ნათელა ურუშაძე - ეროსი მანჯგალაძე - მონატრება

ეს მოხდა ისე მოულოდნელად, დაჯერება შეუძლებელი იყო... ფეხზე დადგა მთელი უბანი. წითელსარტყელიანი თეთრი მანქანები შემზარავი კივილით მოარღვევდნენ ქუჩებს მისი სახლისკენ, მანამდე კი მეზობელი ექიმები თავგამეტებით იბრძოდნენ მისი სიცოცლისათვის... ყველაფერი ამაო იყო. წამსვე მოედო ქალაქს ამბავი. არ იჯერებდნენ. თბილისს არ სურდა დაჯერება, არც მის თეატრს, სადაც იმ საღამოს - 1982 წლის 26 იანვარს „რიჩარდ მესამეს“ თამაშობდნენ. წარმოდგენა წუთი-წუთზე უნდა დაწყებულიყო. ან როგორ გინდა დაიჯერო - დღეს, სამ საათზე, დიახ, ზუსტად სამ საათზე, ერთად იყვნენ მხატვარ რ.სტურუას დაკრძალვაზე, შვიდ საათზე კი აღარაა?! ისე კი იყო უცნაური, რომ ამხანაგი სასაფლაომდე არ გააცილა... არ ჰგავდა ეს ეროსის, მაგრამ ხომ ხდება ზოგჯერ... ის აღარ იყო. ამის შესახებ გამოუცხადეს მსახიობებს. გამოუცხადეს მაყურებელსაც. მათ შორის ზოგმა თეატრი დატოვა. დანარჩენები, ეტყობა, დაიბნენ და არ წასულან. მსახიობები თამაშობდნენ. როგორ? ვის ახსოვს... მხოლოდ ფიქრობდა ყველა დაძაბულად, გონს მოსვლას ცდილობდნენ, თავზე დამტყდარი უბედურების გააზრ...