„ბეიბიდრამა“ - თეატრი სულ პატარებისთვის

 


რამდენიმე წლის წინ ჩემთვის რომ ეთქვათ, დრამატული სპექტაკლები ჩვილი ბავშვებისთვისაც იმართებაო, არაფრით დავიჯერებდი. მერე კი გადავაწყდი ვიდეოს, სადაც საკუთარი თვალით ვნახე ეს სანახაობა, ბევრი წავიკითხე ამის შესახებ და სხვებისთვის გაზიარებაც მომინდა.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განკუთვნილი სპექტაკლების შექმნის პრაქტიკა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის; ჩვენი ქვეყნისთვის კი ასეთი რამ ჯერ ახალი ხილია. ამ წერილში მინდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დადგმაზე, სუსანე ოსტენის „ბეიბიდრამაზე“გიამბოთ.


 შვედეთი საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა საბავშვო თეატრის დარგში. შვედურმა საბავშვო თეატრმა (როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დასებმა) დამოუკიდებლობისკენ მიმავალი საინტერესო გზა განვლო. ათწლეულების განმავლობაში აღმოცენდა ახალი ფორმები, წაიშალა საზღვრები ჟანრებს შორის, მნიშვნელოვნად გაიზარდა დრამატურგია და საბავშვო თეატრებისათვის ადაპტირებული ლიტერატურის ნუსხა. გაჩნდა კონკრეტულად მცირე ასაკის მაყურებლისთვის შექმნილი ქორეოგრაფიული წარმოდგენებიც; დროთა განმავლობაში ასეთი ტიპის ქორეოგრაფია გამოეყო დრამატულ თეატრს და ახლა უკვე არსებობს როგორც ცალკე ჟანრი - საბავშვო ქორეოდრამა.

შვედური საბავშვო თეატრის რადიკალურად გადააზრებისა და ევოლუციის პერიოდი 1960-იანი წლების ბოლოსა და 70-იანების დასაწყისზე მოდის. სწორედ ამ დროს, დაიწყეს აღმოცენება პატარა, დამოუკიდებელმა თეატრალურმა ჯგუფებმა. ბავშვთა კულტურის, მისი მიზნებისა და ამოცანების, ფორმისა და შინაარსის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა დიდწილად განაპირობა ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებამ, კონკრეტულად კი „პეპი გრძელწინდას“ დაბადებამ. წიგნის გამოსვლიდან ერთ წელიწადში პეპი უკვე სცენაზეც გამოჩნდა (1946 წელს). მანამდე პროფესიულ თეატრთა რეპერტუარი შემოიფარგლებოდა ვიწრო, კლასიკურ ნაწარმოებთა ნუსხით. მაგალითად 11-14 ასაკობრივი ჯგუფისთვის მიზანშეწონილი იყო რობინ ჰუდის, დევიდ კოპერფილდის, ტომ სოიერის, მეკობრეთა სათავგადასავლო წიგნების, საბავშვო დეტექტივების და ა.შ. ადაპტირებული ვარიანტების ინსცენირება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებაში მყარად გამჯდარიყო სტერეოტიპი, რომ საბავშვო თეატრი ხელოვნების უფრო დაბალი და ნაკლებ საინტერესო ფორმაა, რაც, თავის მხრივ, განაპირობებდა იმას, რომ დარგი ნაკლებად იყო განვითარებული და ჩაკეტილი ყველაფერი ახალისთვის.

 

შვედურ საბავშვო თეატრზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ თანამედროვე შვედური საბავშვო თეატრის იდეოლოგი და სულისჩამდგმელი სუსანე ოსტენი. ის სულ ახალგაზრდა იყო, როდესაც ახალფეხადგმული თეატრი ჩააბარეს,  1975 წელს „უნგა კლარას“, სტოკჰოლმის თეატრის ახალი განყოფილების სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს. იმ დროისათვის სუსანე ოსტენს უკვე მრავალფეროვანი სარეჟისორო გამოცდილება ჰქონდა. „უნგა კლარა“ („ახალგაზრდა კლარა“. კლარა სტოკჰოლმის იმ უბანს ჰქვია, სადაც თეატრი მდებარეობს) ჩაფიქრებული იყო, როგორც დამოუკიდებელი პატარა თეატრი, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებდა; თეატრი განსაზღვრული იყო მცირერიცხოვანი აუდიტორიისთვის, (ადგილების მაქსიმალური რაოდენობა 200, თუმცა ზოგიერთ წარმოდგენაზე გაცილებით ნაკლები მაყურებელი დაიშვება). სამიზნე აუდიტორია - ბავშვები - ყველა ბავშვი განურჩევლად სოციალური ფენისა და ეთნიკური ჯგუფისა. საკვანძო იდეა - „ბავშვის ხედვა“ - ბავშვი, რომელიც ფაქტობრივად უუფლებოდ ცხოვრობს უფროსთა საზოგადოებაში. მაშინაც და შემდეგ წლებშიც, ოსტენის ძიებათა მთავარი ობიექტი იყო ბავშვი; ბავშვი, როგორც ცალკეული სუბიექტი, ასაკით მცირე ადამიანი; ბავშვი, როგორც დიალოგის სრულუფლებიანი მონაწილე; ბავშვი, როგორც ინსპირაციის წყარო.

„1971 წელს მივხვდი, რომ საბავშვო თეატრს მოწინავე პოზიცია უჭირავს თეატრალურ სივრცეში და გადავწყვიტე ისეთი რამ მეცადა, რაც მანამდე არასდროს გამეკეთებინა. გადავწყვიტე დამევიწყებინა ძველი კლიშეები, გამეწმინდა მტვრიანი გზები, გაბმული აბლაბუდები. ბავშვებიც ხომ ასე იქცევიან.“ - იგონებს ოსტენი.

 

ხანგრძლივი კარიერის მანძილზე სუსანე ოსტენმა დაამტკიცა, რომ შეიძლება შეეხო ნებისმიერ ტაბუირებულ თემას, მიუხედავად იმისა, ეს ეხება ბავშვს თუ უფროსს. ყოველთვის გაურბის „გაკვალულ გზებს“, მუდმივად მიდის მხატვრული ექსპერიმენტის გზით; ერთი შეხედვით, მისი სარეჟისორო ენა მარტივია, თუმცა დატვირთულია სიმბოლოებით, ყველაფერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. სწორედ ასეთი თამამი ექსპერიმენტი იყო „ბეიბიდრამა“ (Babydrama) - პირველი წარმოდგენა 6-თვიდან 12-თვემდე ჩვილებისთვის.


„უფროსებს ავიწყდებათ თუ რა ჭკვიანები და გონებაგახსნილები ვიბადებით ადამიანები. - ამბობს სუსანე ოსტენი ერთ ინტერვიუში - როდესაც „ბეიბიდრამაზე“ მუშაობა დავიწყეთ, ეჭვის თვალით გვიყურებდნენ. (მათშორის, მუნიციპალური თეატრალური საბჭოც, რომელმაც პროექტი უსარგებლოდ და ძვირადღირებულად მიიჩნია - ა.მ.) ბევრი თვლიდა, რომ ამ ასაკის ბავშვებს არ უჩნდებათ ესთეტიკური ტკბობის მოთხოვნილება და რომ ჩვენი წამოწყება ერთი დიდი, უცნაური ახირება იყო. მაგრამ პატარებს ასე არ მოეჩვენათ, პირიქით - დიდი ინტერესით უყურებდნენ წარმოდგენას, რომელიც საათი და ოცი წუთი გრძელდებოდა.“

მიუხედავად იმისა, რომ სულ პატარებისთვის შეიქმნა, „ბეიბიდრამა“ ფორმითა და შინაარსით დატვირთული, რთული სპექტაკლია. წარმოდგენის მთავარი თემებია დაბადების საიდუმლოება, ყოფიერება, ამქვეყნად მოვლინება. მაყურებლის თვალწინ თამაშდება ასეთი სიუჟეტი: ქალი და კაცი ერთმანეთს გაიცნობენ, დაახლოვდებიან და ერთხელაც შვილის გაჩენას გადაწყვეტენ. მაყურებელი ხედავს ჩვილის (ემბრიონის, ახალი სიცოცხლის) ცხოვრებას და განვითარებას დედის საშოში, შემდეგ მის დაბადებას. ყველაფერი ახალი და უცხოა. ჩვილი გადის გზას ემბრიონიდან  თავის დაბადების დღემდე. სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ხაზია „სად ვიყავი, ვიდრე დედიკოს მუცელში აღმოვჩნდებოდი?“ - რთული, საოცარი, ფილოსოფიური შეკითხვაც კი. ამ პიესაზე „უნგა კლარამ“ დრამატურგ და ბავშვთა ფსიქოთერაპევტ, ან-სოფი ბარანისთან ერთად იმუშავა. (შემდეგ ბარანიმ წიგნიც დაწერა ამავე სათაურით)

„ბეიბიდრამაზე“ მუშაობისას დასმა შეისწავლა ბავშვთა ფსიქოლოგიის შესწავლის ზოგიერთი ასპექტი, ეცნობოდნენ საბავშვო ლიტერატურასთან დაკავშირებულ უახლეს თეორიებს, მოწვეული ჰყავდათ მეანი/ბებიაქალი, რომელმაც სადადგმო ჯგუფს საგანგებო ლექცია ჩაუტარა მშობიარობის თემაზე. მსახიობებმა ერთ ექსპერიმენტშიც მიიღეს მონაწილეობა - რასაც „ტივტივა“ ჰქვია, ჩავიდნენ დახურულ რეზერვუარში, სადაც ადამიანს უწონადობის შეგრძნება ეუფლება, თითქოს დედის საშოშია. „ბეიბიდრამაზე“ მუშაობის პროცესში „უნგა კლარას“ დასი სამიზნე აუდიტორიასთან და საცდელ ჯგუფებთან მუშაობდა. ვინაიდან წარმოდგენა 6-12 თვის ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი (ასევე მათი მშობლებისთვის), რეჟისორი და შემოქმედებითი ჯგუფი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მაყურებლის რეაქციებს კონკრეტულ სცენებზე. ჩართულები იყვნენ თუ არა ბავშვები? აინტერესებდათ თუ არა? ხომ არ ეშინოდათ? დასმა გადაწყვიტა, რომ წარმოდგენას მხოლოდ 12 ბავშვი დაესწრებოდა (მათ თან ახლდა ერთი ან ორი უფროსი). ამგვარად ყველა ბავშვი კარგად დაინახავდა სცენას.

სპექტაკლის დაწყებამდე ყოველ მაყურებელს ფოიეში ეგებება მსახიობი, ბავშვთან კონტაქტს ამყარებენ, რათა შემდეგ თეატრალური შეხვედრა უფრო გაიოლდეს. ფოიეში მსახიობი ბავშვს ე.წ. „ჭიტას“ ეთამაშება, რითიც მასთან კონტაქტს ამყარებს და ასე ვთქვათ, თავს ამახსოვრებინებს. შემდეგ ყველა მსახიობი წითელი ქსოვილის ქვეშ იმალება და ჩინურ საბავშვო სიმღერას მღერიან, შიგადაშიგ ნაჭრიდან იჭყიტებიან. „ჭიტას“ პრინციპი წარმოდგენის მსვლელობისას რამდენჯერმე მეორდება. დარბაზში შემოსული მშობლები და ბავშვები სკამებზე სხდებიან, ზოგი პირდაპირ იატაკზე მოთავსდება. ერთი ბავშვი ბოთლიდან რძეს სვამს, მეორე ორცხობილას ლოღნის, ზოგი დაცოცავს, ზოგი კი ყურადღებით ათვალიერებს საინტერესო, უცხო გარემოს.


წარმოდგენის დასაწყისში სცენა მთლიანად დამალულია. თეთრი ფარდის გაწევისთანავე ჩდება ჯადოსნური სივრცე. კედლები წითელი ხავერდითაა მორთული. მსახიობები ჭერიდან ჩამოშვებულ, თოკივით დახვეულ წითელ ქსოვილში ეხვევიან, როგორც ემბრიონია გახვეული ჭიპლარში. ისინი საუბრობენ დედებზე და იმაზე, თუ რა გრძნობაა დედის საშოში ყოფნა და დაბადების მოლოდინი.

-         სად იყავი, ვიდრე დედიკოს მუცელში აღმოჩნდებოდი? გაინტერესებს, ხომ? - მსახიობი პირდაპირ ეკითხება თავის პატარა მაყურებელს.

-         ბავშვებს გარეთ გამოსვლა უნდათ, უფროსებს კი უკან დაბრუნება.

-         მუცელს რაღა უნდა?

-         მოიცა, გაჩუმდი და ნახავ. ახლა შეგიძლია აირჩიო ის ქალი და კაცი (წყვილი), ვისაც შვილი უნდა. მოდი, ჯერ დედიკოები ავარჩიოთ.

-         მარკუს, აი, ერთი კარგი დედიკო ვიპოვე. - მსახიობი ერთ-ერთ მაყურებელ-დედიკოს ამოირჩევს და მასთან მიირბენს. შემდეგ მსახიობები სხვადასხვა ბგერას გამოსცემენ თანაბარ რიტმში - რრრ... ბრრრ... შშშშ... და ასე შემდეგ.

-         აი, უკვე შეგიძლია აირჩიო. დედა და მამა. აბა შენ იცი, წარმატებას გისურვებ.

-         დე-და... მა-მა... დეეე-დააა... მაა-მააა....

ამ მონაკვეთში განსაკუთრებით საინტერესოა ბავშვების რეაქციები, ზოგი მსახიობთან ერთად იმეორებს ამ ბგერებს, ნაწილს კი ძალიან უხარია, იღიმის. ზოგი თავის მშობელს შეხედავს - თითქოს მზერით ეკითხება, შენც ხომ ხვდები, აქ რა ამბავი ხდებაო. 6-12 თვის ბავშვები სრულად ერთვებიან წარმოდგენაში და დიდი ინტერესით უცქერენ.


ზოგიერთ მსახიობ-ბავშვს დედის საშოდან მალე გამოძრომა და სამყაროს ნახვა ეჩქარება, ზოგი კი თავს კარგად გრძნობს იქ, სადაც არის. მალე დაბადების პროცესი იწყება და ისინი სათითაოდ ვარდებიან ამ ჩამოკიდებული წითელი ტროსებიდან. წითელი ქსოვილი
, რომელიც ერთგვარ ჭიპლარს წარმოადგენს, ზემოდან ვარდება, კედელზე გაკრული წითელი ხავერდიც ქრება და მსახიობი-ახალშობილები სამშბიარო ბლოკში აღმოჩნდებიან. ბავშვებს გარეთ გამოსვლა უნდათ, უფროსებს კი უკან დაბრუნება. წითელი, რბილი, გლუვი, კომფორტული გარემო იცვლება თეთრი, ასე ვთქვათ სტერილური და კუთხოვანი დეკორაციით.

-         სიცოცხლის საიდუმლოება. ამ ორ ადამიანსაც სურს ეს შეიმეცნოს. შეხედეთ. რა უნდათ მათ? რას აპირებენ?

-         სიცოცხლე. მინდა ვიცხოვრო.

-         რა მოსაწყენია.

-         შემომხედეთ, მინდა, გოგონა ვიყო.

-         მე კი მინდა, ბიჭი ვიყო.

წარმოდგენა რამდენიმე აქტადაა დაყოფილი. ზოგიერთ მონაკვეთში მაყურებელს ადგილს უცვლიან, ერთი ნაწილი კი მათ აქტიურ ჩართულობასაც გულისხმობს. ჭერიდან ჩამოდის წითელხავერდგადაკრული 5 საბავშვო ბაუნსერი, იმ ბავშვებს, ვისაც არც ცოცვა უნდა და ჯერ არც დადის, შეუძლიათ ამ პატარა სავარძლებში მოთავსდნენ. ეს მოქმედებებს შორის შუალედში ხდება. ამ დროს სცენაზე შემოაქვთ კალათა, სადაც აწყვია 6 ნიღაბი, ბავშვის სახით, ყველა იდენტური. მსახიობები ხელზე წამოიცვამენ ნიღბებს და ასე აცნობენ მათ ბავშვებს, თავდაპირველად სახეზე არ იკეთებენ, უჭირავთ როგორც თოჯინების თეატრის თოჯინები. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვებს ამ ნიღბებს კარგად გააცნობენ, იკეთებენ სახეზე. ეს იყო ერთგვარი მტკიცებულება იმ გავრცელებული აზრის გასაქარწყლებლად, რომ ჩვილ ბავშვებს ნიღბების ეშინიათ და რომ ნიღბოსნური სანახაობა „კლავს“ გამოხატვას, ემოციას. ოსტენი ამ მოსაზრებას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და თავის წარმოდგენაში საპირისპიროც დაამტკიცა. პირიქით, მან ერთგვარი კვლევაც ჩაატარა, დაინტერესდებოდნენ თუ არა პატარები თეატრალური ნიღბებით. მთელი შემოქმედებითი ჯგუფის გასაკვირად, ბავშვებსა და ნიღბებს (ნიღბის მიღმა მყოფ მსახიობებს) შორის საოცარი ურთიერთობა დამყარდა. ხშირად ბავშვები საუბარს გაუბამდნენ ნიღბიან მსახიობებს, ეძახდნენ, მათთან მეტი კომუნიკაცია სურდათ. ეს მომენტი განსაკუთრებით ემოციურია, რადგან სპექტაკლის ამ მონაკვეთში მსახიობი და მაყურებელი თითქოს ერთი-ერთზე, ინდივიდუალურ ურთიერთობაზე გადადის.

„თავდაპირველად პროექტს საკმაოდ სკეპტიკურად, ეჭვის თვალით ვუყურებდით - ამბობს ერთ-ერთი მსახიობი - როცა ამ ამბავს ვიწყებდით, ვიფიქრე, დიდ მითქმა-მოთქმას გამოიწვევს-მეთქი. ხალხს ეგონა, რომ ამას მხოლოდ ბავშვების გასართობად ვაკეთებდით. ჩემთვის წარმოვიდგენდი, რომ ბავშვები წინა რიგში ჩამომწკრივებული ცომის გუნდები იყვნენ, რადგან ასეთი პატარა ასაკის ბავშვს მაყურებლად ვერ აღვიქვამდი. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ ბავშვებს შეეშინდებოდათ და ტირილით გასკდებოდნენ, უმართავი ქაოსი იქნებოდა. ამ არეულობის მეშინოდა.“

მეორე მსახიობი: „ეჭვი არ მეპარებოდა, რომ საინტერესო რამ გამოვიდოდა, მაგრამ სათანადო ეფექტს თუ მივაღწევდით, არ მეგონა. როცა წარმოდგენის ერთი ნაწილი მაყურებელზე დავტესტეთ, ნამდვილი შოკი მივიღე. წითელი ქსოვილის ქვეშ ვისხედით და ვმღეროდით, პირველად რომ გამოვიჭყიტე, რამდენიმე ბავშვი დავინახე. 4 თუ 5 განსაკუთრებით ჩართული იყო, პირდაპირ მე მიყურებდნენ, თვალი თვალში გამისწორეს. ჩვეულებრივი მზერა კი არ იყო, ეს იყო კონცენტრაციის უდიდესი ნაკადი, რომელმაც თავიდან გამაშეშა. პირველი ფიქრი ასეთი მქონდა - ჰო, ეს ნამდვილად გაამართლებს. ყველაფერი კარგად იქნება. მათ ეს უნდათ, მათ ეს სჭირდებათ.“

სუსან ოსტენი აღნიშნავს, რომ მათი მიზანი იყო, წარმოდგენის არსით მშობლებიც დაინტერესებულიყვნენ; დაფიქრებულიყვნენ შვილების განცდებსა და ფიქრებზე. რეჟისორი განსაკუთრებული სიზუსტით აწარმოებდა ჩვილ მაყურებელზე დაკვირვებას: „ბავშვების ასეთი ყურადღება და ჩართულობა ხომ ჩვეულებრივი ამბავი არ არის. 12 ჩვილი ერთი მიმართულებით იყურება. ამ 12-დან 6 განსაკუთრებით კონცენტრირებულია და ზუსტად მიჰყვება მათ თვალწინ მიმდინარე მოვლენებს და მოქმედებებს, რასაც თან ახლავს მუსიკალური ან ხმოვანი ფონი. პატარებს აინტერესებთ ვიზუალური მხარე, თუმცა უმთავრესი მაინც არის ხმოვანი ნაწილი. 8 თვის ბავშვს სცენაზე მხოლოდ რამდენიმე დეტალის აღქმა შეუძლია. აინტერესებთ მსახიობების სახეები, სხეულები, აფიქსირებენ განცდებსაც. ეს ჩვენ მიერ გადაღებულ ვიდეოშიც კარგად ჩანს. როდესაც დავაფიქსირეთ, რომ ბავშვები ერთსა და იმავე ადგილას იცინიან, ისე გაგვიხარდა, როგორც აინშტაინმა გაიხარა ფარდობითობის თეორიის აღმოჩენით. ბავშვები მიჰყვებიან რიტმს, ხმის მოდულაციას, აღიქვამენ იუმორს და გრძნობას სიცილით გამოხატავენ.“

ასეთი მცირეწლოვანი აუდიტორიისთვის განკუთვნილი სპექტაკლი უჩვეულო მოვლენაა. კიდევ უფრო საოცარია, რომ ეს წარმოდგენა ისეთ ეგზისტენციალურ და ფილოსოფიურ თემებს ეხება, როგორიცაა სიცოცხლის, დაბადების, ცხოვრების საზრისი და მათი გააზრება. ამ წარმოდგენით სუსანე ოსტენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რა ძალა აქვს თეატრს და რაოდენ მნიშვნელოვანია თეატრი ბავშვებისთვის, მათ შორის ყველაზე მცირეწლოვანი აუდიტორიისთვისაც კი. 

სპექტაკლის რამდენიმე ეპიზოდის ნახვაც შეგიძლიათ, თუ ამ ბმულზე გადახვალთ 👇

 https://www.youtube.com/watch?v=bSw0EA_PD_c&t=8s

Comments

Popular posts from this blog

ნათელა ურუშაძე; დღიურები; რუსთაველის თეატრი;1966 წელი (ნაწილი პირველი)

ეროსი მანჯგალაძე „კაცი, რომელსაც სიცოცხლე ძლიერ უყვარდა“

ნათელა ურუშაძე; დღიურები, რუსთაველის თეატრი; თეატრალური ინსტიტუტი; 1966 წელი (ნაწილი მეორე)