„აპრილფესტი“ და თანამედროვე საბავშვო თეატრი დანიაში


1971 წლის ნოემბრის ერთ მშვენიერ დღეს, იუტლანდის ქალაქ ჰერნინგს  დეკორაციითა და კოსტიუმებით დატვირთული რამდენიმე ფურგონი მიადგა. მოხეტიალე თეატრალური დასები იქ უქმე დღეებზე ჩავიდნენ, საბავშვო სპექტაკლების გასამართად. საგანგებოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი წარმოდგენების პირველი ფესტივალის მასშტაბი იმდენად მცირე იყო, რომ ყველა მონაწილე ადვილად მოთავსდა ადგილობრივ პატარა სასტუმროში, თუმცა მოხეტიალე დასების ეს პატარა ფესტივალი, წლების შემდეგ, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად გადაიქცა და გრანდიოზული მასშტაბებიც მიიღო. მას მერე, აგერ უკვე 50 წელზე მეტია, რაც საბავშვო თეატრების ფესტივალი ყოველ წელს, აპრილის თვეში, დანიის სხვადასხვა ქალაქში იმართება.

თავდაპირველად ეს ყველაფერი ჩაფიქრებული იყო, როგორც ერთგვარი კულტურული კამპანია, რომ მოგზაური დასები ქვეყნის უშუალოდ იმ კუთხეებში ჩასულიყვნენ, სადაც ბავშვებს/მოზარდებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ თეატრალურ წარმოდგენას. დროთა განმავლობაში, ეს მოკრძალებული კულტურული კამპანია გადაიქცა დიდ ფესტივალად, სადაც თავს იყრიან საბავშვო თეატრის სფეროში მომუშავე დანიელი ხელოვანები და უცხოეთიდან ჩამოსული კოლეგები; დღეს „აპრილფესტი“ ერთგვარი ბაზარიც არის, სადაც დასები ე.წ. „შემსყიდველებს“ (ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებს, სკოლების და სხვა სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და ა.შ) საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ.

შეიძლება ითქვას, რომ დანიაში პროფესიული საბავშვო თეატრის გარდაქმნა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება, სწორედ ამ პერიოდში აღმოცენდნენ პატარ-პატარა დასები, რომლებმაც ქვეყანაში მოგზაურობა და წარმოდგენების გამართვა დაიწყეს. მათ შორის ბევრი მოყვარული, არაპროფესიონალი მსახიობი და რეჟისორიც იყო. საზოგადოდ, 60-იანი წლების ბოლო ევროპული საბავშვო თეატრის რეფორმირების, რადიკალური გადააზრების პერიოდია. როგორც ვიცით, ამ დროს ევროპის დიდ ქალაქებში მემარცხენე სტუდენტების მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ეს არ იყო ეკონომიკური, სოციალური ან ყოფითი პრობლემებით გამოწვეული პროტესტი; მიზეზი გახლდათ: მშრომელი ხალხის, ბავშვთა და უმცირესობათა უფლებების დარღვევა, ფემინიზმი; საპროტესტო მოძრაობაში ჩართული ხელოვანები გამოდიოდნენ  მოძველებული შემოქმედებითი მიდგომებისა და ძველი სახელოვნებო სისტემის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვდნენ კულტურის ადეკვატური და გააზრებული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას.

60-იანი წლების პროტესტი გარდამტეხი მომენტი გამოდგა ევროპის მრავალი ქვეყნის კულტურის განვითარებისათვის, მათ შორის, საბავშვო თეატრის ახლებურად გააზრებისა და რეფორმირების თვალსაზრისითაც. ამ სფეროში მუშაობა საინტერესო გახდა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა შემოქმედებისათვის, გაჩნდა არაერთი დამოუკიდებელი თეატრალური დასი, თეატრი „გამოვიდა“ დიდი დარბაზებიდან და თავისი მაყურებლისკენ „სვლა“ დაიწყო; თანდათან შემოქმედებითი ძიების საგანი ხდება კონკრეტული ინდივიდი, რიგითი ადამიანი, თავისი შინაგანი სამყაროთი, ხოლო საბავშვო თეატრში ცენტრალურ ადგილს იკავებს ბავშვი, მისი ცხოვრება, ინტერესები, გარემომცველი სამყარო, უფლებები და ა.შ. საინტერესოა, რომ ეს შემოქმედებითი პროცესი თითქმის ერთდროულად დაიწყო და თავისებურად განვითარდა ევროპის ბევრ ქვეყანაში (შვედეთი, დანია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ოდნავ მოგვიანებით გერმანია და სხვა).

70-იან წლებამდე, დანიაში (ისევე, როგორც ევროპის სხვა დიდ ქალაქებში) არსებობდა მხოლოდ ერთი, მოძველებული სისტემა, - სკოლებიდან ბავშვები ავტობუსებით მიჰყავდათ ქალაქის დიდი თეატრების კლასიკურ დადგმებზე და არა მათთვის საგანგებოდ შექმნილ სპექტაკლებზე. ამ მიდგომას ბოლო მოეღო 1968 წელს.  ბავშვებისთვის მოსაწყენი და გაუგებარი, დიდი თეატრების მოძველებული რეპერტუარის საპირწონედ უკვე 1966 წელს ჩნდება პირველი სტაციონარული თეატრალური დასი კოპენჰაგენში (Det Lille Teatrer) „პატარა თეატრი“, რომელიც წარმოდგენებს სპეციალურად კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის დგამდა, ბავშვებისთვის საინტერესო, ორიგინალურ თემებზე.

ამავდროულად, ახლადაღმოცენებულ დამოუკიდებელ პატარა თეატრალურ დასებს სურდათ თავიანთი წარმოდგენები წაეღოთ სხვა ქალაქებში, რომ თეატრი ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების პატარა ნაწილი გამხდარიყო და არა ისეთი მოვლენა, რომელიც წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ხდება. ამიტომ მათ მთელ ქვეყანაში მოგზაურობა დაიწყეს და მას შემდეგ დანიაში, საბავშვო წარმოდგენები მთელი წლის განმავლობაში იმართება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ქალაქის ბიბლიოთეკებში, სკვერებში და მსგავს სივრცეებში.

1970-იან წლებში, ხელოვანების მიმართ განსაკუთრებით დიდი წნეხი იყო მემარჯვენე პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ზოგიერთ დამოუკიდებელ თეატრალურ დასს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ისინი ბავშვებს არასწორ ფასეულობებს უყალიბებდნენ, თამამად ესაუბრებოდნენ ისეთ თემებზე, როგორიც იყო კრიმინალი, ძალადობა, ოჯახური პრობლემები, სექსუალური განათლება და სხვა. ბრალს დებდნენ მემარცხენეთა იდეების ტირაჟირებაში. პოლიტიკოსებს საზოგადოების გარკვეული ნაწილიც (მაგალითად „დანიის ოჯახის მხარდაჭერის ჯგუფი“) უჭერდა მხარს, იყო ხმამაღალი საპროტესტო გამოსვლები და ბოიკოტი, ზნეობის დამცველები განსაკუთრებით წუხდნენ ისეთი შინაარსის წარმოდგენებზე, სადაც საუბრობდნენ სექსუალურ განათლებაზე, მოზარდების თვითგამორკვევასა და საკუთარი იდენტობის ძიებაზე. თუმცა, ამ წნეხმა მაინცდამაინც ვერ დააფრთხო ბავშვებისთვის მომუშავე თეატრალური დასები, რომლებიც მუშაობას საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე განაგრძობდნენ და, ჩვეულებისამებრ, ყოველი წლის აპრილში, დანიის რომელიმე ქალაქში აპრილის ფესტივალზე იკრიბებოდნენ.

თავდაპირველად, ახლადაღმოცენებული თეატრები დაკომპლექტებული იყვნენ როგორც პროფესიონალი მსახიობებით, ისე თეატრისა და ბავშვების მოყვარული ენთუზიასტებით, თუმცა 1980-იანი წლებიდან უკვე მკაცრად მკვიდრდება პროფესიონალიზმის ცნება - ძველი თაობის მსახიობებსა და რეჟისორებს თანდათან ცვლიან ახალი თაობის მსახიობები, რომლებმაც საუნივერსიტეტო პროფესიული განათლება მიიღეს.

1972 წელს ფესტივალმა საკუთარი ჟურნალი გამოუშვა და ეს გახლდათ მსოფლიოში პირველი უფასო ჟურნალი, რომელიც ეხებოდა მხოლოდ საბავშვო თეატრს. მას შემდეგ ჟურნალის გამოცემა არ შეწყვეტილა (გამოდიოდა კვარტალურად და ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ), ხოლო 2008 წლიდან ჟურნალმა ელექტრონული სახით განაგრძო არსებობა, სადაც შეგვიძლია გავეცნოთ სიახლეებს, რევიუებს, ინტერვიუებსა და ვრცელ სტატიებს თანამედროვე საბავშვო თეატრის შესახებ. https://teateravisen.dk/

20-ე საუკუნის მიწურულს საბავშვო თეატრმა დანიაში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და მის განვითარებაში უფრო მეტად ჩაერთნენ სახელმწიფო სტრუქტურები, როგორც ფინანსურ, ისე საორგანიზაციო დონეზე. დანიური საბავშვო თეატრი საერთაშორისო დონეზეც გავიდა და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა, ამის დასტურია თუნდაც საერთაშორისო ფესტივალების დირექტორთა და წარმომადგენელთა სიმრავლე; ისინი ყოველწლიურად სტუმრობენ აპრილ-ფესტივალს, სადაც ესწრებიან უამრავ წარმოდგენას და ნანახიდან მათთვის საინტერესოს და საუკეთესოს არჩევენ. როგორც წესი, ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლები მოიცავს ყველა ჟანრსა და თემატიკას.



1985 წლიდან ფესტივალის განუყოფელი ნაწილია კონფერენციები, ფორუმ-შეხვედრები, დისკუსიები, დიალოგები კოლეგებს შორის. (სიმბოლურია, რომ 1985 წლის ფესტივალი ჰამლეტის მშობლიურ ქალაქ ელსინორში გაიმართა). 1992 წლიდან აპრილ-ფესტივალმა უფრო გლობალური, საერთაშორისო დატვირთვა შეიძინა. ეს დიდწილად Michael Ramlose-ს დამსახურებაა, რომელიც იმხანად დანიის თეატრალურ ცენტრს ხელმძღვანელობდა და ასევე ასიტეჟის გენერალური მდივანიც გახდა (1990-96). მას შემდეგ, უკვე მრავალი წელია, რაც დანიის ასიტეჟი თავად ეპატიჟება სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური ცენტრების წარმომადგენლებს, სწორედ ასე მოვხვდი 2024 წლის აპრილ-ფესტივალზე ესბიერგში, სადაც თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრს და ასიტეჟის საქართველოს ნაციონალურ სექციას წარმოვადგენდი.

ყოველწლიურად, ფესტივალის მთავარი ორგანიზატორები არიან: Teatercentrum (თეატრალური ცენტრი), ასიტეჟის დანიის ნაციონალური ცენტრი (Assitej Danemark) და ის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, სადაც იმართება აპრილ-ფესტივალი. თეატრალური ცენტრი დანიის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციაა, სადაც გაერთიანებულნი არიან თეატრალური დასები, მსახიობები, რეჟისორები, პროდიუსერები, საბავშვო თეატრის მკვლევრები და კრიტიკოსები და სხვა.

„აპრილფესტი“ ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა საბავშვო თეატრის სფეროში მომუშავე ხალხისთვის, თუმცა ამ ფესტივალის გარდა, დღეს დანიაში საბავშვო თეატრების კიდევ რამდენიმე ფესტივალია (Horsens Teaterfestival https://horsensteaterfestival.dk/en/  SpringFestival https://springfestival.nu/, Festival of Wonder http://festivalofwonder.dk/  https://aabendans.dk/  და სხვა), ასევე ქუჩის თეატრების საერთაშორისო ფესტივალები (Big Street theatre festival, Danish International Street Theatre Festival). ყოველწლიურად ჯილდოვდებიან ამ სფეროში მოღვაწე ხელოვანები. „აპრილფესტის“ ფარგლებში ასევე ტარდება ევროკავშირისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული დიდი თუ მცირე საერთაშორისო პროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებები. დანიური დასები ხშირად მოგზაურობენ საზღვარგარეთაც - როგორც წესი, წარმოდგენას ორ ენაზე ამზადებენ და შეუძლიათ ითამაშონ როგორც დანიურად, ისე ინგლისურ ენაზე.

ბოლო წლებია, „აპრილფესტში“ დაახლოებით 130-150 დასი იღებს მონაწილეობას, 200-ზე მეტი წარმოდგენით, ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სივრცეში 750-ზე მეტი სპექტაკლი იმართება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი სრულიად უფასოა ყველა ასაკის მაყურებლისთვის. საინტერესოა, რომ შაბათ-კვირის წარმოდგენებზე უფრო მეტი უფროსია, ვიდრე ბავშვი, ბევრი ასაკოვანი ადამიანი, რომელიც სიამოვნებით უყურებს პატარებისთვის განკუთვნილ სანახაობას.

ფესტივალი სრულად არის დაფინანსებული მასპინძელი მუნიციპალიტეტის და კულტურის სამინისტროს მიერ, ხოლო დასები წარმოდგენებს უსასყიდლოდ თამაშობენ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ფესტივალის მოსაწყობად, რამდენიმე პატარა მუნიციპალიტეტი ერთიანდება, რომ ფინანსურ და საორგანიზაციო სირთულეებს თავი უკეთ გაართვან.

ფესტივალს არ ჰყავს კურატორები (ანუ არ ხდება სპექტაკლების წინასწარ შერჩევა დარგის პროფესიონალების მიერ), თუმცა აქ მოქმედებს ქვეყნის ხელოვნების საბჭოს ერთგვარი კომპენსაციისა და თანხმობის სისტემა. ფესტივალში მონაწილეობას იღებს ქვეყანაში მოქმედი პრაქტიკულად ყველა თეატრალური დასი, მათთვის ასეთ შეხვედრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთმანეთთან ხშირი გადაკვეთა არც აქვთ, მთელი წლის განმავლობაში ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობენ, მართავენ წარმოდგენებს სკოლებში, ბაღებში და ბიბლიოთეკებში, ხოლო წელიწადში რამდენჯერმე, სწორედ ასეთ ფესტივალებზე, საშუალება ეძლევათ, რომ შეიკრიბონ და კოლეგების ნამუშევრებიც ნახონ.

დანიური საბავშვო თეატრი გამოირჩევა იმით, რომ აქ თითქმის ვერ ნახავთ პროფესიულ მტრობას, ინტრიგებს; ეს ძალიან მეგობრული, კეთილგანწყობილი  წრეა, ძირითადად საკუთარ საქმეზე, შემოქმედებით განვითარებაზე არიან ორიენტირებულები; პატარა დასები თითქმის მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საგასტროლოდ დადიან, სტაციონარზე მუშაობენ მხოლოდ ნაციონალური თეატრები, რომლებსაც კარგი დაფინანსება აქვთ, ან შედარებით ძველი, დიდი სტაჟის მქონე კერძო თეატრები, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი შენობაც მოიპოვეს და მისი შენახვის ფინანსებიც აქვთ (თუმცა, ასეთი დასებიც ხშირად მართავენ საგასტროლო ტურნეებს დანიაში და მის ფარგლებს გარეთაც).

აღსანიშნავია, რომ დანიაში პროფესიული საუფროსო და საბავშვო თეატრის სფეროები საკმაოდ გამიჯნულია ერთმანეთისგან და ამ სფეროებში მომუშავე ადამიანებს ერთმანეთთან საქმიანი/შემოქმედებითი გადაკვეთა თითქმის არ აქვთ. ბავშვებისთვის განკუთვნილი თეატრალური თუ სხვა ტიპის ხელოვნება აქ პირველ რიგში საგანმანათლებლო სისტემის ნაწილია და მხოლოდ შემდეგ სახელოვნებო სფეროსი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, წარმოდგენები ძირითადად სკოლის სააქტო ან სპორტულ დარბაზებში, საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებში ან ღია სივრცეებში იმართება - ჩემი აზრით, ამ მოცემულობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ერთი მხრივ, არაჩვეულებრივია, როდესაც თეატრი თავად „მიდის“ ნებისმიერი ასაკის მაყურებელთან, ხელმისაწვდომია აბსოლუტურად ყველასთვის, ერგება ნებისმიერ სივრცეს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს გარემოება მაინც ზღუდავს თეატრს, როგორც შემოქმედებითი, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.


იმის გამო, რომ მუდმივად სხვადასხვა სივრცეში უწევთ სპექტაკლის თამაში, დასები იძულებულები არიან, ისეთი წარმოდგენები დადგან, რომელიც ყველანაირ სივრცეს მოერგება, ამიტომ სპექტაკლებში, როგორც წესი, სულ 3-4 ან მხოლოდ ერთი მსახიობია დაკავებული, გამოყენებულია მინიმალური რაოდენობის დეკორაცია, განათება, კოსტიუმები და რეკვიზიტი - სასურველია, ეს ყველაფერი ერთ მანქანაში ან მიკროავტობუსში ჩაეტიოს, რომ ტრანსპორტირება და შენახვა დასს ძალიან ძვირი არ დაუჯდეს. ჩვეულებრივ, კერძო დასებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ დაიქირაონ სცენის მემანქანეები ან დამხმარე ტექნიკური პერსონალი, ამიტომ ყველაფრის თავად კეთება უწევთ - მსახიობები და რეჟისორები მძღოლებიც თავად არიან, გამნათებლებიც, სცენის მემანქანეებიც, მუშებიც და ა.შ., თუმცა არსებობენ ისეთი თეატრებიც, რომლებსაც აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, რომ დიდი ტრაილერით იმოგზაურონ, დაიქირაონ ხალხი დეკორაციის ასაწყობად და დასაშლელად.

განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ ყველაფერი, რასაც სცენაზე ან კულისებში იყენებენ არის ძალიან ხარისხიანი: კოსტიუმი, თოჯინა, დეკორაცია, რეკვიზიტი, განათება და ა.შ. თითქმის არცერთ დასს არ ჰყავს საკუთარი ხმის რეჟისორი ან განათების ოპერატორი - სპექტაკლს მუსიკალურად ან თვითონ, ცოცხალი მუსიკით და სიმღერით აფორმებენ (პრაქტიკულად ყველა მსახიობი უკრავს ერთ ან რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე და მღერის), ან სპექტაკლის მუსიკა ჩაწერილია პროგრამაზე, რომელსაც მსახიობი თამაშისას თავად მართავს მაყურებლისგან შეუმჩნევლად. იგივე ხდება განათების შემთხვევაშიც, რომლის პარტიტურაც წინასწარ არის ჩაწერილი საგანგებო პროგრამაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წარმოდგენებში მინიმალურადაა გამოყენებული ვიდეო პროექცია; თუ იყენებენ, მხოლოდ ძალიან კონკრეტული მიზნით და არა როგორც უკანა ფონს (ფარდას) სპექტაკლებისთვის. ჩემ მიერ ნანახ 30 წარმოდგენაში ერთხელაც არ ყოფილა გამოყენებული სცენური კვამლი! (რომელსაც ასე გულუხვად გვაფრქვევენ ხოლმე ქართველი რეჟისორები)

დანიაში, (ისევე, როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში) თეატრალური განათლება საბავშვო ბაღიდან იწყება და სპექტაკლებს 1 წლის ბავშვებსაც კი წარმოუდგენენ (დიახ, ამ ასაკის ბავშვები და კიდევ უფრო პატარები ბაგაში დადიან). ადრეული ასაკის თეატრი 0-3 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს, ამ ჯგუფისთვის განკუთვნილ წარმოდგენებში თითქმის არასდროს მიმართავენ ვერბალურ თხრობას ან რთულ სიუჟეტებს, ყურადღება უფრო გამახვილებულია შეხებაზე, ჟღერადობაზე, ბგერის და ფორმის, ფერის, არომატების აღქმაზე და ა.შ. ამ ასაკის მაყურებლისთვის განკუთვნილი წარმოდგენა არ აღემატება 35-40 წუთს.

სკოლამდელი, დაწყებითი სასკოლო და საშუალო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ წარმოდგენებში ჭარბობს თოჯინები, მარიონეტები, ე.წ. საგნის თეატრი. აქ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დანიელთა ნაციონალური სიამაყის, ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრებს, ისევე როგორც, სხვა თანამედროვე თუ გასული საუკუნის საბავშვო ავტორების ნაწარმოებებს; დგამენ როგორც კლასიკურ დრამატურგიასა და პროზას, ისე თანამედროვე დანიელი ავტორების ნაწარმოებებს. ხშირად, პიესის იდეა და სიუჟეტი თავად რეჟისორს ან მსახიობს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, დანიაშიც კეთდება კომერციული პროექტები, დიდ სცენებზე იდგმება ცნობილი მიუზიკლები, რომლებზეც ბავშვები და მშობლები ერთად დადიან. 

საოცრად მრავალფეროვანია იმ თემების ჩამონათვალი, რაზეც თანამედროვე დანიური საბავშვო თეატრი თავის მაყურებელს ელაპარაკება: მეგობრობა, ოჯახი და საზოგადოება, ეკოლოგია, ურთიერთობები ადამიანებს შორის, გენდერი, ბუნება, ადამიანის უფლებები, სიყვარული, საკუთარი თავისა და იდენტობის ძიება, სექსუალური განათლება, ისტორია და ა.შ. როდესაც ბავშვის თეატრალური აღზრდა ბაგა-ბაღიდან იწყება, ბუნებრივია, რომ 13-16 წლის მოზარდებისთვის განკუთვნილ წარმოდგენებში თემებისა და პრობლემების ისეთი მრავალფეროვნებაა, რაც ზოგჯერ სხვა ქვეყნებში, საუფროსო თეატრებსაც კი შეშურდებათ. დანიურ საბავშვო თეატრს სცენური თავისუფლების ძალიან დიდი დიაპაზონი აქვს, რომელიც მაგალითად შედარებით კონსერვატორი ბრიტანელებისათვის ჯერ კიდევ მიუწვდომელი თამასაა.

როგორც წესი, წარმოდგენების ხანგრძლივობა 30 წუთიდან 70 წუთამდე მერყეობს და დამოკიდებულია კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფზე, ვისთვისაც არის გათვლილი ესა თუ ის წარმოდგენა. სპექტაკლის დაწყებამდე, ჩვეულებისამებრ, ყველას აფრთხილებენ, რომ გამორთონ მობილური ტელეფონები და არცერთ მაყურებელს აზრადაც არ მოუვა, წარმოდგენის მსვლელობისას ამოიღოს ტელეფონი და ფოტო ან ვიდეო გადაიღოს. ეს დიდ უტაქტობად ითვლება და აბსოლუტურად ყველა - დიდი თუ პატარა - იცავს ამ წესს. ვფიქრობ, ეს ფაქტორიც განაპირობებს იმას, რომ მაყურებელი მაქსიმალურად ჩართულია წარმოდგენის მსვლელობაში და, ყოველგვარი გაჯეტის გარეშე, უბრალოდ სიამოვნებას იღებს მხატვრული ნაწარმოებით. საზოგადოდ, დანიაში ძალიან კულტურული, მოწესრიგებული, პუნქტუალური მაყურებელია; ყველა ზედმიწევნით იცავს თავის რიგს და ყველა წარმოდგენა ზუსტად დათქმულ დროს იწყება.

ასევე, დანიელ მაყურებელს ძალიან უყვარს ამბების მოსმენა. ზოგჯერ ერთი მსახიობი, ყოველგვარი დეკორაციის, მუსიკისა და მხატვრული გაფორმების გარეშე მაყურებლის წინაშე გამოდის და რაიმე ამბავს უყვება. ერთ ასეთ წარმოდგენას მეც დავესწარი და ჩემთვის გაუგებარ ენაზე მოთხრობილი ზღაპრის მოსმენისას წარმოვიდგინე, რომ ალბათ საუკუნეების წინ, ვიკინგები სწორედ ასე ისმენდნენ სოფლის საუკეთესო მთხრობლის მიერ მოყოლილ ლეგენდებს ვალჰალაზე და ძლევამოსილ ოდინზე, თორის საგმირო საქმეებსა და ლოკის გაიძვერობებზე. მხოლოდ ამბის თხრობაზე დაფუძნებულ სპექტაკლებში ძირითადად ერთი ან ორი მსახიობი მონაწილეობს, მაყურებელი კი ძალიან აქტიურად არის ჩართული თხრობის პროცესში, ერთად იმეორებენ გარკვეულ ფრაზებს, შეძახილებს, მსახიობთან ერთად მღერიან სიმღერებს.

დანიურ საბავშვო თეატრში ასევე დიდი ადგილი უჭირავს ქორეოდრამას და არავერბალური საშუალებებით ამბის თხრობას. ამ ტიპის სპექტაკლების თემები ძალიან მრავალფეროვანია - დისლექსიასთან დაკავშირებული პრობლემებით დაწყებული, კაცისა და ქალის ურთიერთობით, საკუთარი თავის ძიებით დასრულებული.

   
 მრავალფეროვანი, საინტერესო, თამამი, მაყურებლის ასაკსა და ინტერესებზე მორგებული, ყველაფერი ახლის მიმართ გახსნილი - ასე შეიძლება რამდენიმე სიტყვით დავახასიათოთ თანამედროვე დანიური საბავშვო თეატრი, რომელიც სულ ვითარდება, წინ მიდის და რაც ყველაზე მთავარია, ფიქრობს და ზრუნავს თავის აუდიტორიაზე, უსმენს და ესაუბრება თავის მაყურებელს - ყველა ასაკის ბავშვს.

























Comments

Popular posts from this blog

ნათელა ურუშაძე; დღიურები; რუსთაველის თეატრი;1966 წელი (ნაწილი პირველი)

ეროსი მანჯგალაძე „კაცი, რომელსაც სიცოცხლე ძლიერ უყვარდა“

ნათელა ურუშაძე; დღიურები, რუსთაველის თეატრი; თეატრალური ინსტიტუტი; 1966 წელი (ნაწილი მეორე)