარე ეს მშვენიერება არ შეიძლება ადამიანმა აღწეროს. როგორც კი კუნძულებისკენ ავიღეთ გეზი, ჩავდექით მანქანების რიგში, ვინაიდან შაბათი დღე იყო და ამიტომ აუარება ხალხი იყო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტები, ისე მოგზაურები და ჩვენც მათ შორის. წყლის ე. წ. ტრამვაით ანუ დიდი მოტორიანი ნავით, რომელშიც დიდძალი ხალხი იყო, გავემართეთ სან რომოს მოედნიდან ცენტრალური არხით სან მარკოს მოედნისკენ. ეს საოცრებაა, მთელი ქალაქი წყალშია, სულ გონდოლები, მოტორიანი ნავები, ტრამვაები... თაღებში გავდივართ. თანდათან იშლება და ფართოვდება არხი, სადაც ორივე მხრიდან სულ პატარ-პატარა არხები შემოდის. ამის აღწერა არ შემიძლია! ეს უნდა ნახო და შეიგრძნო. მივუახლოვდით სან მარკოს მოედანს, განთქმულ დოჟების სასახლეს... გზად დავტოვეთ აკადემიის გალერეა, რომელიც სამწუხაროდ დაკეტილი იყო 1-3-მდე და ჩვენ 1-5 საათამდე გვქონდა დრო. ჩამოვედით მოედანზე. რა ფერებია, რა არქიტექტურა, რა შერწყმაა ქვის, მარმარილოსი და ფერწერის, მოზაიკისა და ბარელიეფების, ქანდაკებებს ხომ ვერ დაითვლი! რა ხელმა ააგო, ან ეს რა გამძლეობის ცემენტია, რომლითაც ამდენი ათასი სახლი და სასახლე, ციხე-კოშკებია აშენებული.

ჯერ შევიჭერით მოედანზე, დავთქვით, რომ 5-ზე შევიკრიბებით ყველანი აქ და შევედით ვიწრო-ვიწრო ქუჩებში, გავყევით ხალხის ტალღას, ჩქარა ვერც ივლი, რომ გინდოდეს, ქვაფენილიანი ქუჩების სიგანე 2-3 მეტრი, ზოგან 1 მეტრია. ზოგან 80 სანტიმეტრი. ადამიანები ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიან და გზის ორივე მხარეს მდიდრულად გაფორმებული მაღაზიები. რა სახის, რა საქონელი, კაფეები, ბარები, მოედანზეც ხომ ურიცხვი მეწვრილმანეები, ყველაფრის ნახვა გინდა მოასწრო, მაგრამ მთავარი მაინც დოჟების სასახლეა, შევედით შიგ. რამ ააგო, რა ხელმა, მართლაც საოცრებაა... ძირითადად ვერონეზე და ტინტორეტო მცირე დარბაზები, დიდი დარბაზები დოჟების, ე. წ. სენატორების სხდომათა დარბაზი.

იარაღების და მუზარადების დიდი გამოფენა... გრძელ გალერეებში გობელენები და ქანდაკებები... ერთი სიტყვით, ეს არის სასწაული. ტინტორეტოს „განკითხვის დღე“ ხომ თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ახდენს. რა ცოტა დრო გვრჩება... იძულებულნი ვართ წამოვიდეთ. მოვდივართ ვიწრო დერეფნით. გზად გვხვდება რკინის გისოსებიანი საპყრობილეები, დილეგები, სადაც ალბათ პატიმრები და მონები ჰყავდათ გამომწყვდეული. ეს ყველაფერი შემზარავია და თან საინტერესო, როგორც ძველ ფანტასტიკურ რომანებში... აღარ შემიძლია შთაბეჭდილებების აღწერა, ვინაიდან შეუძლებელია. ეს უნდა ნახო, მხოლოდ ნახო, თანაც დიდი ხნით უნდა იყო აქ. უნდა გქონდეს ბევრი ფული, ჩამოხვიდე და დატკბე აქაურობით. ერთ საყდარში შევედით გზად მე და ნოდარ გურაბანიძე, იქაც მგონი შედევრები იყო, მგონი ვაზარისი, თუ არ ვცდები. ამ დალოცვილ იტალიელებს იმდენი გენიოსი მხატვარი და მოქანდაკე ჰყავდათ, რომ უკვე მერევა ერთმანეთში.

უკან ვბრუნდებით ვიწყრო-ვიწრო კორიდორებით, გადავდივართ ხიდებზე, რომელთა ქვეშ არხები და გონდოლებია. როგორც იქნა, გამოვედით სან რომოს მოედანზე. იმდენი ავტობუსია, ძლივს მივაგენით ჩვენსას და ერთი ნახევარი საათი დაგვეხარჯა ვიდრე გამოვაღწიეთ ვენეციიდან. გზად დიდი წვიმა დაიწყო, საღამოს 11 საათზე მივაღწიეთ რეჯიო ემილიაში და ხვალ გენუასკენ.

 3 მაისი

ისევ წვიმიანი ამინდია. ვიმგზავრეთ წვიმაში, 270 კილომეტრიანი გასავლელი ნაწილი მთებში, გენიალური ავტოსტრადებით, ამდენი გვირაბი კაცმა რომ წარმოიდგინოს, არც შეიძლება.

გენუა დიდებული ქალაქი ჩანს. დიდი პორტია, ჩვენი ქვეყნის გემებიც ვნახეთ, „კაზახისტანი“ და „ტარას შევჩენკო“, უცხოელ ტურისტებს ატარებენ. უზარმაზარი პორტია. ქალაქი ფერდობზე და მთებზეა გაშენებული. ქუჩები ვიწრო, ვიწრო გასასვლელები, დეტექტივში გეგონება თავი. სასტუმროში (Savoy Majestic) მოვთავსდით და ჩავიარეთ სანაპიროსკენ. მეძავი ქალებით სავსეა სანაპირო, იქვე ვაჭრობენ. საშინელი ქალებია. ერთი მეორეზე უარესი, აცვიათ იაფფასიანად და გამომწვევად. სანაპირო და ვიწრო ქუჩები ბინძური და დაუგველი ჩანს. კვირა დღეა და მეწვრილმანე ვაჭრები მაინც ვაჭრობენ.

4 მაისი

დილით გავედი და ვიყიდე პური და ვაშლი, ძვირია. 1 კ პური 1500 ლირა, კილო ვაშლი 1200. მიდი და იმყოფინე ეს მათხოვრული დღიური. მერე რეპეტიცია თეატრში, რომელიც 15 წუთის სავალზეა, თეატრიდან ქალაქის ცენტრში, ორი გვირაბის გავლით, გვირაბებში საშინელი ხმაურია, მანქანები ისე დადიან, გიჟებივით. თეატრი კარგი ჩანს. საღამოს კავკასიური ჩატარდა დიდი წარმატებით, დარბაზი თითქმის სავსე იყო. თარგმანი სინქრონული ამჯერად არ იყო, ვანო ცაგარეიშვილმა ყოველი მოქმედების წინ შინაარსი უამბო მაყურებლებს.

წარმოდგენა დიდი წარმატებით ჩატარდა, ხანგრძლივი აპლოდისმენტები... მოლოცვები, კულისებში შემოცვივდნენ თეატრალები და აღფრთოვანება გამოთქვეს. ასევე თქვეს, რომ ხვალ და იქეთ უფრო მეტი ხალხი დაგესწრებათო, ორშაბათს თეატრები არ მუშაობენო.

ვერ გავიგე ამ იტალიელების, დღისით 1-მდე ისვენებენ, 6-7-ზე კეტავენ მაღაზიებს და დაწესებულებებს და შაბათს და კვირას ისვენებენ, ბედნიერი ხალხია.

5 მაისი
დღისით მე და ბადრიმ ვიბოდიალეთ ქალაქში, წავედით ცენტრალურ მოედანზე, (პიაცა დი ფერარი). ოცი სექტემბრის ქუჩა. დავლაშქრეთ ცენტრალური უნივერმაღი. მე ვიყიდე ჭიკარტები და საშლელი. უნივერმაღში სიძვირეა... საღამოს გავიგე, რომ ორი გალერეა ყოფილა, ერთმანეთის პირდაპირ ტინტორეტოები და ტიციანები. ხვალ ან ზეგ ვნახავ. საღამოს ჩვენს სპექტაკლს ნაკლები ხალხი დაესწრო, თურმე გვერდითაც თეატრია. მე, რობიკო და მისი მეუღლე დუდანა შევედით, ვნახეთ პირველი მოქმედება. მილერის - ამერიკული ოქროს ბრჭყალებში თუ რაღაც მსგავსი სათაური აქვს. თამაშობდნენ იტალიელები. დადგმა ცნობილი კინორეჟისორისა, გვარი არ ვიცი. ძლივს გავუძელით. თითქოს ყველაფერი პროფესიონალურად იყო აწყობილი, მსახიობები, მხატვრობაც, მუსიკა, გუნდი და ა.შ. მაგრამ არ იყო არავითარი ნიჭიერების ნასახიც კი. თითქოს მსახიობები ვალს იხდიდნენ. მე 11 საათზე გამოვდივარ კავკასიურში, ამიტომ ერთი აქტი ვნახე ძლივს. როგორც ეტყობა „ევროპულ სტანდარტს“ რომ უწოდებენ, ეს ყოფილა. ე. ი. თითქმის ყველა მსახიობი მიმართავს ხოლმე მაყურებელს, თამაშის მანერაც ა ლა რევიუ. არავითარი განცდა. ნახევრად ესტრადული, დეკორაციების დეტალები ზემოდან, გვერდიდან ჩამოდის და გამოაქვთ და ა.შ. მსახიობი თამაშობს, თან დეკორაციას ან ავეჯს ასწორებს და ასე. ერთი სიტყვით, მსახიობი რეჟისორის აბსოლუტური იარაღია, ვინ ცოტა უკეთ, ვინ უარესად ასრულებს. ძირითადად მექანიკურად. როგორც ჩანს, თანდათან კვდება ასეთი პლანის თეატრიც. რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპიც ასეთია, მაგრამ სხვადასხვა ხერხებით, მუსიკა, პლასტიკა, მხატვრობა და მიკროფონი,  ხმაური და ხანდახან დიალოგ-მონოლოგიც. და ეს მკვეთრად და ნიჭიერად შესრულებული. რა თქმა უნდა, წარმატება ექნება. რობერტს აქვს ალღო, იცნობს ევროპულ თეატრს და იცის, რითი შეიძლება რომ მათ აჯობო. ამიტომაც გვაქვს წარმატება. - იმათი ხერხებით, ოღონდ მკვეთრად და ნიჭიერად. ჩვენმა წარმოდგენამ კარგად ჩაიარა, მიუხედავად ხალხის ნაკლებობისა, აპლოდისმენტები დიდი და ხანგრძლივი იყო. მე ვიგონებ ინგლისის წარმატებას, რა თქმა უნდა, მას ვერაფერი შეედრება.

 8 მაისი

ჩამოვედით ტურინში. გამოვიარეთ დაახლოებით 200 გვირაბი და ამდენივე ავტოსტრადა, საოცარი გზებია. ადრე გერმანიის გზები მაოცებდა, მაგრამ ამ გვირაბებმა და მაგისტრალებმა უფრო გაგვაოცა. რა ნაშენი, რა ნაგები! მართალია, ყოველ 50 მეტრში თაღებიანი შესასვლელებია და მძღოლი თანხას იხდის, მაგრამ სამაგიეროდ, უზრუნველყოფილი ხარ, არ განჯღრევს და შემხვედრ მანქანას არ შეეჩეხები, სულ ცალმხრივი მოძრაობაა. გარშემო ბუნება ლამაზი, სოფლები და ქალაქებიც სულ კრამიტებითაა გადახურული და კარ-მიდამოები ხომ მოვლილი. არ მოუვლის და ვერ იცხოვრებს, 2 საათში ჩავედით ტურინში, ეს იტალიის ერთ-ერთი მსხვილი სამრეწველო ქალაქია, მილიონზე მეტი მოსახლეობით, ფიატის ფირმის 3 ქარხანაა. და სხვა, მძიმე და მსუბუქი მრეწველობის ბევრი ქარხანა. ქალაქი ძველი, მაგრამ ახალი კვარტლებიც ბევრია, ქალაქი მაგარი ნაგები. მასიური დიდი სასახლეები, ტაძრები და მოედნები. წარმოდგენა ამაღამვე გვაქვს. სასტუმრო კარლო ალბერტის ქუჩაზე ყოფილა, თეატრთან ახლოს (otel sitea), ჯერჯერობით რაც სასტუმროებში ვიყავით, ეს ყველაზე უკეთესი გამოდგა, დიდი ოთახი ტელევიზორით და კომფორტით.

წარმოდგენაზე „კავკასიური“ ცოტა ხალხი დაგვესწრო, პარასკევია, ხალხი ქალაქგარეთ გავიდაო ამბობენ. ხვალ შაბათია და ზეგ კვირა. ალბათ ხვალ და ზეგ იქნება ხალხი. ვიღაც ქართველი გოგო დაგვესწრო, რომელიც აქ ყოფილა გათხოვილი იტალიელზე და რუსულს ასწავლის სასწავლებელში თუ უმაღლესში. წარმოდგენა კარგად ჩატარდა, ტაშები იყო. 

9 მაისი

დილიდან წაგვიყვანეს დიდ ბაზარში, დაახლოებით ორი ლენინის მოედანი რომ შეაერთო, იმხელა ტერიტორია უკავია, რა საქონელი გინდა არ იყოს! გოგიკას ვუყიდე ტყავის კურტკა 72000 ლირად. ეს ძალზე ძვირფასი საჩუქარია, ყველას ძალიან მოეწონა. 50 ზომაა, უნდა კარგად მოერგოს. ახლა მრჩება მანანა და ნათელა ძირითადად. მერე წვრილმანებზე ვიფიქრებ. საღამოს წარმოდგენაზე გუშინდელთან შედარებით უფრო ნაკლები ხალხი დაგვესწრო. ხვალ 4 საათზე გვაქვს სპექტაკლი და ღამის 11 საათზე მატარებლით რომისკენ გავეშურებით. ამბობენ, რომ ხვალ დღის 12 საათამდე უნდა დავცალოთ სასტუმროს ნომრები, მერე ოთხზე სპექტაკლი და ღამე წასვლა. ქუჩაში გვყრიან. ეს ვერ მოუვიდათ კარგად. ჩვენი ხელმძღვანელები რაღაცას ფაფხურობენ. რობერტს უთქვამს, რომ არ გამოხვიდეთ სასტუმროს ნომრებიდანო, მე სკანდალს ავტეხავო. ვნახოთ, რა გამოუვა. გურაბანიძეც აღშფოთდა. მართლაც, წარმოდგენა გვაქვს დღისით და დღის 12 საათზე გარეთ გვაგდებენ. ეს გაუგონარი ამბავია, თანაც კვირა დღეა, ყველაფერი დაკეტილია. ჰო, ამბობენ, ხვალ 10-ში ფეხბურთია, ტურინი და მილანი, საინტერესო თამაშიაო. ვნახოთ, ვინ მოიგებს, ძველი მეტოქეები ყოფილან. 

10 მაისი

10-ში ღამე მატარებლით წაგვიყვანეს რომში. ერთ კუპეში 6 კაცი. როგორი საქმეა. კიდევ კარგი, მატარებელი სწრაფად დადის და ნჯღრევა ნაკლებია. ვერ ვიტყვი, რომ სისუფთავე იყოს. ისევეა, როგორც ჩვენს მესამე კლასის ვაგონებში. 11.30-ზე გამოვედით. ჰო, მავიწყდებოდა ლოგინები ე.ი. ზეწარი და ბალიშის პირი ქაღალდის იყო, ერთი ხმარებისთვის.

დილით 9-ზე ჩავედით რომში. სასტუმრო დელტა. იქვე გვასაუზმეს ლაბაკანის ქუჩაზე. რომის ცენტრში ვართ. აქედან კოლიზეუმი 300 მეტრშია. უფრო მოშორებით სენატორების ფორუმი და ძველი რომის ნანგრევები, სასახლეები. ერთი სიტყვით, ნანატრი ადგილია. თეატრი 20 წუთის სავალზეა. დავბინავდით თუ არა, გავვარდით კოლიზეუმის სანახავად. ამის აღწერა არ შეიძლება...

კედელზე ლაბიკანის ქუჩაზე გამოფენილია ანტიკური ხანის რომის იმპერიის ამსახველი უშველებელი რუკა. პატარა წერტილიდან იწყება და მეოთხე უკვე იმპერატორ ტრაიანეს დროს დაპყრობილი აქვს ნახევარი ბრიტანეთი და ევროპა, აზიის ნაწილი, თურქეთ-მესოპოტამია. საქრთველოს ნაწილი, სამხრეთ საქართველო, მთელი სომხეთი. აწერია კიდეც. კავკაზუს და არმენია.


დღეს ვინაიდან წარმოდგენა 8.30 იწყება, ამიტომ რეპეტიცია 2-ზე, მაგრამ მე თავისუფალი ვარ. გავვარდი ვატიკანში. დავიწყე ვატიკანის მუზეუმის დათვალიერება. მიქელანჯელო, სიქსტის კაპელა, რაფაელის ათენის სკოლა. კარავაჯო. ლაოკოონი, აპოლონ ბელვედერის ტორსი. მერე პეტრეს ტაძარში პიეტა, სასწაული! შევიძინე ვატიკანის წიგნი და რომის დიდი რუკა, მაჩვენებლებით. ხვალ ისევ წავალ ვატიკანში. საღამოს რომის დრამატულ თეატრში დიდძალი ხალხი დაესწრო ჩვენს კავკასიურს, დიდი წარმატება ხვდა... პროფესიონალებიც იყვნენ. ქება-დიდება ბლომად... იყო ფელინის ერთ-ერთი სცენარისტი, (რომელიც თბილისში ყოფილა და აღფრთოვანებულია საქართველოთი) (სავარაუდოდ, ტონინო გუერა) დიდი აღტაცება გამოხატა. შეგვპირდნენ ფელინის ორი ფილმის ჩვენებას, ქალაქის კულტგანყოფილების უფროსი და სხვანი. შემდეგ გამართეს ბარში ალა-ფურშეტი - ცარიელი ღვინით, წითელი და თეთრი ღვინოები. არა უშავდა, მაგრამ მშიერ არტისტებს ეს რას ეყოფოდა?! „კავკასიური“ კარგად წავიდა. ვნახოთ, რას იზამს „რიჩარდი“.

ხვალ 11 საათზე ჩვენი დინამოს და კარლ-ცეისის საფინალო შეხვედრაა დიუსელდორფიდან - წარმოდგენის მსვლელობის დროს - დასასრულისთვის შეგვპირდნენ თეატრში ტელევიზორის დადგმას...

13 მაისი

დილიდანვე ხელმეორედ წავედით უკვე ჩემი მეგზურობით (ვინაიდან ვატიკანის დიდი ბუკლეტი და რუკა მე მქონდა და ერთხელ უკვე დავლაშქრე ვატიკანის მუზეუმი) ჟანრი ლოლაშვილი, თათული დოლიძე - მისი მეუღლე, გოგი ხარაბაძე და გურამ საღარაძე წავედით ისევ ვატიკანის მუზეუმში. დილის 10 საათიდან 1-მდე. რა თქმა უნდა, ისევ მიქელანჯელომ გაგვაბრუა ყველანი, მოქანდაკე და ფერმწერი, მხატვარი და ადამიანის სულის გამომსახველი პერსპექტივა, ფიგურა, კომპოზიცია და, რაც ყველაზე მთავარია, სრული თავისუფლება (მიქელანჯელომ ხომ რამდენიმე თვის განმავლობაში გამოუსვლელად იმუშავა და როდესაც ფეხზე გახადეს, ტყავი ასძვრაო)...

მე მაოცებს ჩვენი თეატრის ზოგ-ზოგები, რომლებიც ამის დამოუკიდებლად ნახვას არ ცდილობენ (ექსკურსიას უცდიან, ლირებს უფრთხილდებიან, 2000 ლირა ღირს შიგ შესვლა). რას იზამ, ექსკურსია კროსია, არიქა, გაიქეცი მოასწარი და ა.შ. მარტო გობელენების ნახვას ორი-სამი დღე უნდა. რა ტექნიკაა, რა სიმსუბუქე. ლეონარდო, ვერონეზე, კარავაჯო... რომელი ერთი ჩამოვთვალო. ეს უღირსები რომში ყოფნის ღირსნი არ არიან. ესენი, რა თქმა უნდა, ბაზარში უნდა დაასახლო, მისცე ვაჭრობის უფლება და მეტის ღირსნი არც არიან. აფსუს, ვისაც ამ დიდებულების ფასი ესმის და ამას ვერ ხედავს. აქ უნდა იყო თვეობით, რომ მიხვდე, რასთან გაქვს საქმე, რა სულიერ საზრდოს ღებულობ. მე სულ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ სისქსტის კაპელის მაყურებელი ჩვენ ვითომ ვითომ ხელოვნებას როგორ ღებულობს... 

დღეს გავიგეთ, რომ „რიჩარდს“ რუსთაველის პრემია მიუღია. მივულოცეთ. და რაც მთავარია, ჩვენმა დინამომ მოიგო ევროპის თასი. რა ამბავი გვქონდა!

ახლა მთავარი. რომის პაპს ესროლა ვიღაც გარეწარმა, მთელი სამყარო ფეხზე დადგა. მთელი ტელე-რადიო და პრესა ერთ ტალღაზე გადაირთო. ეს სათნო კაცი როგორ გაწირა ვიღაც ვიგინდარამ. რაც ტელევიზიით ხდებოდა, ამის აღწერა შეუძლებელია. ყოველი დეტალი, ყოველი წუთი აღბეჭდილი იყო, პაპი ბავშვებს როგორ ეფერებოდა, როგორ უსვამდა თავზე ხელს, მერე უცებ გვაჩვენეს მანქანით როგორ გაიყვანეს, მერე ერთდროულად მიმდინარეობდა საავადმყოფოდან გადმოცემა და ასევე ვიღაც მუჰამედ ალი (თურქი), რომელმაც პირველი ცნობით, ესროლა პაპს და მთელი ტელეგადაცემები დაეთმო ამ ისტორიაში პირველ შემთხვევას. ჩვენ ყველანი ვღელავდით, ვაითუ ხალხი არ დაესწროს წარმოდგენასთქო, მაგრამ ყველაფერი კარგად ჩატარდა. და ჩვენი დინამოც თასის მფლობელი გახდა. ვაშა! მე და გურამმა დავლიეთ და დავიძინეთ.

 14 მაისი

ვნახეთ ფელინის ფილმი. ტელეფილმი „ორკესტრის რეპეტიცია“, მეორე დღეს, 15-ში „ქალაქში მხოლოდ ქალები არიან.“ ორივე ბრწყინვალე ფილმია. სასწაული რეჟისორია. რა ფანტაზია, რა ღრმა აზრი, როგორი შეგრძნე


ბა რიტმის, ან როგორ ამზადებს ე.წ. „დარტყმებს“ მხატვრული ნაწარმოების ცენტრებს, კულმინაციებს, ხასიათებს ხომ ნუ იტყვი, ერთი მეორეზე უკეთესი. ან რა იუმორია, ან რა შემაძრწუნებელი სცენები. ერთი სიტყვით, აბსოლუტური გენიოსის გადაღებულია. არა ხელოვნური ხერხებით, არამედ ადამიანის შინაგანი არსის ჩვენებით, ღრმად და უაღრესად აზრიანად... გამაოგნებელი რეჟისორია. მეხსიერებიდან არ ამომდის. მერე მე მარტომ მივაგენი იქვე ჩვენს სიახლოვეს პატარა ბაზილიკაში მიქელანჯელოს „მოსეს“ ქანდაკებას. მეორე დღეს ჩვენებიც წავიყვანე. ესეც გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. 

საღამოს, 15-ში შედგა რიჩარდი, დიდი წარმატებით. საბჭოთა კავშირის ელჩი ესწრებოდა და სტუმრად ბულგარეთის ელჩიც მოიყვანა. შეგვხვდა და თავისი აღფრთოვანება გამოხატა. ასევე დავათვალიერეთ ქალაქი რომი, აქ ალბათ მთელი წელიწადი რომ იყო, ყველაფერს ვერც დაათვალიერებ.


16-17 მაისი

ისევ რომი. რაღაც გრანდიოზული, უზარმაზარი მასშტაბების ქალაქია. ყოველ მოედანზე ტაძრები, ციხე-კოშკები, შადრევნები, ზოგ მოედანზე 10-12 ქუჩა შემოდის. დიდი სიფრთხილე გმართებს კაცს, რომ მანქანა ან მოტოციკლეტი არ დაგეჯახოს. გიჟებივით დადიან, სიჩქარე მოტოციკლეტებს 220 აქვთ და ხშირია ავარიები, მოძრაობის წესების დარღვევა. კიდევ ერთხელ ავედი კოლიზეუმზე, ფორუმის ტერიტორიაც მოვიარე. და ჩვენი თეატრის წინ ხომ ის ადგილია, სადაც რომაელმა სენატორებმა მოკლეს იულიუს კეისარი. შექსპირს რომ აუწერია თავის პიესაში. შემოღობილია დაბალი ღობით. ცოტა მოუვლელია. საერთოდ, იმდენი ძეგლი და ისტორიული ადგილია, მონუმენტები და ქანდაკებები, ასევე გამოფენები, ეთნოგრაფიული და ისტორიული მუზეუმები, რომ ეტყობა ვერ აუდიან მოვლა-პატრონობას.  

კვირას, 17-ში დილით წავედით ე.წ. „ამერიკანკას“ ბაზარზე, რომელიც დაახლოებით 10 კილომეტრის ტერიტორიაზეა. რას არ ნახავ აქ, დაწყებული ძველი გათხრების ნიმუშებიდან, ყველანაირი ანტიკვარი, რკინის, ბრინჯაოს, მარმარილოს, თიხის, ხის, ერთი სიტყვით, ყველა ხანის და ნაირნაირი სიდიდის საოჯახო, საერო, საეკლესიო, ვინ მოსთვლის, რა არ არის - ძველი გასაღებები, დამბაჩები, მუზარადები, დანა-ჩანგალი, კოვზები, საათები... ჩამოთვლა შეუძლებელია. ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ხომ ნუღარ იტყვი. ამავე დროს, ბევრი აფერისტი - კარტს და სხვადასხვა ფოკუსებს აკეთებენ, ხალხს, ფრაერებს, ბოთეებს (როგორც ჩანს, ჩვენი ვანო გოგიტიძე გამოდგა, 110 000 წააგებინეს და წაართვეს), ფულს გლეჯენ პირდაპირ.

ამის აღწერა მართლაც წარმოუდგენელია. რომი მართლაც რომ გრანდიოზულია. ბევრი რამ უნახავი დაგვრჩა. რას იზამ, ყველაფერს ვერ მოასწრებ. და ამას გარდა, რიჩარდში დიდი დატვირთვა მაქვს, ვიღლები ფეხით სიარულისას. და იმაზე ფიქრმა, თუ ვის რა ვუყიდო, ხომ გადამრია. ნათელას ვუყიდე კოსტუმი ბუკლესი. ნათელასთვის ვეძებ ხავერდის პიჯაკს და ვერ ვიშოვე, მაგრამ მანანას ვუყიდე ყავისფერი ხავერდის პიჯაკი. იქნებ მილანში აღმოვაჩინო.

17-ში გაგვტანჯა ჩემოდნების მანქანაში დატვირთვის საკითხებმა. ხალხი ყიდულობს და ყიდულობს. იზრდება ტვირთის რაოდენობა, მანქანა ვიწროა. ტრალერით უნდა გადაიტანონ, ერთი სიტყვით - წამებაა.  გურამმა ინატრა - ნეტავი ეს ჩემოდნები თბილისში გადაგვაგზავნია და  50 000 გადავიხდიო. მეც თანახმა ვარ.

წარმოდგენა „რიჩარდი“ 5 საათზე დავიწყეთ, ვინაიდან მატარებლით მილანში საღამოს მივდივართ, დიდი წარმატება ხვდა... ხალხი საკმაოდ იყო, უფრო თეატრალები, ბრავისიმოს ძახილი იყო ხანგრძლივად. იმათ გამოჩენილმა მსახიობმა მოგვილოცა და ლაპარაკში თქვა, სამწუხაროა, რომ რომში ბევრი ხალხი არ გესწრებათო. ამის მიზეზი უბრალოაო - იტალიის მოსახლეობის უმრავლესობა გადასულია ყიდვა-გაყიდვაზეო. ამიტომ ძირითადად გართობაზე უფროა გადასული, არ ადარდებს რაიმე საზოგადოებრივი პრობლემებიო - უფრო პირადი, კუსტარ „ოდინოჩკები“ არიანო. რა შორს წავიდეთ, პაპი დაჭრეს და ხალხი არც განიცდისო. თითქოსდა აქ არაფერი მომხდარაო.

ჩემოდნების დატვირთვის და თრევის გამო ყველა ანერვიულებულია. ჩვენი ადმინისტრაცია ხომ არის და არის, სამივე ბედოვლათია... გვარებს არ ვასახელებ. და ჩვენმა იმპრესარიომ ხომ თავი გამოიჩინა თავისი სიძუნწით. საუზმე დილით მარტო რომში იყო (და ეს დიდი შეღავათია), სხვაგან არსად. ერთი სატვირთო მანქანა რომ აეყვანა და ამით მომსახურება გაეწია ჩვენთვის, რამხელა შეღავათი იქნებოდა... სამი ბედოვლათი ქალია ჩვენი ადმინისტრაცია. ერთი მეორეზე უარესები. მთელი დასი აგინებს და რობერტთანაც უთანხმოება აქვთ. ჩვენების ბრალია, როდესაც კონტრაქტი დასდეს, უნდა დილის საუზმეც შეეტანათ და სატვირთო მანქანაც. მაგრამ როგორც ჩანს, ამ დედაკაცმა ფაქტის წინაშე დაგვაყენა. ამიტომაც გაუთავებლად საჭმელზე ფიქრმა გაგვაწვალა. მერე მე მარტო არ ვარ ნომერში და ამ მხრივ თავისუფლება არ მაქვს - მე რაც მინდა, რომ ვჭამო, ჩემს პარტნიორს არ უნდა და ვართ ასეთ წვალებაში. 

18 მაისი

მატარებლით ჩავედით მილანში. ეს აბსოლუტურად სხვა ქალაქია. აქაცაა ძველი ძეგლები და ციხე-კოშკები, მაგრამ მაინც განსხვავებულია, უფრო ახალი ქალაქი ჩანს. წყობა ქალაქისა ისეთივეა, როგორც საერთოდ იტალიაში - ტაძრები, ძეგლები, შადრევნები, დიდი პარკები... და ა.შ. როგორც კი სასტუმრო კავალიეროში დავბინავდით, მაშინვე გავეშურეთ სან მარკოს მოედანზე დიდი ტაძრის სანახავად. ე. წ. კათედრალი ეტყობა ამ მხარის სამღვდელოების ცენტრია - უშველებელ მოედანზე უზარმაზარი გოთური ტაძარი, მეტი ქანდაკებებით, ურიცხვი გუმბათებით და ბარელიეფებით - კარებზე, კედლებზე, ფანჯრებზე. ვიტრაჟები, შიგნით ბნელია. სანთლებითაა განათებული. ხალხი იყო, ლოცულობდნენ.  ვიღაც სამღვდელო პირმა ეტყობა დილის მესა ჩაუტარა, რაღაც ჭურჭელში ასველებდა, ჩაალბობდა ხოლმე მარლას თუ არ ვიცი, რა ეწოდება და პირში გამოავლებინებდა მიმსვლელებს, რომლებიც რიგში იდგნენ. მერე წაიღო ეს ჭურჭელი და საგულდაგულოდ ცენტრში მდებარე ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულების ქვეშ მდებარე პატარა მოოქროვილ სეიფში შეინახა. მერე პატარა ლოცვა თქვა და ხალხიც დაიშალა.

 19 მაისი

დილით თბილისთან დალაპარაკებას მოვუნდით 2 საათი, 9-11-მდე. მაინც ვერ დავუკავშირდი ჩვენებს, არავინ მიპასუხა, ეტყობა მანანაც ქალაქში არ არის. სად აპირებდა წასვლას, აღარ მახსოვს.

მერე დავლაშქრეთ სანტა მარია დელა გრაცია, ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“, ნაწილი ჩანდა, მეოთხედზე მიმდინარეობდა რესტავრაცია. ახალგაზრდა მხატვარი ქალი მუშაობდა. თურმე 1943 წლის აგვისტოში დაუბომბიათ ტაძარი. ორივე კედელი დაინგრა, გადარჩა ქრისტეს ჯვარცმა, რომელიც დამსკდარი იყო და „საიდუმლო სერობა“, რომელზედაც ხარაჩოები იყო მიფარებული და შიგ დატანებული ჰქონდა ტომრები ქვიშით გავსებული, ალბათ ამან გადაარჩინა. საზარელი ფაქტია. თვითონ ფრესკა ამჟამად მკრთალად ჩანს, რბილი განათებით. რეპროდუქციებზე უფრო ლაკირებულია და ნამდვილი არის  საოცარი რბილი ფერები.

შესვლა უფასო იყო, არ ვიცი, იმის გამო, რომ რესტავრაცია მიდის, თუ საერთოდ არ ყიდიან ბილეთებს. ერთი რამ მაოცებს, ბუტერბროდი ღირს 500-600, ზოგან 1200 ლირა და ლეონარდოს შედევრის ნახვა უფასოა.

მეტი დღეს ვერაფერი მოვასწარი. საღამოს კავკასიურია. ჰო, დამავიწყდა. წუხელის 8 საათიდან დავდიოდით ქუჩებში. ვიყავი სკალას მოედანზე, სადაც საოპერო თეატრია, შუაში ლეონარდოს ძეგლით. შენობა თითქოს შეუხედავია და შიგნით ყოფილა სასწაული, გვითხრეს წაგიყვანთო სანახავადო. მერე დუომოს მოედანზე ვიყავით, აურაცხელი ხალხი იყო. რაღაც მიტინგი. ძირითადად ახალგაზრდები. დროშებზე ნამგალის და უროს გამოსახულებით. ამ მიტინგამდე რეფერენდუმიც გათავდა აბორტის თაობაზე, 68 ხმით 32-ის წინააღმდეგ გაიმარჯვეს აბორტის მომხრეებმა. ახალგაზრდობამ ტაში დაუკრა. მოედანზე კი დიდი ორომტრიალი იყო. ვერ გავიგეთ, რას ეძღვნებოდა ეს მიტინგი. მერე ვნახე ფილმი რეჟისორ ბერტოლუჩის დადგმული, დიდი არაფერი.

პაატა ბურჭულაძეა აქ, მარო ბურჭულაძის შვილიშვილი, სტაჟიორია ოპერის თეატრში. თბილისში მეფისტოფელი იმღერა გაზაფხულზე. ბასი აქვს. კარგი ბიჭი ჩანს. ვნახოთ, მომავალში მისგან რა გამოვა. საღამოს წარმოდგენაზე ხალხი საშუალოდ იყო. აქა-იქ თავისუფალი ადგილებია. რეჯიო ემილიას დასწრება საოცარია, ასეთი არსად არ ყოფილა, მაგრამ აქ მიღება კარგი იყო. ჩვენი იმპრესარიოც მობრძანდა, ერთობ ელეგანტური ქალი, მაგრამ მოხუცი და ეტყობა ავადმყოფობს. კულისებში შემოვიდა და მოგვილოცა. ჯობდა, დილის საუზმე გაეკეთებინა ჩვენთვის, თორემ გავწამდით გაუთავებელი საჭმლის ძებნით. საბჭოთა კავშირის კონსულიც მოვიდა წარმოდგენაზე. ახალგაზრდა კაცია, სიმპათიური.

20 მაისი

დილიდან პროდუქტების საშოვნელად დავდივართ მე და ბადრი. ვინაიდან ქალაქის ცენტრში ვართ, ამიტომ აქ ყველაფერი გაცილებით ძვირია. ამიტომ შორს გვიწევს წასვლა. მერე მე მარტომ დავათვალიერე პინოკოტეკა. ე.წ. ფერწერა, როგორც აქ უწოდებენ. ერთი რაფაელი იყო და 33 პატარა ოთახში ელ გრეკოს ქრისტე თავის ქალით. ეს იყო და ეს, დანარჩენი იმ სიდიადეს, რაც რომში, ვენეციაში და ფლორენციაში იყო, ვერაფერი შეედრება. ხვალ სფორცების სასახლეს დავათვალიერებ...


[1] საუბარია რუბენსის ტილოზე, რომელზეც გამოსახულია პირველი ლორდი ბეკინგემი; 1625 წელი.

Comments

Popular posts from this blog

გიორგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის დღიურები, 1967 წელი, რუსთაველის თეატრის პირველო გასტროლები რუმინეთში

ეროსი მანჯგალაძე „კაცი, რომელსაც სიცოცხლე ძლიერ უყვარდა“

ნათელა ურუშაძე - ეროსი მანჯგალაძე - მონატრება