სუსან ოსტენი საბავშვო თეატრის შესახებ; NAKS ვებინარის ჩანაწერი, 2021 ოქტომბერი, ასიტეჟი ესტონეთი
სუსან ოსტენი
საბავშვო თეატრზე ლაპარაკი არასდროს მბეზრდება, ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი თემაა და დიდი ხანია, რაც ამ საკითხზე ვატარებ ლექციებს. ბავშვებს სჭირდებათ ხელოვნება!
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ზღაპრების კითხვა, მაგრამ ხანდახან დედაჩემი ზოგიერთი წიგნის კითხვას მიკრძალავდა, რადგან მიაჩნდა, რომ იქ მოთხრობილი ამბები ბავშვისთვის სახიფათო და სასტიკი იყო. ამ აკრძალვის გამო კიდევ უფრო მომინდა ოზი ანდერსონის ზღაპრების წაკითხვა. წიგნების კარადიდან წიგნები უჩუმრად ავიღე, წავიკითხე და ეს ამბავი დედაჩემს დავუმალე. მაინტერესებდა, ასეთი რა იყო იმ ზღაპრებში, რომ დედა წაკითხვის ნებას არ მაძლევდა. ბავშვობაში იყო ისეთი რაღაცებიც, რაზეც ლაპარაკი არ შეიძლებოდა და თუ ასეთ აკრძალულ, „უხამს“ თემას შევეხებოდი, დედას შეეძლო ჩემთვის დაერტყა კიდეც. სექსზე და სექსუალობაზე ხმის ამოღების ყველას ეშინოდა, ეს აბსოლუტურად ტაბუდადებული თემა იყო.სკოლაში
ხატვის, მუსიკასა და თეატრალურ ხელოვნებასთან ზიარების საშუალება მქონდა. ჩემს
ბავშვობაში სკოლაც ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, იქ დიდ შემოქმედებით
თავისუფლებას გვაძლევდნენ. შეიძლება ითქვას, რომ სკოლის წლები ჩემი პიროვნებად
ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო.
დღეს,
ადამიანის ტვინზე ჩატარებული კვლევების, ბავშვთა ფსიქოლოგიის და კოგნიტური უნარების
შემსწავლელი მეცნიერების წყალობით ვიცით, რომ ადამიანი ხელოვნების შექმნისა და
აღქმის, ამბების თხრობის თანდაყოლილი სურვილითა და მოთხოვნილებით იბადება. ადამიანს
სურს იცოდეს, თუ რა ხდება სამყაროში.
მე
ძალიან გამიმართლა. არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ
ჩემი მასწავლებელი ნამდვილი ხელოვანი იყო და მჯერა, რომ კარგ მასწავლებელს
ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ჩემი მასწავლებელი დაფაზე გვიხატავდა და
ათასგვარ ამბავს გვიყვებოდა. საოცრად ფართო თვალსაწიერი ჰქონდა. თეატრალური
დადგმებისთვის დეკორაციას ჩვენ თვითონ ვამზადებდით, ვცდილობდით ტექსტის გაგებას და
გაანალიზებას, ფრანგულად სიმღერას და ა.შ. მას ეს აინტერესებდა და ჩვენც გატაცებით
გვასწავლიდა.
უნდა
გითხრათ, რომ ბავშვებისთვის ხელოვნების სწავლება სულაც არ არის ძნელი. ჩვენ
იმთავითვე მშვენიერების შექმნისა და ამ ქმნილებით ტკბობის სურვილით ვიბადებით.
ადამიანს სჭირდება ალტერნატიული ესთეტიკა, რომელიც მის გრძნობებს ერთგვარ შოკს
მოჰგვრის, სჭირდება უცნაური ამბები, რომელიც მანამდე არასდროს სმენია. საკმარისია,
ბავშვმა წარმოიდგინოს კონკრეტული სახე, ხატება, ამბავი, სულ ოდნავ მაინც შეეხოს ამ
სამყაროს და ის სავსებით მზად არის მის მისაღებად. ბავშვი ბევრად უფრო გახსნილია
ყველაფერი ახლის მიმართ, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. დღემდე დიდ პრობლემას გვიქმნიან
ის თაობები, რომლებიც ბავშვებს მათთვის საინტერესო ხელოვნებისგან „იცავდნენ“,
სინამდვილეში კი ესთეტიკური ტკბობის შესაძლებლობას უზღუდავდნენ. უამრავი წერილი და
ნარკვევი მაქვს დაწერილი იმაზე, თუ რას ფიქრობენ უფროსები ბავშვებისთვის
განკუთვნილ ხელოვნებაზე. ჩემი აზრით, ეს „დაცული წვდომა“ ზრდასრული ადამიანების
შიშიდან, ტრადიციული მიდგომებიდან, ტაბუებიდან და არასაკმარისი ცოდნიდან
მომდინარეობს.
ხეთ ისეთი სპექტაკლის დადგმა, რომ 6 თვის ბავშვები, 80 წუთის განმავლობაში, საგანგებოდ მათთვის შექმნილ წარმოდგენაზე ისე იქცევიან, როგორც ჩვეულებრივი მაყურებლები? მან ამ კითხვაზე პასუხი ვერ გამცა, მხოლოდ ის მითხრა, რომ დაინახა, თუ რა საჭიროა, რა აუცილებელია ასეთი წარმოდგენების დადგმა ბავშვებისთვის. ბავშვებს სჭირდებათ უფროსები, რომლებსაც მათთან ურთიერთობის სურვილი აქვთ, ზრდასრული ადამიანები, რომლებიც დაანახებენ, რომ ის, რაზეც ბავშვები ფიქრობენ და მსჯელობენ, ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი ხომ დაბადებისთანავე იწყებს სამყაროს შეცნობას, მოვლენათა არსის წვდომას, სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს. ბავშვებს სჭირდებათ ზრდასრული ადამიანები - ერთგვარი „მეკავშირეები“, რომლებიც საგანგებოდ მათთვის შექმნიან შესაბამის სანახაობას და ეს წარმოდგენა მაყურებლისთვის ესთეტიკური შოკის მატარებელი იქნება. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რადგან ჩემი ცხოვრების ნახევარი კონკრეტული მხატვრული თვალსაზრისით სწორედ საბავშვო თეატრის კვლევას მივუძღვენი. მინდა გაჩვენოთ რამდენიმე ფოტო და ვიდეო ჩემი ბოლო ნამუშევრიდან, რომელსაც ჰქვია „ბასტერ კიტონი მთვარეზე“ (სტოკჰოლმი, თეატრი „უნგა კლარა“), სპექტაკლში ზრდასრული, პროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ. საზოგადოდ, ხელოვნებაში ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ნიჭიერება და პროფესიონალიზმი, ბავშვები ამას განსაკუთრებით ფაქიზად გრძნობენ და როდესაც სცენაზე ხედავენ ნიჭიერ მსახიობებს, მოცეკვავეებს, მომღერლებს, მათ ეს ძალიან მოსწონთ. სწორედ ამიტომ ყოველთვის გამოცდილ მსახიობებთან ვმუშაობ. განსაკუთრებით მიყვარს ასაკოვანი, დიდი ტანის არტისტები, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ასეთ მსახიობებს სწორედ ისეთი გარეგნობა, ხმა და გამოცდილება აქვთ, როგორიც მე მჭირდება. ზოგჯერ ასეთ მსახიობებს ბავშვების როლებს ვათამაშებ. ამ სპექტაკლში მთავარი როლის - ბასტერ კიტონის - შემსრულებელი მსახიობი ქალი 57 წლის არის - დრამისა და ცირკის არაჩვეულებრივი არტისტი, ჯამბაზი. მისი ძმის, ჰარპუს როლს 35 წლის კაცი ასრულებს - ჩემი აზრით, მეტისმეტად ახალგაზრდაც კია ამ როლისთვის, თუმცა არაჩვეულებრივი მსახიობია. ასევე გვყავს მომღერალი ჰუდინი - ძალიან გამოცდილი მომღერალი-მსახიობი, რომელიც ყველა ჟანრის მუსიკას ასრულებს, იქნება ეს მეტალი, როკი თუ ნებისმიერი სხვა რამ. გვყავს დედა და მამა. დედა მუსიკალური თეატრის მსახიობია, რომელიც მღერის და საცირკო ელემენტებს ასრულებს. მამა კი ფენომენალურად ნიჭიერი დრამის მსახიობია. ისე კარგად თამაშობს, რომ ყველას შიშის ზარს სცემს, განსაკუთრებით - უფროსი ასაკის მაყურებელს, ბავშვები კი განსაკუთრებით ამ უარყოფით პერსონაჟზე გიჟდებიან.
ჩვენ ბავშვებს სცენიდან ჭკუას არ ვასწავლით. ჩემი სპექტაკლის „ბასტერ კიტონი მთვარეზე“ პერსონაჟ ბავშვებს შეუძლიათ ისევ ისე უყვარდეთ თავიანთი სასტიკი მშობლები და იფიქრონ იმაზე, თუ როგორია მთვარეზე ცხოვრება. იფიქრონ, რომ ერთ დღესაც შეუძლიათ ძაღლთან ერთად საცხოვრებლად მთვარეზე გადაბარგება. სპექტაკლის შემდეგ მაყურებლებისგან ძალიან საინტერესო უკუკავშირს ვიღებთ. ჩვენ მათ ვეკითხებით, მთვარეზე რომ მიფრინავდნენ, თან ვის წაიყვანდნენ? ზოგი ამბობს, - დედაჩემს წავიყვან, რადგან შვებულება ძალიან სჭირდებაო, ზოგს მთელი კლასის და ძაღლის წაყვანა უნდა, ერთმა ბავშვმა კი გვითხრა, რომ ძალიან ჭკვიან მეცნიერს წაიყვანს, რომელიც მთვარეზე ქალაქს გააშენებს. ყველას თავისი ხედვა აქვს, ისინი ნათლად ხედავენ მომავალს და ეს ძალიან კარგია. ხელოვნებაც ხომ ამას უწყობს ხელს - ჩვენ ვქმნით ახალ მხატვრულ სახეებს და ვასაზრდოებთ მაყურებლის ფანტაზიას.
ბავშვობა
ჩვენი ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც ადამიანს თავისუფალი არჩევანი არ აქვს - ვერ
შეცვლი იმას, თუ სად დაიბადე, ვისთან ერთად ცხოვრობ, ვინ არიან შენი მშობლები, ვერაფერს
გახდები, თუ შენმა მშობლებმა განქორწინება ან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა გადაწყვიტეს,
ან თუ შენს ქვეყანაში უეცრად ომი დაიწყო. ასეთ რამეებს ვერ შეცვლი. ასეთი პერიოდია
ბავშვობა - ჩვენი ცხოვრების ერთი ეტაპი. ჩვენ ჩვენი შემოქმედებით ვცდილობთ გავუმკლავდეთ
ტაბუებს, რომლებიც უფროსების ცნობიერებაშია ფესვგადგმული. ყველამ ვიცით, რომ
ასწლეულების განმავლობაში ტაბუები არსებობდნენ და სულ სახეს იცვლიდნენ. ზოგჯერ
უნებურად რომელიმე ტაბუს დაარღვევ და უფროსები ძალიან ბრაზდებიან, არადა ეს სულაც
არ გქონია მიზნად დასახული. ზრდასრულ საზოგადოებას ძალიან ეშინია ტაბუების. უფროსები
ბავშვების მოკავშირეები უნდა ვიყოთ, არ უნდა ვუფრთხოდეთ ტაბუებს, პირიქით, ხელოვანი
ადამიანების უპირველესი მოვალეობაა ამ ტაბუების მსხვრევა, რადგან ხელოვნება,
პირველ ყოვლისა, თავისუფლებაა, სივრცე თავისუფალი აზროვნებისთვის. ტაბუების ნგრევის
პროცესში ზოგჯერ აუცილებელია მარცხიც განიცადო, შეიძლება ისეთი სპექტაკლიც დადგა,
რომელიც მიზანს ვერ გაამართლებს, ან არ გამოვა ისეთი, როგორიც ჩაფიქრებული გვქონდა,
მაგრამ ეს სავსებით კანონზომიერია. მარცხმა არ უნდა შეგვაშინოს, უნდა განვაგრძოთ
კვლევის, მუშაობის, ძიების პროცესი.
სულაც არ
ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ კონკრეტული ასაკის ბავშვს კონკრეტული ხანგრძლივობის
სპექტაკლი უნდა უჩვენო - ეს მცდარი აზრია. „ბასტერ კიტონი მთვარეზე“ 1 საათი და 40
წუთი გრძელდება და სპექტაკლის დასასრულს ბავშვებს არ უნდათ, რომ ის დამთავრდეს. ბავშვებს
შეუძლიათ მთელი დღე იყვნენ თეატრში ან სხვა სახელოვნებო სივრცეში, თუკი იქ მათთვის
საინტერესო რამ ხდება, თუ იქ ყოფნა მოსწონთ. ყველას სხვადასხვანაირი გემოვნება
აქვს და საერთოდ გემოვნება ისეთი ცნებაა, ადვილად რომ ვერ მოუძებნი ახსნას. სპექტაკლის
შემდეგ ბავშვებს ხშირად უთქვამთ, რომ განსაკუთრებით მოეწონათ მრისხანე, სასტიკი
მამის პერსონაჟი (რომელიც უფროსი ასაკის მაყურებლისთვის შემზარავია), ბავშვებს
ესმით, რომ ეს მსახიობია, კონკრეტული როლის შემსრულებელი, მაგრამ ამავე დროს მათ
შეუძლიათ განაზოგადონ და ხშირად აღნიშნავენ, რომ სწორედ ასეთი რამ ხდება მათ
სახლებშიც, მათი მეგობრების ოჯახებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შემოქმედებითი
ძალისხმევით ბავშვებს კრიტიკული
აზროვნებისთვის ახალი მასალა, ახალი საფიქრალი მივაწოდეთ - ეს არის ხელოვნების
ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება.
წარმოდგენის შექმნისა და თამაშის პროცესი უნდა იყოს ბავშვის შესაძლებლობათა, ინტერესთა გააზრებული კვლევა-ძიება. მიუხედავად იმისა, რომ ადრე დამიდგამს სპექტაკლები სუიციდის თემაზე, მაინცდამაინც არ მიყვარს თვითმკვლელობის სცენაზე ჩვენება. იმ ადრინდელი სპექტაკლებით მაყურებლები შოკშიც კი ჩავაგდე, ბევრისთვის მიუღებელი იყო, რომ შვილის თვითმკვლელობის შემდეგ მშობლები ტირილის ნაცვლად განრისხებულები იყვნენ. მახსოვს, ბავშვები მეკითხებოდნენ თუ რატომ არ მოთქვამდნენ მშობლები შვილის სიკვდილის შემდეგ, მე კი ვუხსნიდი, რომ ცხოვრებაში ზოგჯერ ასეც ხდება - როდესაც აკეთებ ასეთ არჩევანს, იკლავ თავს და ამქვეყნად ტოვებ ადამიანებს, რომლებსაც უზომოდ უყვარხარ, ისინი შენზე ბრაზობენ, ჯერ ბრაზობენ და მხოლოდ შემდეგ ტირიან. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთ დროს ადამიანს ბრაზიც იპყრობს.
ჩემს
სპექტაკლებში ბედნიერ დასასრულს და „ჰეფი ენდებს“ ვერ ნახავთ, მე საზოგადოებაში
გამეფებულ ტაბუებს ვებრძვი და ვცდილობ, სულ ჩემი მაყურებლის - ბავშვების
„მოკავშირე“ ვიყო.
ვებინარის
სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:
[1] საუბარია
სუსან ოსტენის სპექტაკლის, „ბეიბიდრამას“ შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე.
წარმოდგენა 6-12 თვის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. „ბეიბიდრამაზე“ უფრო ვრცლად შეგიძლიათ
წაიკითხოთ აქ - https://ananomirianashvili.blogspot.com/2020/10/
Comments
Post a Comment