სუბოტიცას საბავშვო თეატრების საერთაშორისო ფესტივალის შესახებ


როცა გაზაფხულზე მივიღე წერილი, რომ სექტემბრის ბოლოს სერბეთში, ქალაქ სუბოტიცას საბავშვო თეატრების საერთაშორისო ფესტივალსა და ფორუმზე მეპატიჟებოდნენ, ძალიან კი გამიხარდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მჯეროდა, რომ წასვლას მოვახერხებდი. პანდემიისა და "გამოკეტილობის" გადამკიდე, ვეღარც წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა ამდენი ხალხი კიდევ ერთად შეკრებილიყო, გვესაუბრა ხელოვნებაზე, საინტერესო თემებზე, ერთმანეთისთვის ჩვენ-ჩვენი ამბები გაგვეზიარებინა. ფესტივალზე დასწრება, ფორუმში მონაწილეობა ჩემთვის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით გამოდგა; ხელახლა დავრწმუნდი, რომ სწორ გზას ვადგავარ და ის, რის გაკეთებასაც ვცდილობ, ძალიან მნიშვნელოვანია.

დიდი მადლობა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს, დიმიტრი ხვთისიაშვილს, რომელიც ყოველთვის მეხმარება და ხელს მიწყობს პროფესიულ წინსვლაში. რომ არა ეს თეატრი, მე ვერ აღმოვაჩენდი საბავშვო თეატრის ასეთ საინტერესო სამყაროს და არც მის კვლევას შევუდგებოდი.

სუბოტიცა ულამაზესი პატარა ქალაქია სერბეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უნგრეთის საზღვართან ახლოს. მრავალი წლის განმავლობაში ეს მხარე უნგრეთის შემადგენლობაში შედიოდა და ქალაქის იერ-სახისა და ხასიათის ჩამოყალიბებაში ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
საბავშვო თეატრების საერთაშორისო ფესტივალს საფუძველი 1994 წელს ჩაეყარა. ყოველი წლის სექტემბრის ბოლო კვირას სუბოტიცა მასპინძლობს წარმოდგენებს, რომლებიც განკუთვნილია 18 წელზე ნაკლები ასაკის აუდიტორიისთვის. თეატრალური დადგმების გარდა, ამ დროს ქალაქში სხვა ღონისძიებებიც იმართება: გამოფენები, კინო ჩვენებები, ქუჩის სანახაობები, მასტერკლასები და ვორქშოპები მასწავლებლებისთვის, სემინარები თეატრალურ სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, წიგნების პუბლიკაციათა კრებულებისა და თეატრალური ჟურნალების პრეზენტაციები და სხვა.
ფესტივალის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია Assitej-ისა და UNIMA-ს (Union Internationale de la Marionnette) სერბეთის ნაციონალური ცენტრები, ასევე სერბეთის ფესტივალთა ასოციაცია SEFA, რომელიც თავის მხრივ ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია. ფესტივალს ფინანსურად უზრუნველყოფს სერბეთის კულტურის სამინისტრო, რეგიონის კულტურის განყოფილება და ქალაქის საკრებულო, აგრეთვე საელჩოები, კულტურის საერთაშორისო ცენტრები, სპონსორები. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ფესტივალის გვერდს ეწვიოთ


ქალაქ სუბოტიცაში საბავშვო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი წელს ოცდამერვედ გაიმართა, საბავშვო თეატრის მკვლევართა საერთაშორისო ფორუმი კი - მეთორმეტედ. წლების განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიუღია თითქმის 50 ქვეყნის ხუთასზე მეტ თეატრალურ დასს.
წელს ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს დასებმა: სერბეთიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, ხორვატიიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და ბრაზილიიდანაც კი. ფესტივალის ძირითადი პროგრამა საკონკურსო იყო, გამარჯვებულები კი ჟიურიმ გამოავლინა; საინტერესოა, რომ ღვაწლმოსილ თეატრალურ მოღვაწეებთან ერთად, სპექტაკლებს საბავშვო ჟიურიც აფასებდა.

სერბეთში და, საზოგადოდ, მთელ ბალკანეთში, ძალიან პოპულარულია ტრადიციული თოჯინების თეატრი და კარგი პროფესიული სკოლაც აქვთ. ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლების დიდი ნაწილი თოჯინური და არავერბალური იყო, ძირითადი პრემიებიც სწორედ თოჯინურ დადგმებს მიაკუთვნეს. ჯილდო საუკეთესო სპექტაკლისთვის წელს ჩეხეთიდან ჩამოსულმა თეატრმა „დრაკ“-მა მიიღო „მძინარე მზეთუნახავისთვის“.

ორი პრემია - საუკეთესო რეჟისურისა და ორიგინალური მუსიკალური გაფორმებისთვის მიენიჭა თოჯინურ სპექტაკლს „ბემბი“, სერბეთის ქალაქ კრაგუევაცის თოჯინების თეატრი. ფორმის თვალსაზრისით საინტერესო, ლაკონიურ და დახვეწილ სპექტაკლში 6 მსახიობი/მეთოჯინე მონაწილეობს. ანატომიური სიზუსტით შექმნილ, სხვადასხვა ზომის თოჯინებს თეთრ სამოსში გამოწყობილი მსახიობები ცოცხალი მუსიკის თანხლებით ათამაშებენ. მუსიკალური ინსტრუმენტები ოსტატურადაა „დამალული“ დეკორაციაში, თუმცა აქ ყველაფერი თამაშის ე.წ. ღია წესს ემორჩილება - პატარა მაყურებელი ნათლად ხედავს რა როგორ ხდება. თოჯინების თეატრისათვის ჩვეული შავი ჩაცმულობის ნაცვლად, აქ ყველაფერი თეთრია.

საბავშვო ჟიურის ფავორიტი უნგრული თოჯინების თეატრის სპექტაკლი „ოზი“ გახდა (რეჟისორი რობერტ მარკო). ჯილდო საუკეთესო სცენოგრაფიისთვის ამ სპექტაკლის მხატვარმა, სვილა ველიჩკოვამ მიიღო.

მართალია ფრანკფურტიდან ჩამოსული დასისთვის, “Gruene Sosse” პრიზი არ გადაუციათ, მაგრამ მათი არავერბალური წარმოდგენა „სამგზის ხელმწიფე“ დიდი თუ პატარა მაყურებლის უპირობო ფავორიტად იქცა. მთელი დარბაზი, დიდიც და პატარაც, ჩართული იყო პატარა ეტიუდებზე აგებულ, ერთსაათიან წარმოდგენაში, რომელიც სამი მეფის ამბავს მოგვითხრობდა; მათ ერთ სახლში - საზიარო სამეფოში უწევთ ცხოვრება და მუდმივად ძალაუფლების გაყოფას ცდილობენ: ვერ იყოფენ ვერც ბალიშს, ვერც გვირგვინს და მით უმეტეს, ვერც სახელმწიფოს. სპექტაკლში არ არსებობს მეოთხე კედელი, მსახიობები კლოუნადის ჟანრის პრინციპებს არ ღალატობენ და აქტიურ ინტერაქციაში არიან მაყურებელთან, დროდადრო ლაპარაკობენ თავიანთ გამოგონილ ენაზე, რომელიც ყველა ბავშვისთვის და უფროსი მაყურებლისთვისაც აბსოლუტურად გასაგებია. ტექნიკურად საოცრად ზუსტად გააზრებული და გამართული წარმოდგენა ერთი წამით მოწყენის, ყურადღების მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. ერთი შეხედვით თითქოს მარტივ თეატრალურ ეტიუდებზე აგებული სცენები ერთ მთლიანობად იკვრება.

როგორც წესი, მსახიობების ასაკზე ხაზის გასმა უხერხული მგონია, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამივე მონაწილე თითქმის 70 წლისაა და სამივე შესაშურ ფიზიკურ ფორმაშია. შეიძლება ითქვას, სცენიდან გაუსვლელად ისე ითამაშეს ერთსაათიანი სპექტაკლი სრული დატვირთვით, დაღლას ვერც შეამჩნევდი. სპექტაკლის მსვლელობისას, ვცდილობდი გამეხსენებინა მათზე თუნდაც ოცი წლით უმცროსი ქართველი მსახიობები, რომლებიც ასეთსავე მაღალ დონეზე, საქმის ასეთი სიყვარულით ითამაშებდნენ ბავშვებისთვის განკუთვნილ სპექტაკლს ჩემს ქვეყანაში. პირადი საუბრისას გაირკვა, რომ ვილი ქომბრეჰერი, სიგი ჰეროლდი და დეტლიფ კოლერი უკვე ამზადებენ თავიანთ შემცვლელებს, რომ წარმოდგენა არ მოკვდეს და დიდხანს იცოცხლოს.

ფესტივალის ალბათ ყველაზე ორიგინალური სპექტაკლი იყო სლოვაკური თეატრის „ოდივოს“ წარმოდგენა „აერო“, რომელმაც ჟიურის სპეციალური ჯილდოც მიიღო ორიგინალური გადაწყვეტისთვის. უსიუჟეტო და საკმაოდ მარტივი ფორმის წარმოდგენამ პატარა მაყურებლის აღტაცება გამოიწვია - რამდენიმე მძლავრი ვენტილატორის, ფენებისა და საქაჩი ტუმბოების მეშვეობით წარმოდგენის მონაწილეები აცოცხლებდნენ პარკებს, ბურთებს, ბუშტებს და ა.შ. სანახაობა სულ პატარა მაყურებელზეა გათვლილი (1,5+), თუმცა უფროსებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.

ფესტივალის მაყურებელმა ასევე იხილა მასპინძელი თეატრის - სუბოტიცას მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენა „თეატრს - სიყვარულით“, „ტყის სულები“ ეკოლოგიურ თემაზე - ბრაზილიიდან, თოჯინური „გული“ - ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინის თოჯინების თეატრის საგანმანათლებლო მუსიკალური წარმოდგენა „პეტია და მგელი“ სერგეი პროკოფიევის ნაწარმოების მიხედვით, რომელიც საინტერესო სცენოგრაფიითა და კოსტიუმებით გამოირჩეოდა - მთელი დეკორაცია ერთი დიდი სანოტო ფურცელია, პროკოფიევის ნაწარმოების ნოტებით, რომელიც ზოგიერთ ადგილას ელვა შესაკრავით იხსნება და პერსონაჟები ამოდიან. ამ თეთრ ქსოვილზე დროდადრო ჩნდება ვიდეოპროექციაც, რაც ძალიან ეფექტურია და ლამაზი. ამ ნოტებისა და პარტიტურის სამყაროში მუსიკალური ინსტრუმენტებიც თამაშობენ და უზარმაზარი, ადამიანზე დიდი ზომის თოჯინები. „პეტია და მგელი“ 5+ ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი და საგანმანათლებლო დატვირთვასაც ატარებს, რადგან წარმოდგენის მსვლელობისას მაყურებელს უხსნიან რომელი ინსტრუმენტი ჟღერს, როგორი ტიპის საკრავია, რომელს რა ჟღერადობა აქვს და ა.შ. 

ფესტივალის ფარგლებში, 20-22 სექტემბერს, ჩატარდა საბავშვო თეატრის მკვლევართა მე-12 საერთაშორისო ფორუმი. ამ სამი დღის განმავლობაში სუბოტიცაში თავი მოიყარა 30-ზე მეტმა თეორეტიკოსმა და პრაქტიკოსმა 16 ქვეყნიდან: სერბეთი, ხორვატია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სლოვენია, ავსტრია, ირლანდია, დანია, ნორვეგია, პოლონეთი, რუსეთი, ლიეტუვა, საქართველო, ირანი, ინდოეთი, ახალი ზელანდია. თითქმის ყველამ შეძლო სერბეთში ჩამოსვლა და მხოლოდ რამდენიმე მონაწილე ჩაერთო ზუმის მეშვეობით. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემები იყო: ესთეტიკურ კატეგორიათა აღქმა და ანალიზი საბავშვო/საყმაწვილო თეატრებში, თეატრი და განათლება, ბავშვის აღქმა - ბავშვი, როგორც მაყურებელი, თეატრალური ფესტივალები და სარეპერტუარო პოლიტიკა საბავშვო/მოზარდ მაყურებელთა თეატრებში.

ამ 3 დღის განმავლობაში, ფორუმზე დამსწრე თეატრის თეორეტიკოსებიცა და პრაქტიკოსებიც ვმსჯელობდით თანამედროვე საბავშვო/საყმაწვილო თეატრის ახალი ფორმების, თეატრალური პედაგოგიკის შესახებ, იმაზე, თუ რა როლი აკისრია ხელოვნებასა და ციფრულ ტექნოლოგიებს თანამედროვე მაყურებლის ცხოვრებაში. სამუშაო ენები: სერბული და ინგლისური.

პირველივე დღეს გამოიკვეთა რამდენიმე ძირეული პრობლემა და საკითხი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ბევრ ქვეყანაში მწვავედ დგას - სარეპერტუარო პოლიტიკა, დრამატურგიის სიმცირე, კომპრომისული შემოქმედებითი გადაწყვეტები და ექსპერიმენტულ დადგმათა სიმწირე საბავშვო თეატრებში. საინტერესოდ მეჩვენა ხორვატი კოლეგის, ვესნა კოსეც ტორიანაცის მოხსენების ერთი მონაკვეთი - მან სკოლის ასაკის აუდიტორია თეატრის მიერ შეთავაზებული რეპერტუარის მიხედვით, პირობითად სამ ჯგუფად დაყო: ე.წ. ზღაპრის ასაკი (7-10 წელი), სათავგადასავლო ნაწარმოებების ასაკი (12-15) და მოზარდობის ასაკი (16+) - საბავშვო თეატრები ცდილობენ რაც შეიძლება დიდხანს ამყოფონ მაყურებელი ზღაპრების კატეგორიაში, რადგან ოდნავ უფროსი ასაკის მაყურებლისთვის შესაბამისი რეპერტუარის სიმცირეს განიცდიან. სერბმა ბრანისლავა ტრიფუნოვიჩმა კი ძალიან საინტერესო კვლევა წარმოგვიდგინა ციფრული თაობის შესახებ. მან თანამედროვე მაყურებლებს ე.წ. „ციფრული აბორიგენები“ უწოდა; ასეთი ბავშვები დაბადებიდანვე კარგად იცნობენ გაჯეტებს, ისინი უკვე ციფრულ სამყაროში გაჩნდნენ და მათთვის უცხოა ის რეალობა, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ. ამ თაობისთვის დამახასიათებელია ის, რომ პარალელურად რამდენიმე საქმის კეთება შეუძლიათ, მაგრამ ასევე ადვილად ივიწყებენ მიღებულ ინფორმაციას. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ასეთი ბავშვებისთვის წარმოდგენებს დგამენ ე.წ. „ციფრული იმიგრანტები“ - იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც კარგად არ იცნობენ (და ხშირად სურვილიც არ აქვთ, გაიცნონ) თანამედროვე მოზარდების სამყაროს, არ ითვალისწინებენ მათ ინტერესებს და აღქმის განსხვავებულ კუთხეს. ბრანისლავამ 11-18 წლის ბავშვების ჯგუფი იკვლია; მათი ცხოვრების, დროის, ინტერესების 100% დაკავშირებულია ციფრულ ტექნოლოგიებთან. ნახევარზე მეტს თეატრი საერთოდ არ აინტერესებს. ძირითადი მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ თეატრი ამ ასაკისთვის ადეკვატურ რეპერტუარს არ სთავაზობს. ეს პრობლემა ჩვენთანაც მწვავედ დგას, თუმცა გადაჭრის გზებზე ცოტა ვინმე თუ ფიქრობს.

როგორ მოვიზიდოთ ამ ასაკის მაყურებელი თეატრში? ცხადია, მისთვის საინტერესო მასალისა და ფორმის შეთავაზების გზით. თანაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ციფრული თაობა არასოდეს გადადგამს ნაბიჯს უკან, ისინი მხოლოდ წინ მიიწევენ, მათთვის არასოდეს იქნება ბოლომდე მისაღები და საინტერესო ჩვენთვის ჩვეული თეატრალური ფორმები. რაც უფრო მალე მივიღებთ და გავიაზრებთ ამ ფაქტს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ადეკვატური გზების ძიებას. ბრანისლავას აზრით, ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ახალგაზრდა რეჟისორების (ისევე, როგორც მუსიკოსების, დრამატურგების, მხატვრების და ა.შ) საბავშვო-საყმაწვილო თეატრებში მეტად დასაქმება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.

მართალია, ბრანისლავა ტრიფუნოვიჩი სერბულ გამოცდილებას გვიზიარებდა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოშიც (და ალბათ ბევრ სხვა ქვეყანაშიც) ანალოგიური მდგომარეობაა - თუ თეატრი არ აუბამს ფეხს თანამედროვე ტენდენციებს, არ ადაპტირდება, მაყურებლის დიდ ნაწილს დაკარგავს. რა გასაკვირია, რომ ამ კვლევამ უფროსი თაობის თეატრმცოდნეთა და რეჟისორ-მსახიობთა გარკვეული გაღიზიანება, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, დისკუსიისას დაისვა საკითხი - ხომ არ მოსპობს ასეთი მიდგომა თეატრის ძირეულ ფუნდამენტს, სცენოგრაფიას და სხვა მხატვრულ გამომსახველობით საშუალებებს? ცხადია, ეს მოსაზრებაც არ არის აზრს მოკლებული, თუმცა ზომიერებითა და სათანადო ბალანსით მაინც შეიძლება სასურველ შედეგს მიაღწიო.

ბევრი საინტერესო რამ ითქვა თეატრალური პედაგოგიკის შესახებ. პერნილე ველენტ სორენსენმა (დანია) გაგვიზიარა თავისი კვლევის შედეგები; კვლევას შეიძლება პირობითად ვუწოდოთ „სად ზიხარ შენ?“ - წარმოდგენის შემდეგ პერნილე ბავშვებს სთხოვდა დაეხატათ თავიანთი ადგილი თეატრში, სად ისხდნენ სპექტაკლის მსვლელობის დროს და სად ვითარდებოდა მთავარი მოვლენა. ბავშვების ნახატების მიხედვით, მკვლევარი ცდილობს გაჰყვეს იმ პროცესს, როდესაც ერთი ინდივიდი (ამ შემთხვევაში ბავშვი-მაყურებელი) მაყურებელთა ჯგუფის, აუდიტორიის ნაწილი ხდება, როგორია ამ დროს მისი აღქმა, შინაგანი მდგომარეობა, როგორ ეზიარება  იგი ხელოვნების ნიმუშს, როგორ გადაიქცევა ერთი ბავშვი კრებითი სახელის - აუდიტორიის ნაწილად.

საინტერესო იყო ჩემი სარატოველი კოლეგის, ანასტასია კოლესნიკოვას თემა „სპექტაკლის ანალიზი თამაშის მეშვეობით“. ნასტია სარატოვის მოზარდ მაყურებელთა აკადემიური თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგეა და აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაშიც, რაც სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს, (რაზეც ჩვენი თეატრები სამწუხაროდ თავს არ იწუხებენ).

ფორუმის საპატიო სტუმარი გახლდათ მარიონეტი, სახელად მოჟი და მისი ავტორიცა და შემსრულებელიც, ტეა კოვშე (სლოვენია). მოჟიმ პირველივე ნახვისას შეაყვარა თავი ჩვენს „ზრდასრულ“ საზოგადოებას. ტეამ თოჯინა და მისი მინიატურული ოთახი პანდემიის დასაწყისში, ერთ-ერთი პირველი „ჩაკეტილობისას“ შექმნა; ამგვარად ის თითქოს გამოეთხოვა რამდენიმე ხნით ადრე გარდაცვლილ ბაბუას, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წლებში ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. მოჟი (თარგმანში პატარა კაცუნას ნიშნავს) ძალიან მომხიბვლელი ხანშიშესული მამაკაცია, რომელიც თავის ენაზე, გაურკვეველი შორისდებულებით ლაპარაკობს და მღერის კიდეც. ტეა და მოჟი მცირე აუდიტორიისთვის, სხვადასხვა სივრცეში მუშაობენ, პატარა ამბებსა და სიუჟეტებს ჰყვებიან. ეს არის მარიონეტული თეატრისა და თერაპიის ერთგვარი სინთეზი, რომლის მეშვეობითაც ბავშვებს შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან რთულ თემებზე, მათთვის გასაგები ენით ესაუბრო. ტეას და მოჟის შემთხვევა ერთი პატარა მაგალითია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს დამოუკიდებელი მცირემასშტაბიანი თეატრალური იდეა და საინტერესო პროექტად იქცეს. მოჟის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მის ვებგვერდზე წაიკითხოთ. https://www.mozi.space/about

რასიზმი და დემოკრატიული ღირებულებები საბავშვო თეატრში, თეატრალური კრიტიკა, სარეპერტუარო პრობლემები, თანამედროვე ტექსტების დეფიციტი, დამოუკიდებელი საბავშვო თეატრების ყოფა და პანდემიით გამოწვეული ფინანსური სირთულეები, კომერციული ე.წ. შემოსავლიანი პროექტები და მხატვრული ექსპერიმენტი, თეატრალური ფესტივალები, თეატრი სკოლაში და სკოლა თეატრში, საბავშვო და „არასაბავშვო“ თემატიკა, თეატრი ბავშვებისთვის დედაქალაქისა და დიდი ქალაქის ფარგლებს გარეთ ანუ უთეატროდ გაზრდილი თაობები და სხვა - ეს ამ სამი დღის განმავლობაში განხილული თემების არასრული ჩამონათვალია. მიხარია, რომ მეც მოვახერხე მესაუბრა საბავშვო/მოზარდ მაყურებელთა თეატრების წარსულსა და დღევანდელ მდგომარეობაზე საქართველოში, საბავშვო დრამატურგიაზე და სარეპერტუარო პოლიტიკის პრობლემებზე, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემი კოლეგებისთვის. ბევრი ვისაუბრეთ იმაზეც, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის საბავშვო და საუფროსო თეატრებიც თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირი გამოწვევების წინაშე დგანან: არასაკმარისი დაფინანსება, მოძველებული შემოქმედებითი მიდგომები, კულტურის პოლიტიკის არქონა და მრავალი სხვა.

სუბოტიცადან თბილისში იდეებით, სურვილებითა და გეგმებით დატვირთული დავბრუნდი, მაგრამ მოუცლელობის და სხვა ათასი საქმის გამო ამ შთაბეჭდილებების ერთად თავმოყრა და საჯაროდ გაზიარება აქამდე ვერ მოვახერხე. იმედი მაქვს, ამ გეგმებისა და იდეების მცირე ნაწილის განხორციელებას მაინც შევძლებ.

  

Comments

Popular posts from this blog

ნათელა ურუშაძე; დღიურები; რუსთაველის თეატრი;1966 წელი (ნაწილი პირველი)

ეროსი მანჯგალაძე „კაცი, რომელსაც სიცოცხლე ძლიერ უყვარდა“

ნათელა ურუშაძე; დღიურები, რუსთაველის თეატრი; თეატრალური ინსტიტუტი; 1966 წელი (ნაწილი მეორე)