ნათელა ურუშაძე, „შალვა ღამბაშიძე“


 ნათელა ურუშაძე

ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“, #9, 1983





შალვა ღამბაშიძე

დაიბადა 1899 წლის 1 აგვისტოს (ძვ. სტ. 20 ივლისი), ზესტაფონში. 

მისი ბაბუა, დეკანოზი დავით ღამბაშიძე, განათლებული კაცი იყო, სამოციანელთა იდეებით გატაცებული, ჟურნ. „მწყემსის“ რედაქტორ-გამომცემელი.

მამა, ქსენოფონტე ღამბაშიძე, ზესტაფონის ეკლესიის მოძღვარი. ისიც ერთობ განსწავლული.

დედა, პელაგია ცქიტიშვილის ასული.

დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ერთხანს ზესტაფონის სტამბაში მუშაობდა.

1918 წელს დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და მაშინვე იწყებს თანამშრომლობას ქუთაისის თეატრში.

1919 წელს თბილისშია, სწავლობს გ.ჯაბადარის სტუდიაში.

1920 წელს ბათუმის თეატრის მსახიობია.

1921 წელს ისევ თბილისშია, დრამის თეატრში. ამავე დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია (3 წელი ისწავლა).

1928-1930 წლებში ქუთაისის თეატრშია მარჯანიშვილთან.

1930 წელს ისევ თბილისშია, მეორე სახელმწიფო დრამაში, რომელიც კ.მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის თეატრად იწოდება.

1937 – 1948 წლები ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია...

...თეატრზე ადრე წიგნი შეიყვარა პატარა შალვამ. რაც წიგნთან იყო დაკავშირებული, ყველაფერი უნდოდა გაეგო, სცოდნოდა. ბავშვობაში ბაბუამისის სტამბაშიც მუშაობდა თურმე, ყოველნაირ მოვალეობას დიდი ხალისით ასრულებდა.

პირველი სპექტაკლი, რომელიც ნახა, სცენისმოყვარეთა წარმოდგენა იყო - ვ. მონტის „კაი გრაკხი“, რომელიც 1910 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ზესტაფონში. მაშინ შალვა 11 წლისა იყო. წარმოდგენის შემდეგ მონაწილეებთან მისულა და უთხოვია, მეც გამიშვით სცენაზეო. შეუსრულეს სურვილი. ასე შედგა სცენაზე ფეხი.

სულ მალე შალვა თვითონ გახდება ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსწავლე. გარემო, რომელშიც აღმოჩნდა, უაღრესად ხელისშემწყობი იყო სცენური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდისათვის: საუკუნის დასაწყისის ქუთაისის სცენას ამშვენებდნენ ლადო მესხიშვილი, ნუცა ჩხეიძე, ალექსანდრე იმედაშვილი, გიორგი არადელი-იშხნელი... ისინი მაღალზნეობრივ, პატრიოტული სულისკვეთების თეატრს ამკვიდრებდნენ, უპირველესად მსახიობის სცენური შემოქმედებით.

ასეთი თეატრი იყო პირველი, შალვა ღამბაშიძემ რომ იხილა და იწამა. სულ არაა შემთხვევითი, რომ შემდგომ, უკვე სახელმოხვეჭილი მსახიობი შალვა ღამბაშიძე სწორედ ალ. იმედაშვილსა და გ. არადელ-იშხნელს მიიჩნევს ქართველი მსახიობისათვის მისაბაძ ნიმუშად.

ქუთაისის ახალგაზრდობა ისე იყო გატაცებული ამ ჭეშმარიტად მოქალაქე-მსახიობთა ხელოვნებით, რომ როდესაც გ. არადელი-იშხნელი დასიდან დაითხოვეს, მოსწავლეები გაიფიცნენ. ისინი მსახიობის თეატრში დაბრუნებას მოითხოვდნენ. მათ შორის იყვნენ მოსწავლე უშანგი ჩხეიძე და მოსწავლე შალვა ღამბაშიძე.

როცა თეატრს ზემოქმედების ასეთი ძალა აქვს, მისით გატაცება ბუნებრივია, გატაცების გამოვლინების ფორმები კი - მრავალნაირი. ერთი ყველაზე გავრცელებული  - სცენაზე თავად გამოსვლის სურვილი. ამ სურვილმა შექმნა დრამატული წრე ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. მისი ხელმძღვანელი ხატვის მასწავლებელი კროტკოვი ყოფილა. მან დააკისრა მეექვსე კლასეის მოსწავლე შ.ღამბაშიძეს გოროდნიჩის როლი გოგოლის „რევიზორში“. პრესაც კი გამოეხმაურა ამ სპექტაკლს.

მაგრამ მანამდე, ბევრად უფრო ადრე - 1912 წელს, როდესაც შალვა პირველ ან მეორე კლასში იქნებოდა (13 წლისა), მისალოცი წერილი მიუწერია მარიამ საფაროვა-აბაშიძისთვის მისი იუბილეს გამო. აი, რამდენიმე სტრიქონი ამ დოკუმენტიდან: „სამშობლო ცის ვარსკვლავს, საფაროვ-აბაშიძისას. ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია, სთქვა მეთორმეტე საუკუნეში დიდებულმა შოთამ. სწორედ ამ სიტყვებით მინდა მოგმართო, გიძღვნა სალამი დაუფასებელო მშრომელო. შენი შრომა მრავალნაირად არის აღსანიშნავი, მაგრამ უმთავრესად მით, რომ... არ დაერიდე საზოგადოების იმდროინდელ შეხედულებას, შენი პიროვნება და ნიჭი არ დაუმორჩილე მათ გემოვნებას და თამამად აღმართე ხელოვნების დროშა... აი, ამ მხარით შენი შრომა პირდაპირ თავგანწირვაა, მშვენიერო სულო... გვწყენია შენი ნიჭის მათაყვანებელ მოსწავლე თაობას, რომ ის ხშირად ვერ ხედავს საყვარელ მსახიობს, მხატვარს ჩვენი დუხჭირი ცხოვრებისა... შალვა ღამბაშიძე. ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოწაფე. დ.ყვირილა. 17 ივანობისთვე. 1912 წ.“

თეატრით გატაცება უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 1917 წელს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, შალვა ქუთაისის თეატრის იმდროინდელ ხელმძღვანელთან, მიხეილ ქორელთან მისულა და უთხოვია, დასში მიმიღეთო. მ.ქორელს მიუღია. არ შეიძლება ეს შემთხვევას მივაწეროთ, პრინციპულ კაცადაა ცნობილი მიხეილ ქორელი. ახალგაზრდის სურვილის ასეთ უშუალო გამოვლინებაში მან მისი აქტიორული უნარიც ამოიკითხა უთუოდ; იქნებ გიმნაზიაში წარმოდგენილი „რევიზორიც“ ჰქონდა ნანახი? ვინ იცის... როგორც არ უნდა იყოს, ეს მაინც ერთი მხარეა მოვლენისა. არსებობს მეორე მხარეც - იმ დროის ქუთაისის თეატრი, რომელსაც მ.ქორელი ედგა სათავეში. ეს ხომ უკვე ის წლებია, როდესაც ა.წუწუნავამ, ვ.შალიკაშვილმა, ა.ფაღავამ და მ.ქორელმა არსებითად მოიგეს დიდი ბრძოლა ქართულ თეატრში მოსკოვის სამხატვრო თეატრის სასცენო შემოქმედებითი პრინციპების დამკვიდრებისათვის თანამედროვე დრამის სცენაზე წარმოჩინების გზით. ასე რომ, შ.ღამბაშიძე მოდის თეატრში, სადაც მომზადებულია ნიადაგი იმ ძირეული ცვლილებებისათვის, რამდენიმე წლის შემდეგ რომ მოახდენს კ.მარჯანიშვილი საქართველოში, თბილისშიც და ქუთაისშიც. ესეც იყო იმის მიზეზი, რომ ახალგაზრდა შ.ღამბაშიძე ასე ადვილად გახდება მარჯანიშვილისეული თეატრის - მხატვრულად მთლიანი სპექტაკლების თეატრის - მსახიობი. მაგრამ ეს მოხდება რამდენიმე წლის შემდეგ. მანამდე კი ის იმუშავებს მ.ქორელთან ქუთაისში, შემდეგ ისწავლის გ.ჯაბადარის სტუდიაში თბილისში, ერთ წელს ბათუმის თეატრში გაატარებს, 1921 წელს კი ისევ თბილისში ჩამოდის, სადაც ერთდროულად უნივერსიტეტის სტუდენტიცაა და დრამატული თეატრის მსახიობიც.

თბილისის თეატრში მუშაობის პირველსავე სეზონში (1921-1922) წარმოდგენილი 16 სპექტაკლიდან 14-ში შალვა ღამბაშიძეს უთამაშია, თანაც ისეთი როლები, როგორიც ფილიპე ზასედატელია გ.ერისთავის „დავაში“, ვიქტორი დ.კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირში“, გიორგი სააკაძე ს.შანშიაშვილის პიესაში „უგვირგვინო მეფენი“, ბარძიმი გ.ერისთავის „გაყრაში“, არსენა ნ.ნაკაშიძის პიესაში „ვინ არის დამნაშავე?!“

1922 წლის 25 ნოემბერს შედგა კ.მარჯანიშვილის მიერ განხორციელებული ლოპე დე-ვეგას „ცხვრის წყაროს“ პრემიერა და დაიწყო ქართული საბჭოთა თეატრის ცხოვრება.

„ცხვრის წყაროს“ შემდეგ კორპორაცია „დურუჯთან“ მარჯანიშვილის განხეთქილებამდე და შემდგომ ქუთაისში მარჯანიშვილთან გადასვლამდე, 1928 წ., შ.ღამბაშიძე რუსთაველის თეატრის თითქმის ყველა წარმოდგენაში მონაწილეობს. ითამაშა: პავლია დ.კლდიაშვილის „უბედურებაში“, გიორგი გურიელი ა.წერეთლის „თამარ ცბიერში“, ილიკო ნ.შიუკაშვილის „სიმახინჯეში“, პლატონი დ.კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალში“, ფალსტაფი შექსპირის „უინძორელ მხიარულ ქალებში“, მესაფლავე „ჰამლეტში,“ კოწია ნ. აზიანის „დეზერტირკაში“, ვილჰელმი შილერის „ვილჰელმ ტელში“, გოდუნი ბ.ლავრენიოვის „რღვევაში“ და სხვა.

ეს წლები მნიშვნელოვანი იყო ქართული თეატრისთვის. ძიებათა პროცესი რთულად და მტკივნეულად მიმდინარეობდა. შ.ღამბაშიძე აქტიურად იყო ჩართული იმ დროის უმნიშვნელოვანეს თეატრალურ მოვლენებში. ბევრი სიხარული განიცადა. ბევრი გაჭირვება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც. აი, ერთი საბუთი - 1924 წ. 21 ოქტომბრით დათარიღებული მისი განცხადება: „რუსთაველის თეატრის გამგეს. გადავწერე პიესა „მათრახის პანაშვიდი“. ერთი ეგზემპლარი 31 თაბახი, თაბახი 40 კ. სულ ღირებული 12 მან. და 40 კაპ. შალვა ღამბაშიძე.“

1928 წლიდან შ. ღამბაშიძე ქუთაისშია კ. მარჯანიშვილთან. ძალზე დატვირთულია. მსგავსად სხვა დატვირთული მსახიობებისა, ისიც ერთდროულად რამდენიმე სპექტაკლშია დაკავებული. აქ განხორციელებული როლებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია დე-სილვა კ.გუცკოვის „ურიელ აკოსტადან.“

ორი წლის შემდეგ, კ. მარჯანიშვილთან ერთად, ისიც თბილისში გადმოდის იმ თეატრში, დღეს რომ მარჯანიშვილის სახელს ატარებს. ამ თეატრის სცენაზე შეიქმნა ის მხატვრული სახეები, რომელთა გარეშე ქართული საბჭოთა თეატრის ისტორია არავის წარმოუდგენია: პროფესორი ბოროდინი (ა. აფინოგენოვის „შიში“), ტარიელ მკლავაძე („ნინოშვილის გურია“), არჩილი („ჩატეხილი ხიდი“), სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი, ბატონიშვილი პაატა (ლ.გოთუას „მეფე ერეკლე“), კათალიკოსი პატრიარქი (ლ. გოთუას „დავით აღმაშენებელი“), მოძღვარი (ა. ყაზბეგის „მოძღვარი“), გოროდნიჩი (ნ. გოგოლის „რევიზორი“), კავალერი რიპაფრატა (კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“), ანთიმოზ ტორონჯაძე (ვ. გაბისკირიას „უფსკრულთან“) და სხვა. რამდენი ქართველი და არაქართველი, რამდენი სოციალური ფენისა და მოქალაქეობრივი თვალსაზრისის, ასაკის და ხასიათის ადამიანი... ამ ადამიანთა სცენაზე განსახიერებამ წარმოაჩინა შ. ღამბაშიძის შემოქმედებითი ინდივიდუალობა. 

ყოველი მათგანი ნაწილი იყო სპექტაკლისა, სპექტაკლები კი ძალზე განსხვავებული. შ. ღამბაშიძე ხომ იმ დროს მოვიდა ქართულ თეატრში, როდესაც კ. მარჯანიშვილი მხატვრულად მთლიანი სპექტაკლების თეატრის პრინციპს ამკვიდრებდა. ეს ნიშნავდა: ყოველი სპექტაკლი ახალი მხატვრული მთლიანობაა. მისი საფუძველია კონკრეტული ავტორის კონკრეტული პიესა რეჟისორის ინდივიდუალურ აღქმაში და აქედან გამომდინარე, მისი სცენური განსხეულების, მსახიობთა მიერ მისი გათამაშების გარკვეული პირობა, წესი. ამიტომ „ცხვრის წყარო“ არ ჰგავდა „ჰამლეტს“, „ჰამლეტი“ - „ურიელ აკოსტას“, „ურიელი“ – „მზის დაბნელებას“, „მზის დაბნელება“ – „თეთრებს“, „ყვარყვარე თუთაბერს“ და ა.შ. ესოდენ განსხვავებულ სპექტაკლებში უნდა ყოფილიყო მსახიობი მართალი ანუ მაყურებლისთვის დამარწმუნებელი.

ქართველ რეჟისორთა მომდევნო თაობაც ასეთი თეატრალური სიმართლის მაძიებელი იყო. სცენური სიმართლის პრობლემა მუდმივი სათეატრო პრობლემაა. იგი, პირველ ყოვლისა, სცენაზე წარმოჩინებულის დამაჯერებლობას ნიშნავს. ზუსტი მსგავსება რეალურად არსებულსა და მხატვრულად ასახულს შორის მუდამ არ იგულისხმება. ასე რომ იყოს, დაუჯერებელი იქნებოდა დარბაზიდან სცენაზე ამოსული პერსონაჟი, კინოეკრანი, სპექტაკლის წამყვანი და სხვა ამგვარი.

ნებისმიერი ფორმისა და მხატვრული პირობის სპექტაკლში ინარჩუნებდა შ. ღამბაშიძე სისადავეს, სიმართლესა და უბრალოებას. ბუნებრივი და დამარწმუნებელი იყო დ. კლდიაშვილისა და ვ. გაბისკირიას პიესებშიც და „ურიელ აკოსტაშიც“, სადაც არაფერი ჰგავდა ნამდვილს, ცხოვრებისეულს. ბუნებრივი იყო „არსენას ლექსშიც“, რომელიც კ. მარჯანიშვილმა თითქმის ხელუხლებლივ გადაიტანა სცენაზე. აი, როგორ აგვიწერს ამ სპექტაკლს თანამედროვე:

„...აიხადა ფარდა, გამოვიდა სცენაზე შალვა ღამბაშიძე თავის ჩვეულებრივ კოსტიუმში, დადგა შუაგულში, გადაშალა წიგნი და დაიწყო კითხვა:

შაირ-სიტყვითა მესტვირემ

ღმერთი მაღალი ახსენა,

ღმერთმა მოგცეს გამარჯვება,

ოძელაშვილო არსენა...

იმ ადგილას რომ მივიდა, სადაც ნათქვამია „შეჯდა თავის ლურჯა ცხენზე“, სცენაზე უცებ ფიცრებისგან აწყობილი ცხენი გამოვიდა და ჭაბუკი კოსტავა მარჯვედ შეახტა მას. სურათი სურათს მისდევდა, გამოდიოდნენ პერსონაჟები, მაგრამ მაინც ეს სპექტაკლი კი არა, ფიქრი იყო. ის ფიქრი, წიგნის კითხვისას რომ აღეძვრის კაცს“.

ეს იყო 1931 წელს. რა რთული პირობაა თამაშისა. როდის განუზრახავს და განუხორციელებია კ. მარჯანიშვილს საკითხავი ლიტერატურის დადგმა პიესად გადაკეთების გარეშე! ვისთვის მიუნდვია მთავარი როლი?! როგორ ენდობოდა ახალგაზრდა მსახიობის სიტყვის ძალას, მის უნარს გაითავისოს პერსონაჟის სცენური არსებობის უჩვეულო პირობა და ამ პირობაში იყოს მართალი!

დრომ დაადასტურა, რომ შ. ღამბაშიძე თავისუფლად გრძნობდა თავს ნებისმიერ სცენურ გარემოში და ნებისმიერ რეჟისორულ ნახატში. ძნელი წარმოსადგენი იყო მისი კომპლექციის კაცისგან. მიუხედავად ამისა, ახოვანი, ოდნავ მძიმე და თითქოს მოშვებული მისი სხეული, საჭიროების ჟამს რკინასავით კუნთიერიც ხდებოდა და განსაცვიფრებლად მსუბუქიც მთლიან სხეულებრივ პლასტიკაში.

სხეულის ამგვარი დაუფლებისა და ზუსტი დეტალების წყალობით, რომლებიც ზოგჯერ აშკარა შტრიხის მნიშვნელობისა იყო, შ. ღამბაშიძეს შეეძლო ერთ წუთში გადაეხსნა მაყურებლისთვის პერსონაჟის ხასიათი და სოციალური ბუნება. დაიჭერდა ხოლმე ისეთ წუთს, სადაც პიროვნების არსი ვლინდება, ვინაიდან მისი საქციელის ზნეობრივი მოტივია ნათელი. 

ასეთ მკვეთრ შტრიხებს შ. ღამბაშიძე უფრო ხშირად ახალგაზრდობაში მიმართავდა. დროთა მანძილზე მისი „ნახატი“ მეტ სითბოსა და სირბილეს იძენს, თანდაყოლილი ბუნებრიობა და სიმართლე კი იმ ზომას აღწევს, რომ შეიძლება იფიქრო, ხომ არ წაიშალა ზღვარი რეალურსა და წარმოსახვით შექმნილს შორის? ეს იმიტომ, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეს კაცი სადღაც ნამდვილად გინახავს: მაშინაც კი, როდესაც მსახიობი ისტორიულ პირს ან შორეული წარსულის ადამიანს ასახიერებდა.

როგორ აღწევდა ამას? ჩანს, მისი ინტუიცია იყო განსაკუთრებული ძალისა. ინტუიციით აგნებდა ხოლმე იმ „შიდაძრავას“, ადამიანს რომ ამოქმედებს. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ეს „ძრავა“ განსხვავებული იყო, ვინაიდან მისი გმირი განსხვავებული ავტორის ნაწარმოების ნაწილი იყო. შ. ღამბაშიძე მსახიობთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, მოწიწებით რომ ეკიდებიან ლიტერატურულ პირველწყაროს. წერდა კიდეც ამის შესახებ:

„...ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს დრამატურგიული მასალის ღირსებას... რეჟისორი და მსახიობი დრამატურგის თანაავტორობისგან უნდა გათავისუფლდეს. ეს მაშინ ხდება, როდესაც თეატრს ხელთ აქვს მაღალი ღირსების დრამატული ნაწარმოები.“

შ. ღამბაშიძის აქტიორული ინდივიდუალობა განსაკუთრებით ახლობელი აღმოჩნდა კინემატოგრაფიისთვის. კინოს ენა ხომ ზედმიწევნით მართალია - დიდი ცხოვრებისეული სიმართლე და გულწრფელობა კინოს სტიქიაა, შ. ღამბაშიძის სტიქიაცაა. ანსამბლური შემოქმედებისთვის დაბადებული მსახიობისთვის სიმართლე და გულწრფელობა მოქმედ პირთა მრავალნაირი ურთიერთკავშირების სიმართლეა.

მაგრამ გულწრფელობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მხატვრულ სიმართლეს. მხატვრული სიმართლე აღმოცენდება იქ, სადაც გულწრფელობა დამაჯერებელს გახდის მსახიობის მიერ მიგნებულ მეტყველ საშუალებას და ამით სახეობრივ ფუნქციას მიანიჭებს მას. ასეთ სიმართლეს ესწრაფოდა შ. ღამბაშიძე. ყველა თავისი გმირისთვის შერჩეული ჰქონდა ამ გმირის ხასიათისა და ცხოვრებისეული მიზანსწრაფვიდან გამომდინარე მეტყველი, თანაც უთუოდ საქციელში გამოვლენილი დეტალები. ზოგჯერ ერთი და იგივე საქციელი განსხვავებულის გამომხატველი იყო. თუნდაც ისეთი ჩვეულებრივი, როგორიცაა ფულის დათვლა - ფულს ითვლის დავით დროიძე (ფილმში „დარიკო“) და ითვლის მაკარი (ფილმში „ქეთო და კოტე“). არაფერია საერთო. იმიტომ, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთისგან ძალზე განსხვავებულნი არიან. ფულის დათვლასაც, მათი ცხოვრების ამ მომენტში, განსხვავებული დანიშნულება აქვს. მსახიობიც განსხვავებულად გამოხატავს მას.

მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში შ. ღამბაშიძე ამ ტენდენციას მხოლოდ აძლიერებდა. კ. მარჯანიშვილის შემდეგაც, განსხვავებული მხატვრული პირობის სპექტაკლებში ქმნიდა თავის გმირთა სცენურ სახეებს, მაგრამ ახლაც, ისევე როგორც ადრე, ყველაზე ახლობელი და სასურველი მისთვის ცხოვრების სინამდვილეს მიმსგავსებული მხატვრული პირობა იყო. ესეც იყო იმის მიზეზი, რომ კინოხელოვნება ასე ახლობელი აღმოჩნდა მისთვის - მხატვრული სიმართლის პრობლემა აქაც ხომ მუდმივია. 

1926 წელს მოვიდა  შ. ღამბაშიძე კინოში, როდესაც კ. მარჯანიშვილმა ბეკინას როლში გადაიღო ფილმში „სამანიშვილის დედინაცვალი“. მას შემდეგ 1955 წლამდე ანუ 19 წლის განმავლობაში 14 ფილმში მიიღო მონაწილეობა. ყოველი მათგანი გამოდგება იმის საბუთად, რომ შინაგანი სიმართლის მოძიების, შენარჩუნებისა და განხორციელებისთვის მუდამ რთული პირობები კინოში, ხელისშემშლელი არ ყოფილა შ. ღამბაშიძისთვის. სწორედ კინომ, სადაც არაა არც რეპეტიციის თანმიმდევრობა და უწყვეტობა სპექტაკლისა, დაადასტურა შ. ღამბაშიძის იშვიათი უნარი საჭირო მომენტში გმირის თვალით შეხედოს სინამდვილეს. ამის გამოა, ალბათ, რომ კინოში მოღვაწე დრამატული თეატრის მრავალი მსახიობისგან განსხვავებით, შ. ღამბაშიძის ეკრანული სახეები გვიქმნიან წარმოდგენას მისსავე სცენურ შემოქმედებაზე.

ის სისადავე, რომელიც ასე დამახასიათებელი იყო შ. ღამბაშიძის მსახიობური ხელწერისათვის, სათავეს უთუოდ ცნობიერ მიზანდასახულობაში პოულობდა, მან ყოველთვის იცოდა, რისი თქმა სურდა. ეს „რა“ უთუოდ მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ხოლო ამ სათქმელის მაყურებლისთვის გადაცემა - მოთხოვნილება. ამიტომ ისწრაფოდა ზედმიწევნით გასაგები სცენური ენით ელაპარაკა მაყურებელთან. მაგრამ არასდროს მიუცია თავისთვის უფლება გაშინაურებულიყო სცენაზე ან ეკრანზე. პირიქით, შინაგანად განსაცვიფრებლად მობილიზებული იყო ხოლმე. მისი გმირის სცენური ან ეკრანული ცხოვრების მშვიდი მომენტებიც კი შინაგანი დატვირთულობით გამოირჩეოდა.

პერსონაჟის გულწრფელი არსებობა საბოლოო შედეგად არასოდეს წარმოედგინა. მსახიობის ეს იშვიათი უნარიც კი ნიჭის მამოძრავებელ ძალად მიაჩნდა, თეატრალური სიმართლის გამოვლინების საშუალებად. ამიტომ მისეული გულწრფელობა არტისტიზმის დონეზე იყო აყვანილი და სცენაზე მსახიობის ბუნებრივი არსებობის ჭეშმარიტი კულტურის ნიმუშად გამოადგება ყველას.

ადამიანის სულის უმნიშვნელო მდგომარეობა საინტერესო არ იყო მისთვის - უკიდურესი დაძაბულობის უკიდურესი გულახდილობით გამოვლინება უყვარდა. ამიტომ მუდამ ძალზე მართალი და ცხოვრებისეული იყო, მაგრამ არა ყოფითი. მისთვის ესოდენ დამახასიათებელი შინაგანი მნიშვნელოვნება მუდამ ყოფაზე მაღლა აყენებდა. აქ უკვე ძალაში შედიოდა ის გარდაუვალი კანონზომიერება, ყველა მსახიობის შემოქმედების თავისებურებას მისსავე პიროვნებას რომ უკავშირებს. მსახიობი თვითონაა შემქმნელიცა და ქმნილებაც, ამიტომ ცხადია, პიროვნულ თვისებებს ხელოვნების ამ დარგში განსაკუთრებული, ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

იშვიათი თვისებების შენაერთს წარმოადგენდა შ. ღამბაშიძის პიროვნება: წარმოსადეგი, სახენათელი, გულთბილი, გულმართალი, უშუალო, ნახევარი გულით არაფერი გაუკეთებია, ადამიანის სულის სიფაქიზე შეეძლო გადმოეცა, რადგან მისი სული იყო განსაცვიფრებლად ფაქიზი. ჭკუადამჯდარი განსჯა იყო მისთვის დამახასიათებელი, სიმშვიდე, სიდინჯე. მხნე იყო, აუჩქარებელი, ზრდილი. გულში ნადების დაფარვაც იცოდა - თუკი რამის განდობას არ ისურვებდა, ვერ მიუხვდებოდი. საჭიროების ჟამს, პირში თქმას არ ერიდებოდა. თვალის თვალში გაყრა იცოდა, მზერას თამამად უსწორებდა ყველას. საოცრად გულღია შეხვედრა იცოდა, მოსიყვარულება. ღიმილს არ ინანებდა. ეს ღიმილი მისი შინაბუნების უძლიერესი გამოვლინება იყო. ერთი შეხედვით შეეძლო ადამიანის გულის მონადირება. ყურისგდება იცოდა იშვიათი სცენაზეც და ცხოვრებაშიც. თავშესაქცევი ამბის მოყოლა ემარჯვებოდა. უყვარდა ოხუნჯობა, მაგრამ გულს არ გატკენდა. იშვიათი მეოჯახე, ყველას პატრონი და საიმედო ქომაგი გახლდათ. უყვარდა სტუმარი, ლამაზი დროსტარება. გულღია და გადამდები ხარხარი იცოდა. ეს თვისებები ბოლომდე შეინარჩუნა.  

ყოველი მისი თავისუფალი წუთი წიგნს ეკუთვნოდა, ჭაბუკობიდანვე ასე იყო. არც მაშინ, არც შემდგომ, თუკი რამეზე ხელი მიუწვდა, წაუკითხავი არ დარჩენია. წიგნის გარეშე შ. ღამბაშიძე არც უცხოს, არც შინაურს არ უნახავს. წიგნის ყადრი იცოდა - უნდა გენახათ როგორ აიღებდა ხოლმე ხელში წიგნს!

შ. ღამბაშიძისათვის მუდამ მისი ქვეყნის კეთილდღეობის პრობლემა იყო ამაღელვებელი. ხმამაღლა ამაზე ლაპარაკი არ სჩვეოდა, მაგრამ არც საქართველოს წარსულისადმი ინტერესი შენელებია არასდროს, არც ქართული ლიტერატურისადმი, არც მსახიობის შემოქმედება წარმოედგინა მტკივნეული თანადროული საკითხების სცენაზე წარმოჩინების გარეშე. მუდამ ფართო იყო მისი აზროვნების არე. დიდმნიშვნელოვნად მიაჩნდა მსახიობის განსწავლულობა, ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებში ჩახედულობა, ვინაიდან სცენაზე გამოსვლა საზოგადო მოღვაწეობად ესახებოდა.

უჩვეულო ძალით შეიგრძნობდა ქართულ სიტყვას - „მსახიობი მეტყველების მასწავლებელიაო“, წერდა.

მისი ხმა ფოლადისა და ხავერდის იშვიათი, უჩვეულო შენაერთით გამოირჩეოდა. სიტყვა მისი მსუყე იყო, ამავე დროს, სადა, მოქნილი და საზეიმოდ შემართული. კეთილშობილ ქართულს უწოდებდა მის მეტყველებას ლევან გოთუა.

სცენიდანაც კითხულობდა, უპირატესად, პროზას - ილია ჭავჭავაძეს, დავით კლდიაშვილს, ნიკო ლორთქიფანიძეს, მიხეილ ჯავახიშვილს... განსაკუთრებით საყვარელი და ახლობელი მისთვის იყო ილიას სიტყვა და საერთოდ პიროვნება.

ეფექტები და ჩუქურთმები არასოდეს იტაცებდა. სათქმელი იმდენი ჰქონდა და ეს სათქმელი იმდენად აღელვებდა, რომ ჩუქურთმებისთვის არ ეცალა. მისი აზროვნება სიღრმივ იყო მიმართული, ამიტომ სისადავისკენ ილტვოდა. ძნელად მოსაპოვებელ სისადავეს ფლობდა.

დაუღალავად იცოდა მიზნისაკენ სვლა, დაბრკოლების მიუხედავად. ეს არც სწორხაზობრიობას ნიშნავს, არც დიპლომატიაზე უარის თქმას. პირიქით, მოწინააღმდეგეს ზოგჯერ ისე გაუსხლტებოდა თურმე ხელიდან, მოსაზრებასაც რომ ვერ მოასწრებდა.

ერთი შეხედვით ალაგმავდა ავის განმზრახველს, ასეთი იყო თეატრის მართვის მისი სისტემაც. თეატრი კი მოუსვენარი, მუდამ მშფოთვარე და ძალზე რთული ორგანიზმია...

როგორ იცოდა იმის დაცვა, რისიც სჯეროდა! როგორ გადაარჩინა თავის დროს ლ. გოთუას პიესა „მეფე ერეკლე“!

წერდა, მისი წერილები ახლა უკვე ერთ კრებულშია თავმოყრილი. ეს კრებული მისმა შვილმა, ნანა ღამბაშიძემ შეადგინა.

წერდა პრობლემურ წერილებს, შემოქმედებით პორტრეტებს, რეცენზიებსაც კი. ყველგან და ყოველთვის იცავდა თეატრისა და მსახიობის შემოქმედების მაღალ მოქალაქეობრივ დანიშნულებას, სიტყვის პატივისცემას მოითხოვდა, ეთიკური პრინციპების დაცვას.

მისთვის მსახიობის მოღვაწეობა სცენით არ შემოიფარგლებოდა. თვითონ იყო საუკეთესო მაგალითი გულმხურვალე მონაწილეობისა გასვლით სპექტაკლებში, სოფლის კლუბებში, სკოლებში, ღია ცის ქვეშ - ყველგან, სადაც კი საზოგადოებრივი ასპარეზის მსგავსი რამ გამოჩნდებოდა.

სიკეთისა და მომხიბლაობის ელფერი ყველა მის ქმნილებას დაკრავდა, ვინაიდან თვით შ. ღამბაშიძის პიროვნება იყო წარმოუდგენელი ამ თვისების გარეშე. თუ გმირი კეთილშობილი იყო, ეს თვისება განსაკუთრებით აძლიერებდა მისი პიროვნების ზნეობრივ საფუძველს. თუ კეთილშობილებით არ გამოირჩეოდა, განსაკუთრებით საშიშს ხდიდა მას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მომხიბლაობა ნამდვილად ძალზე სახიფათოა. სანიმუშოდ მისი სოლომონ ისაკიჩის გახსენებად საკმარისია. ეს არ იყო მხოლოდ ერთი კონკრეტული დროისა და ქვეყნის ადამიანის სახე. ეს იყო აგრეთვე არსი ისეთი საშინელი მოვლენისა, როგორიცაა ფულის დიდება და უმთავრეს ძალად მისი აღიარება. ყველაფერი ჩემთვის მინდა: ფული, შემდეგ საზოგადოებრივი მდგომარეობა, რომელსაც ვიყიდო. შემდეგ სახელი, რომელსაც ასევე ვიყიდი. შემდეგ... ასეთი საზარელი სურვილით შეპყრობილი ადამიანი ისეთი სიმპათიურიც შეიძლება იყოს, როგორც შ. ღამბაშიძის სოლომონი იყო. ამით მისი არსი არ იცვლება. პირიქით, მოვლენა უფრო საშიში ხდება.

პროფესიონალი იყო. თავისი ხელოვნების ყველა საიდუმლო იცოდა. თეთრ ძაფებს ვერ აღმოუჩენდით.

მის გმირსა და მაყურებელს შორის ადვილად აღმოცენდებოდა ხოლმე ახლო ნაცნობობის ატმოსფერო, ვინაიდან იმთავითვე თანაგანცდისაკენ ილტვოდა.

არასოდეს გამოსულა სცენაზე ზრდილობისთვის, მოვალეობით ან იძულებით. მსახიობობა მიაჩნდა საზოგადო მოღვაწეობად, რომლისთვისაც თუკი რამ ძალა გააჩნია, უნდა გაიღოს. მოქალაქეობრივი იდეალებისათვის სულიერ ძალათა გულუხვი ხარჯვა სიხარულის მომტანი იყო მისთვის. მხოლოდ პროფესიის სიყვარულს არ ჰქონდა აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა. აქ იყო კიდევ უზომო სიყვარული იმ ადამიანებისადმი, დარბაზს რომ ავსებდნენ. მაყურებელი გრძნობდა მსახიობის მისდამი სიყვარულს, ესეც შ. ღამბაშიძის დიდი ძალა იყო.

შ. ღამბაშიძე ინტელიგენტი მსახიობი იყო, იმავ დროს, ბავშვივით გულუბრყვილო და უშუალო, უიშვიათესი შენაერთი ყველა დროისათვის. სიკეთე, რომელსაც ასხივებდა მისი პიროვნება, ყველა დროის პროგრესული საზოგადოების აუცილებელი მოთხოვნილებაა. 

შ. ღამბაშიძის მართალი შემოქმედება მაყურებელთა რამდენიმე თაობას არწმუნებდა სცენიდან თქმულის ჭეშმარიტებაში. კიდევ უფრო მეტს - ეკრანიდან, ვინაიდან ფირზე აღბეჭდილი ნაწარმოების სიცოცხლე უფრო ხანგრძლივია. ფირზე შემონახული შ. ღამბაშიძის სახეები, შესაძლოა, მრავალი წლის შემდეგაც გამოდგნენ მხატვრული სიმართლის ნიმუშებად.

ჰქონდა უნარი გულმხურვალე სიტყვით მიემართა საზოგადოებისათვის. კ. მარჯანიშვილის ნეშტსაც ხომ ის შეეგება თეატრთან და სიტყვაც უთხრა. დაკრძალვის დღესაც უკანასკნელი გამოსათხოვარი მას მიანდვეს. რა მშვენიერი სიტყვა უთხრა უშანგის მისი დაკრძალვის დღეს...

უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა იყო მისი მამოძრავებელი, საქმისა და ადამიანის პატივისცემის გრძნობა.

მის ლექსიკონში არ არსებობდა სიტყვა „არ მცალია“, „ვერ მოვალ“, „სხვა დროს დამირეკეთ“... ყოველთვის ეცალა, ყველაფერი შეეძლო, ყველაფერი უნდოდა. საკუთარი საქმისადმი თავგანწირული სიყვარული შეუძლებელს შეაძლებინებდა ხოლმე. ყველაზე ხშირად თავისთვის, ალბათ, ეს ორი სიტყვა უთქვამს - „ვალდებული ვარ.“

მართლაც, თუკი რამ გააჩნდა, ყველაფერი თეატრისთვის გაიღო. არ იყო შემთხვევითი, რომ ეს ძალა სცენაზე გამოელია - იმ დღეს, როდესაც მარჯანიშვილის თეატრმა პირველად უჩვენა მაყურებელს შილერის ტრაგედია „მარიამ სტიუარტი“, სადაც ის შრუსბერის როლს თამაშობდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ იმ დღეს პრემიერაზე მიმავალი, იგი ამთავრებდა შემოქმედებასაც და სიცოცხლესაც.

ეს მოხდა 1955 წლის 18 მაისს. მაშინ ის მხოლოდ 56 წლისა იყო.

ყველა ადამიანის სიცოცხლეს უწერია დასასრული. შ. ღამბაშიძის სიცოცხლე სცენაზე დასრულდა. მსახიობის სიცოცხლისთვის უკეთესი დასასრული არ არსებობს.

 



Comments

Popular posts from this blog

ნათელა ურუშაძე; დღიურები; რუსთაველის თეატრი;1966 წელი (ნაწილი პირველი)

ეროსი მანჯგალაძე „კაცი, რომელსაც სიცოცხლე ძლიერ უყვარდა“

ნათელა ურუშაძე; დღიურები, რუსთაველის თეატრი; თეატრალური ინსტიტუტი; 1966 წელი (ნაწილი მეორე)